დავით ბაქრაძე - სალომე ზურაბიშვილი ვერასდროს ვერ იქნება შერიგებაზე, დიალოგზე და გამთლიანებაზე ორიენტირებული პრეზიდენტი

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ბოლომდე გამოიწვიოს ხალხი და პრეზიდენტობის კანდიდატად წარუდგინოს ადამიანი, რომელიც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არის მიუღებელი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ სპორტის სასახლეში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს, ჩვენი საზოგადოება დადგა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, გამოწვევის, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ბოლომდე გამოსცადოს საზოგადოება, ბოლომდე გამოიწვიოს ხალხი და პრეზიდენტობის კანდიდატად წარუდგინოს ადამიანი, რომელიც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არის მიუღებელი; მიუღებელი არის მისი პოზიციისა და განცხადებების გამო, რომელიც პირდაპირ აზიანებს საქართველოს უსაფრთხოებასა და ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს; მიუღებელია მისი განცხადებების გამო, რომელიც ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს ერთმანეთთან პირდაპირ აპირისპირებს; მიუღებელია მისი შეხედულებების გამო, რომლის შედეგადაც ის ვერასდროს ვერ იქნება შერიგებაზე, დიალოგზე და გამთლიანებაზე ორიენტირებული პრეზიდენტი.

დიახ, მეგობრებო, დღეს ხელისუფლების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება არის გამოწვევა საზოგადოების და იმის გამოცდა, შეუძლია თუ არა ჩვენს საზოგადოებას აჩვენოს, რომ ჩვენ ვართ ღირსეული ადამიანები, რომლებიც ამ გამოცდას ღირსეულად გაივლიან და უარს ეტყვიან მას. დიახ, მეგობრებო, ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გამოცდა, ჩვენ უნდა ვუთხრათ უარი კანდიდატს, რომელიც არ გვინდა და მასთან ერთად უნდა ვუთხრათ უარი ამ ხელისუფლებას და მომავალში ყველა სხვა ხელისუფლებას, რომელიც წარმოიდგენს, რომ შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს, რომელიც წარმოიდგენს, რომ შეუძლია, ხალხს არ მიხედოს, ქვეყანა წინ არ წაიყვანოს, პრობლემები არ მოაგვაროს და მხოლოდ დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის, ფულის, სამსახურებიდან გაშვების ხარჯზე გააკეთოს ის, რაც უნდა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სალომე ზურაბიშვილი „ცუდთან შედარებით უკეთესი ალტერნატივაა“.

„ამ ხელისუფლებამაც და მომავალმა ხელისუფლებამაც უნდა ისწავლოს გაკვეთილი - საქართველოში ძალა ეკუთვნის ხალხს, ძალა არის ხალხში და ხალხი აჩვენებს ამ ძალას 28 ოქტომბერს. მაგრამ დავაკვირდეთ იმასაც, თუ რა არის ხელისუფლების ძირითადი არგუმენტი, რითიც ის ცდილობს, ჩვენი საზოგადოების დაშინებასა და დარწმუნებას, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ცუდთან შედარებით უკეთესი ალტერნატივაა. დიახ, ხელისუფლება დღეს ცდილობს, გვაჩვენოს, რომ ქართველებს არ გვაქვს კარგი არჩევანი, რომ ქართველებს არ გვაქვს მომავალზე ორიენტირებული არჩევანი და ჩვენი არჩევანი არის ცუდსა და უარესს შორის“, -განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, მისი გუნდის ამოცანაა: „არეულობა დავამარცხოთ სიმშვიდით, ჭაობი დავამარცხოთ განვითარებით, შიში დავამარცხოთ ერთიანობით, უნიათობა დავამარცხოთ საქმით და „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ „ევროპული საქართველოთი“.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია