ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა. ახალი ფინანსთა მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. ლაშა ხუციშვილი ამ დრომდე ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

"მინდა წარმოგიდგინოთ ლაშა ხუციშვილი. ბატონი ლაშა დიდი ხანია ფინანსთა სამინისტროშია. ის ძალიან კარგად იცნობს სისტემას. კერძოდ, 2014 წლიდან მას ეკავა ფინასნთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და დიდი ოცეულის ასოცირებული პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრი. 2013-2014 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უფროსი. არის „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლის, პრინსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. მე მინდა ბატონ ლაშას წარმატებები ვუსურვო ფინანსთა მინისტრის რანგში და მჯერა წარმატებით გააგრძელებს თავის საქმიანობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მარტს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა.

შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მაჭავარიანს თანამდებობის დატოვების მიზეზი არ დაუსახელებია, მაგრამ განმარტა, რომ პოსტიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ წინ იყო კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადადო.

იხილეთ ვიდეო:ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს