ადვოკატი -  ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ იმ პროცესუალურ დარღვევებს, რომელიც მალხაზ კობაურის საქმეში არსებობდა

უვადო პატიმრობამისჯილი მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები აპირებენ, ვერდიქტი მეორე ინსტანციაში გაასაჩივრონ.

როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ ,,ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ისინი ერთი თვის ვადაში წერილობით გაამზადებენ არგუმენტაციას იმ პროცესუალურ დარღვებზე, რაც მათ ხელთ გააჩნიათ.

„ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ იმ პროცესუალურ დარღვევებს, რომელიც მალხაზ კობაურის საქმეში არსებობდა. მაგალითად, შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევა, სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა, ბრალდებულის უფლებების დარღვევა და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სააპელაციო სასამართლო აუცილებლად გაითვალისწინებს ჩვენს მსჯელობასა და არგუმენტაციას“, - განაცხადა ადვოკატმა.

უვადო პატიმრობას რაც შეეხება, ადვოკატის თქმით, კობაური #8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„იგი სამარტოო საკანში იქნება და დირექტორის თანხმობით, ოჯახის წევრებს უფლება ექნებათ, მოინახულონ პატიმარი. ისარგებლებს დარეკვისა და ბევრი სხვა უფლებით. კობაური, ფაქტია, რომ იბრძვის თავისი უდანაშაულობის დამტკიცებისთვის. იგი ჩვენი მეშვეობით ცდილობს თავისი სიმართლე დაამტკიცოს. პოლიტიკურ ჭრილშიც გადავიდა კობაურის საქმე, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა კონსულმა საქმის მიმდინარეობისას უამრავი საჯარო განცხადება გააკეთა და ვფიქრობ, ამითაც დაზიანდა მალხაზ კობაურის საქმეზე ობიექტური ვერდიქტის გამოტანა”, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა 25 მარტს, 4 საათიანი თათბირის შემდეგ, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის, ლორა სმიტის გაუპატიურებაშიც.

მალხაზ კობაურს მოსამართლემ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს