თსუ-ში ხვალ საერთაშორისო კონფერენცია - „მედეა: ქალურობა, დედობა, სიყვარული და მრისხანება" გაიხსნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ, საერთაშორისო კონფერენცია - „მედეა: ქალურობა, დედობა, სიყვარული და მრისხანება" გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონფერენციის გახსნას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი თამარ გაგოშიძე, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრი ხათუნა ივანიშვილი, ქართველი და უცხოელი ფსიქოანალიტიკოსები დაესწრებიან.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგება 15 გამოჩენილი ფსიქოანალიტიკოსი, ასევე გაიმართება ვორქშოფები და კლინიკური შემთხვევების განხილვა. ღონისძიებაზე რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმის - “ნამე” ჩვენება და განხილვა, ასევე პერფორმანსი - "ცოცხალი ხელოვნება" გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ფსიქოთერაპევტები და სტუდენტები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან, რუსეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, ხორვატიიდან, ნიდერლანდებიდან, ფინეთიდან, ისრაელიდან.

კონფერენციის მიზანია, წარმოაჩინოს თანამედროვე ქალის ფსიქიკის ყველაზე სიღრმისეული ფენები ოჯახთან, შვილებთან, სიყვარულთან, სამშობლოსთან და მოვალეობებთან მისი დამოკიდებულების შესწავლის მიზნით. კონფერენციაზე ეს საკითხი განიხილება უძველესი სამყაროს კულტურული ფენომენის, ოქროს საწმისის მითის პერსონაჟის, მედეას სახის არაცნობიერი განზომილებების კვლევების საფუძველზე.

მსგავსი მასშტაბის პროექტი, რომელიც არაცნობიერის შესწავლას ეძღვნება, საქართველოში 1979 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. კონფერენციის პარტნიორები არიან: IPA საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის კომიტეტი - ქალები და ფსიქოანალიზი; საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპის საზოგადოება; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ღონისძიების ფარგლებში, დღეს, წინასაკონფერენციო ვორქშოფი გაიმართა. საერთაშორისო კონფერენცია - „მედეა: ქალურობა, დედობა, სიყვარული და მრისხანება" 20 ოქტომბერს დასრულდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს