„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, 19, 20 და 21 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური მანიფესტაციის მოწყობას არ გეგმავენ

„ნაციონალურ მოძრაობას“ ან ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ 19,20 ან 21 ოქტომბერს დედაქალაქში რაიმე მსვლელობა ან მანიფესტაცია დაგეგმილი არ აქვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზურაბ მელიქიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ პერიოდში მათი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დასავლეთ საქართველოში მართავს შეხვედრებს და შესაბამისად, „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებიც მასთან ერთად იქნებიან.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის დროს, სხვადასხვა ადგილებზე ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, წინასწარ ხდება ხოლმე ტექნიკური მიმართვიანობა მუნიციპალიტეტების მიმართ და თბილისის მერიის შემთხვევაშიც ასე მოხდა.

„გაუგებარია ეს ტექნიკური მიმართვა, რომელთან დაკავშირებითაც გაერთიანებულ ოპოზიციას არ გაუკეთებია განცხადება, რატომ გახდა მთავარი თემა ბატონი კალაძისთვის, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს ქალაქში მისახედი.

რაც შეეხება ნებისმიერი მსვლელობის უსაფრთხოებას, ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს და არა ივანიშვილის მიერ დანიშნული მერები და გამგებლები. უშუალოდ 19, 20, 21 ოქტომბერს კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შეხვედრებს მართავს დასავლეთ საქართველოში. ამასთან დაკავშირებითაც, შტაბიდან კონკრეტული ადგილები არის გაჟღერებული. თბილისში რა იქნება და როდის იქნება, ამასთან დაკავშირებითაც გაკეთდება კონკრეტული განცხადება“, - აღნიშნა მელიქიშვილმა.

19-20-21 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო მსვლელობისას, საჭიროების შემთხვევაში რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე გადაადგილება შეიზღუდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„25 სექტემბერს თბილისის მერიაში შემოვიდა წერილი „ნაციონალური მოძრაობისგან“. პარტია 19-20-21 ოქტომბერს 10:00-დან 18:00 საათამდე თბილისში, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გეგმავს წინასაარჩევნო შეკრებას და მსვლელობას. შეკრების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობად დასახელებულია 100 ათასი ადამიანი. აღნიშნული შეკრება გამოიწვევს მითითებულ ტერიტორიაზე საავტომობილო გზაზე გადაადგილების შეზღუდვას, ანუ გზა უნდა გადაიკეტოს. ჩვენს ქვეყანაში დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. არანაირი პრობლემა არ არის და შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ ყველაფერს, რომ ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. თუ იქნება საჭიროება, რომ გზა იყოს გადაკეტილი, გადაიკეტება და თუ ამის საჭიროება არ იქნება, შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს