ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2021

როგორ ავწიოთ დღიური აცრის მაჩვენებელი 3000-მდე

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ მემკვიდრეობად ურთულესი ეკონიმიკური მდგომარეობა მიიღო

ინფლაცია და დევალვაცია წელს ქვეყანასაც და მის მოსახლეობასაც “დაახრჩობს”

* * *

როგორ ავწიოთ დღიური აცრის მაჩვენებელი 3000-მდე

“იმისათვის, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბების თვალსაზრისით ქვეყანა შედეგზე გავიდეს, 24 საათში მინიმუმ 3000 აცრა უნდა გაკეთდეს, ბოლო მონაცემებით კი ეს ციფრი დღეში საშუალოდ 1000-ს შეადგენს - როგორ უნდა იქნას მიღწეული ეს ტემპი იმ პირობებში, როცა ანტივაქსერთა რიცხვი ჯერ კიდევ მაღალია. სულ ქვეყანაში აცრილია 11 603 ადამიანი, დღეში საშუალოდ გვაქვს 1000 აცრა, მაგრამ ეს ცოტაა - ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება სულ მინიმუმ 3000 აცრა დღეში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომელიც დასძენს, რომ ქვეყანაში უკვე სამყოფი ვაქცინაა და აცრების რიცხვის გაზრდა თავისუფლადაა შესაძლებელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ ავწიოთ დღიური აცრის მაჩვენებელი 3000-მდე / “სახლებს ქირაობენ და წვეულებებს მართავენ - თუ არაფერს არ ვცნობთ, მესამე ტალღა გადაგვივლის”.

“ახლა უკვე ვაქცინა არის სამყოფი - არის “ასტრაზენეკა”, არის “ფაიზერი” და ახლა უკვე შემოგვემატა ჩინური ვაქცინა “სინოფარმი”, ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ გავზარდოთ რიცხვი. დღეიდან 55 წელს ზემოთ მოსახლეობა ჩაერთო აცრებში, დაემატა ასევე ორგანოგადანერგილთა და დიალიზზე მყოფთა ჯგუფები და მინიმალური დანაკარგით უნდა ავცრათ მაქსიმალურად მოსახლეობა და გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაგვიჭიროთ მაქსიმალურად მხარი”, - განაცხადა გამყრელიძემ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯომარის მოადგილე ლადო კახაძე “რეზონანსთან” საუბარში ამბობს, რომ ამ ტემპის მისაღწევად ორი კომპონენტია საჭირო, ერთი ადამიანის გონიერად მოქმედება, მეორე კი ამის უზრუნველყოფა, რისთვისაც კომპლექსური მუშაობაა საჭირო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რასაც ამირანი ამბობს, ეს ყველაფერი მეცნიერულად დასაბუთებულია და ამას მხოლოდ ჩვენ კი არა, დედამიწაზე მეცნიერები ამბობენ, რომ იმ შედეგის მისაღწევად, რომელიც პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავებისთვისაა საჭირო, ანუ 70%-მდე აყვანა, ამ ტემპისთვის საჭიროა დღე-ღამეში არანაკლებ 3 ათასისა. ამას ორი კომპონენტი აქვს - ერთია ადამიანების გონიერი ქმედება, მეორე კი ამის უზრუნველყოფა. მსოფლიოში, ვიცით, რომ ოპერირების ველზე სხვადასხვა ვაქცინებია. იქ მეტ-ნაკლები ნდობის ფაქტორია - ანტივაქსერები, რაღაც შემთხვევები, ასევე ადამიანების ბევრი კითხვები, ამიტომ იმ გაიდლაინებით და პროტოკოლებით, რომელიც ხელისუფლებებმა და მათ შორის ჩვენც შევიმუშავეთ, თუ მოსახლეობის კეთილი ნება, ხვალინდელ დღეზე ფიქრი და გონიერი დამოკიდებულება იქნება, მაშინ ჩვენ გაგვაჩნია პოტენციალი და ჩვენი სახელმწიფო მზაობას გამოთქვამს, რომ ეს პროცედურა შეუფერხებლად წავიდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

“რაც შეეხება მომწოდებლებს, აგერ ჩინური ვაქცინაა, “ფაიზერია”, “ასტრაზენეკაა”, დარწმუნებული ვარ, რომ კოვაქსპლატფორმაზე განვითარების დონეზე მყოფ ქვეყნებს, ამერიკელი და ევროპელი სტრატეგიული მოკავშირეები ყურადღების გარეშე არ მიატოვებენ, ჩვენ მაინც გარესამყაროზე ვართ დამოკიდებულები, ვაქცინის რაოდენობას ჩვენთვის როგორ გამოიმეტებენ. თუ ამას დახვდება მზაობა, მოსახლეობის გულისყურიანი დამოკიდებულება, გამზადებული და სრულფასოვანი პროტოკოლების მეოხებით აცრის პროცედურა და მოწოდებული ვაქცინების რაოდენობის შევსება, ასე ვფიქრობ, რომ ეს ტემპი მიღწევადი უნდა იყოს. თუ სადღაც რომელიმე კომპონენტში ჩავარდნა იქნა, მაშინ ამ პროგრამას ჩამოვრჩებით. ამ პროგრამას რომ ჩამორჩები, მერე ეკონომიკის სრულ გახსნაზე საუბარი ცოტა გაგვიჭრდება, იმიტომ, რომ მხოლოდ შენ კი არ უნდა წახვიდე აცრილი, აქ რომ სტუმარი ჩამოვა იმასაც “მწვანე ქვეყანა” უნდა დაახვედრო. ეს პანდემიაა და ერთი ქვეყნის შიგნით მოსაგვარებელი საქმე არაა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ყველამ ყველა პლატფორმაზე უნდა ვითანამშრომლოთ, ექიმებმა, ჟურნალისტებმა, მეცნიერებმა და რასაკვირველია აქ მთავარი რწმენა და ნდობაა, რომელიც ამ საკითხის მოგვარებაში დაგვეხმარება, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნისთვის ყველას კარგი უნდა. მოდი ეს კარგი გავაერთიანოთ და ამ საქმეს გვირგვინი დავადგათ. ევროპა მესამე ტალღის წინაშე პირდაპირ დგას, იმიტომ, რომ გერმანია, საფრანგეთი, იტალია ბელგია, ყველა რეგიონი “ლოკდაუნშია”, ანუ, ფაქტია, რომ იქ მესამე ტალღაა. ჩვენ მესამე ტალღას როგორც ასეთი, არ გადაუფარივართ, მაგრამ ის, რომ გამოვლენის მაჩვენებელმა უკვე 2.4%-ს გადააჭარბა, უკვე ამის ნიშანია, რომ არასასურველი სცენარით მივდივართ. ყველა ადამიანს ცალკე პოლიციელს და ეპიდემიოლოგს ხომ ვერ დავუნიშნავთ. ნიღბის ტარების მაჩვენებელმა ძალიან ქვევით დაიწია, ეს პროცესიც მესმის, რომ არაა კომფორტული, მაგრამ ეს სივერაგე სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს”, - განმარტავს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯომარის მოადგილე.

“გული გამისკდა, როცა სოციალურ ქსელში ვნახე თუ როგორ იქცევიან, პარლამენტის ტრიბუნაზეც გავაჟღერე, სახლებს ქირაობენ და წვეულებებს მართავენ. თუ ჯინაზე ვცხოვრობთ და არაფერს არ ვცნობთ, მესამე ტალღა გადაგვივლის, რაც გამოუსწორებელი იქნება და ძალიან გაგვიჭირდება, იმის მაგივრად, რომ ეკონომიკა გავხსნათ და წინ გავიხედოთ, პირიქით - ჩავკეტავთ. წინა გამოვლენა 5 ათასი იყო და სისტემამ გაუძლო. მაგრამ ექიმები იძახიან დაგვინდეთო, თორემ შეიძლება მათაც მერე ვერ გაუძლონ, თუ პროფესიონალი და სპეციალისტი ვერ გაუძლებს, მერე გქონდეს მარტო საწოლები და ჟანგბადის აპარატები, თუ ექიმები არ გეყოლა, ვერაფერს გააკეთებ, ამიტომ ეს ერთობლივი შედეგია. ნათქვამი მაქვს, რომ უთოც რომ ჩართო, ყველგან კოვიდის შესახებ უნდა იყოს ლაპარაკი, არა შემაშინებელი დევნით, არამედ ახსნა-განმარტებით, შინაარსით. ჩვენ თითოეული ადამიანი ჩვენი ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამომყვანი უნდა ვიყოთ, ამიტომ ეს მხოლოდ კოორდინირებულად და ერთმანეთის პატივისცემით მიიღწევა”, - დაასკვნის ლადო კახაძე.

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ მემკვიდრეობად ურთულესი ეკონიმიკური მდგომარეობა მიიღო

“2-ჯერ შემცირებული ინვესტიციები, გაზრდილი ვალი, რომელიც მშპ-ს 60%-ს გადასცდა, სავაჭრო ბრუნვის შემცირება, უზომო ინფლაცია, ლარის კურსის ვარდნა, არარეალისტური პარამეტრებით დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტი - ეს ის სერიოზული გამოწვევებია, რაც უმძიმეს მემკვიდრეობად ერგო დღევანდელ მთავრობას წინამორბედისგან. პრემიერ-მინისტრი უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც მთავრობას ხელმძღვანელობს, თუმცა ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება და ოპოზიციასთან გაუთავებელი მოლაპარაკებები ხელს უშლის ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის წინა პლანზე წამოწევას. ეს მაშინ, როცა ახალი მთავრობისაგან მკვეთრ ნაბიჯებს მოელიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ მემკვიდრეობად ურთულესი ეკონიმიკური მდგომარეობა მიიღო.

“ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობის საილუსტრაციოდ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელიც კმარა, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ნომინალურად მხოლოდ 0,3%-ით გაიზარდა, რაც რეალურად 6.2%-ით შემცირებას ნიშნავს. ასევე გაზრდილია მთლიანი შიდა პროდუქტის დეფიციტი, რომელმაც 9.3%-ს მიაღწია. იგივე ტენდენცია გარძელდა წლეულს, პირველ კვარტალში: იანვარშიც, გასული წლის იანვართან შედარებით, კლებამ 11.5% შეადგინა. როგორი ვითარებაა მსოფლიოში, ისე ხდება საქართველოშიც. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკაზე რომ კატასტროფულად იმოქმედებდა და ეკონომიკის ვარდნა მოსალოდნელიც იყო, მიაჩნია ეკონომისტ სანდრო თვალჭრელიძეს. “ახლა ფინანსთა მინისტრი შეიცვალა და ვნახოთ, პრობლემებს როგორ გაუმკლავდება. ცხადია ის, რომ ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო არასწორად მუშაობდა. ძალიან ბევრს უსმენდნენ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს” - თვლის თვალჭრელიძე. ეკონიმიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე კი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის შოკების არიდების არანაირი გამოცდილება არამხოლოდ ჩვენს, არამედ მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის მთავრობას არ ჰქონდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პირიქით, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, გაცილებით დიდი გამოწვევა, ვიდრე იყოს 2007 წლის გლობალური კრიზისის დროს. პანდემიური ეკონომიკა არ იყო ადვილად პროგნოზირებადი, პირიქით, ვნახეთ ნაკლებ პროგნოზირებადობამ როგორი ზეგავლენა იქონია. მეორე ჩაკეტვა რომ არ ყოფილიყო, ჩვენ გაცილებით უფრო ნაკლები დანაკარგებით დავასრულებდით 2020 წელს. ეკონომიკის შეკუმშვა იქნებოდა გაცილებით ნაკლები. წლის შეჯამება ორ ფაზად უნდა გავყოთ: პირველი ჩაკეტვა, რომელიც გამოიწვია გლობალურმა შოკმა და რა მოხდა ეკონომიკის გახსნის შემდეგ და შემდეგ რა ხდებოდა წლის ბოლოს, რომელიც დაკავშირებული იყო არჩევნების შემდგომ პერიოდში მეორე ლოკდაუნთან. თუ აპრილსა და მაისში ვარდნა ძალიან დიდი იყო, უკვე სექტემბერში, კლება გადიოდა პოზიტიურ ტრენდზე. სამწუხაროდ, პანდემიის აფეთქებამ, რამაც ნოემბერში მეორე ლოკდაუნი გამოიწვია, დიდი დაღი დაასვა ჩვენს ეკონომიკას და 6%-იან კლებაში გავედით, თუმცა რომ არ ყოფილიყო მეორე ლოკდაუნი, ეკონომიკის შეკუმშვა 4%-ითაც არ მოხდებოდა... ჩემი აზრით, პანდემიისგან გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს დაძლევენ ის ქვეყნები, რომლებიც დროულად დაასრულებენ ვაქცინაციას“, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას გიორგი ცუცქირიძე.

“გასულ წელს საქართველოს საგადამხდელო ბალანსი, ანუ ქვეყანაში შემომამავლი და გამავალი სავალუტო ნაკადების მოცულობა 2-ჯერ გაიზარდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 12.3%, ანუ მინუს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ეს მაშინ, როცა 2019 წელს იგი მხოლოდ და მშპ-ის 5.1% და მინუს 891 მილიონი დოლარი იყო. გასული წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2018-2019 წლების მონაცემებთან შედარებით, 2-ჯერ ნაკლებია და მხოლოდ 617 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან საინტერესოა, რომ აქედან 561 მლნ დოლარი რეინვესტირებას წარმოადგენს. დარჩენილი 56 მლნ დოლარიდან მხოლოდ 9 მლნ დოლარია სააქციო კაპიტალის ზრდა და მისი დიდი ნაწილი 47 მლნ სესხსა და სავაჭრო კრედიტს წარმოადგენდა. 2020 წელს სახელმწიფო ვალი 10 მლრდ ლარით გაიზარდა, რაც პანდემიის დაძლევის ღონისძიებებისათვის იყო მოზიდული. შესაბამისად ვალის ფარდობამ მშპ-სთან დადგენილი ზღვარს - 60%-ს მიაღწია. მაგრამ, ვინაიდან საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება განისაზღვრა მთლიანი შიდა პროდუქტის 0.8%-ით, ახლა ჯამურად ეს ვალდებულებები მშპ-ის 60.8%-ს შეადგენს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეს მაშინ, როცა 2020 წლის მთავრობის ვალის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-თან 45%-ს შეადგენდა. ვალის ფარდობა მშპ-სთან 2019 წელს 42% იყო. ეროვნული ვალუტის კურსზე შემდგომი დაწოლის პირობებში, ვალის ფარდობითი მაჩვენებელი და ბიუჯეტისათვის მისი მომსახურების ტვირთი შეიძლება კვლავ გაიზარდოს, რაც რისკებს კიდევ უფრო გაზრდის. დღეის მდგომარეობით ბიუჯეტი უმძიმეს მდგომარეობაშია, დეფიციტი ძალიან მაღალ დონეზეა სამთავრობო ვალთან ერთად. იმისათვის, რომ სიტუაცია უმართავი არ გახდეს, საჭიროა მისი კორექტირება, - მიაჩნიათ ექსპერტებს. მთავრობას სერიოზული და საკმაოდ რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს დეფიციტის შესამცირებლად. როგორც კი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გამოქვეყნდა, აშკარა იყო, რომ მისი კორექტირება იქნებოდა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში, ბიზნესა და მოსახლეობას დიდი პრობლემა შეექმნებოდათ”, - დასძენს გამოცემა.

“პროფესორ თემურ ხომერიკს მიაჩნია, რომ ფინასთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სწორედ ლარის კურსსა და დაუბალანსებლად შედგენილ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს გადაჰყვა. მიღებული ბიუჯეტის ნეგატიური გავლენა დაეტყობა სამომხმარებლო ბაზარს, რადგან პარამეტრებში ჩადებული 3,3-იანი ნიშნული ვერ იქნება შენარჩუნებული. აქამდე მისი შენარჩუნება ხდებოდა ხელოვნურად. შესაბამისად ახალ მთავრობასა და პრემიერს, ფაქტობრივად, არც უკვე დამტკიცებული ბიუჯეტი გამოადგებათ და ყველაფრის კეთება თავიდან მოუწევთ. “ეკონომიკის ბევრი ფაქტორი უაღრესად ნეგატიურია. ინვესტიციები შემცირდა, შემოდინებები, გზავნილებს თუ არ ჩავთვლით უცხოეთიდან, მცირდებოდა. ცხადია, პერიოდულად გაზრდილი გზავნილები ვერ დააკომპენსირებდა ტურიზმიდან მიღებულ სავალუტო დანაკლისს. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ბიუჯეტს დეფიციტის მხრივ დიდი პრობლემა ემუქრება და ერთ-ერთი გამოსავალია მისი კორექტირება”, - თვლის თემურ ხომერიკი, რომლის განმარტებით “ამისთვის, მინიმუმ, 6 თვის შედეგი უნდა შეჯამდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

“2020 წელს საგადამხდელო ბალანსზე ყველაზე დიდი დარტმა ტურიზმის შემოსავლების 2.7 მილიარდით კლებამ იქონია. გასულ წელს საქართველოს მხოლოდ მილიონ 470 ათასამდე ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 81.3%-ით ნაკლებია, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 542 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 83.4%-ით (2 მილიარდ 727 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. თებერვალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები წლიურად 91%-ით შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. სპეციალისტების პროგნოზით, წელს საქართველოში, საერთაშორისო ტურიზმი, 2019 წლის 25%-ის დონეზე აღდგება, ხოლო 2022 წელს 90%-ს მიაღწევს, თუმცა ამას შეიძლება ვირუსის გავრცელების ახალ ტალღამ, ან დაგვიანებულმა ვაქცინაციამ შეუშალოს ხელი”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობას აქვს კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული ხედვა. “ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა გავააქტიუროთ ვაქცინაცია. ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ მოსახლეობა გამოვიდეს და რეალურად ამუშავდეს ბიზნესი და ეკონომიკა”, - ამბობს მთავრობის მეთაური. მისი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესისათვის ბარიერების მოხსნა. “ჩემი ხედვაა, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს, რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია როგორც ცენტრალური მთავრობის, ისე რეგიონების დონეზე. სწრაფი გადაწყვეტილებები და ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა - სახელმწიფო, ბიზნესი, მოქალაქე, ეს სამი სუბიექტი უნდა გავერთიანდეთ. დღეს არის გაერთიანების დრო, მეგობრებო, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. პრემიერ-მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ ქვეყნის განვითარების სამომავლო 10 წლიან გეგმას იგი მომდევნო 100 დღის ვადაში, მაისის ბოლოს წარადგენს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ინფლაცია და დევალვაცია წელს ქვეყანასაც და მის მოსახლეობასაც “დაახრჩობს”

“პანდემიის გამო დაუძლურებულ ეკონომიკას ლარის კურსი და ინფლაცია სერიოზულ პრობლემას უქმნის, საიდანაც გამოსვლის რეალური გეგმა ქვეყანას არ გააჩნია. ვხედავთ, რომ ვერც ინფლაციის მოთოკვა და ვერც კურსის დაჭერა ხერხდება. ასეთ პირობებში ქვეყნის ეკონომიკას განვითარება არ უწერია. ხალხი და ბიზნესიც კი გაკოტრებისთვის არის განწირული. “რეზონანსი” ექსპერტებთან ერთად შეეცადა გარკვევას, რა უნდა გაკეთდეს მოკლე ვადაში ინფლაციისა და დევალვაციის მოსათოკად. ისინი ითხოვენ, რომ სასწრაფოდ რამე გეგმა შემუშავდეს და ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს, რადგან თუკი მთავრობა დროულად ვერ ნახავს გამოსავალს, წლის ბოლოს კატასტროფა გველის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ინფლაცია და დევალვაცია წელს ქვეყანასაც და მის მოსახლეობასაც “დაახრჩობს” / “არაფერი გამოვა, თუ ეროვნული ბანკი ფულის ბეჭდვის პროცესს არ შეაჩერებს”.

“წლიურმა ინფლაციის განაკვეთმა მარტში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 2.4-ჯერ გადააჭარბა და 7.2%-ს მიაღწია. ლარის ვარდნის პირობებში უახლოეს მომავალში ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდაა მოსალოდნელი. მართალია გასულ წელს ეროვნული ვალუტა უფრო სწრაფად გაუფასურდა, მაგრამ ის ნაწილობრივ ნავთობზე ფასების 70%-იანმა შემცირებამ დააკომპენსირა, წელს ნავთობი 22 დოლარის ნაცვლად, 65 დოლარი ღირს, ლარის კურსი კი 3.40-ს აჭარბებს. როგორც “კომერსანტი” წერს, ფასების მკვეთრი ზრდა ენერგორესურსებზე იანვრიდან დაიწყო. ფიზიკური პირებისთვის ელექტროენერგია 18-24 პროცენტით გაძვირდა. კომერციული მომხმარებლებისთვის 55-70 პროცენტით. წყალი შესაბამისად 16 და 48 პროცენტით. დამატებით 28%-ით გაუძვირდათ ბუნებრივი გაზი კომერიულ მომხმარებლებს. იმის გამო, რომ ბიუჯეტი 4 თვის განმავლობაში ფიზიკურ პირებს კომუნალურ გადასახადებს უფარავდა, “საქსტატმა” გაძვირება გაიაფებად შერაცხა, რამაც შექმა იმის ილუზია, რომ თითქოს იანვარ-თებერვალში ინფლაციის განაკვეთი 2.8 და 3.6 პროცენტს შეადგენდა. უწყებამ სპეციალური განმარტებაც გაავრცელა და მეთოდოლოგია იმით ახსნა, რომ მოქალაქეებს საფასურის გადახდა საკუთარი ჯიბიდან არ უწევდათ, თუმცა არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რატომ შეცვალა მეთოდოლოგია დეკემბრიდან, მაშინ როცა სუბსიდირების პროგრამა ნოემბრიდან დაიწყო და ზუსტად ისეთივე პროგრამა 2020 წლის მარტიდან მაისის ჩათვლითაც მოქმედებდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი აღნიშნავს, რომ ინფლაცია და კურსის გაუფასურება 2 სხვადასხვა პრობლემაა. მაგალითად, ფული თუ უფასურდება, არ ნიშნავს აუცილებლად, რომ ინფლაციაში გადაიზრდება და პირიქით. ბოლო წლებია, ეროვნული ბანკი ძალიან მაღალი ტემპით ბეჭდავს ფულს. ფულის მასის აგრეგატები უფრო და უფრო იზრდება და ეს არის ინფლაციის ერთ-ერთი მიზეზი. რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, პირდაპირ უკავშირდება დოლარის შემოდინება-გადინების პროცესს, რა მხრივაც რთული მდგომარეობაა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მთავარი პრობლემაა, რომ დოლარი არ შემოდის ქვეყანაში. სებ-ზე მეტად ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც მაქსიმალურად უნდა ქმნიდეს ისეთ ეკონომიკურ გარემოს, რომ მეტი მყარი ვალუტა შემოდიოდეს. ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრობლემაა ფულის მასის ზრდა, რომელიც ინფლაციის მასტიმულირებელია. მთავრობაც და ეროვნულ ბანკიც უშვებენ შეცდომებს, სწორედ მათ ეკისრება პასუხიმგებლობა შექმნილი სიტუაციის გამო. ეკონომიკას დიდ პრობლემას უქმნის ბიუროკრატიული ხარჯი, რომელიც საქართველოს შემთხვევაში უპრეცენდენტოდ მაღალია. თუ გვინდა, რომ ეკონომიკა ჩიხიდან გამოვიდეს, რეგულაციები უნდა მოიხსნას. ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა. ხელისუფლების მხრიდან პრინციპულად არაფრის დათმობა არ ხდება, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. მინიშნებაც კი არ არის, რომ ფისკალური პოლიტიკა გადაიხედება. არც რეგულაციების მოხსნას აპირებს. არაფერი გამოვა, თუ ეროვნული ბანკი ფულის ბეჭდვის პროცესს არ შეაჩერებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ხორგუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ინფლაციის და კურსის არასტაბილურობის მხრივ საქართველოს პოზიციები რეგიონში საკმაოდ არასახარბიელოა. უმუშევრობის მაჩვენებლების მიხედვით, რეგიონში სწორედ საქართველო ლიდერობს, ხოლო წლიური ინფლაციის დონით მეორე ადგილზეა. ამის შესახებ ეკონიმიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ნიკა შენგელიამ განაცხადა. პანდემიის გამოცხადებიდან 1 წლის თავზე მან რეგიონის ეკონომიკა მიმოიხილა”, - დასძენს გამოცემა.

“აზერბაიჯანში, 2021 წლის თებერვლის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ 3,7% შეადგინა, სამომხმარებლო ინფლაცია 4,9%-ია, უმუშევრობის დონე 5%-ის ფარგლებშია და ქვეყანაში მოქმედებს 6,25%-იანი საპროცენტო განაკვეთი. სომხეთში, 2021 წლის თებერვლის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ შეადგინა 5,3%, სამომხმარებლო ინფლაციამ - 7,8%, საბაზო ინფლაცია, 2021 წლის იანვრის მონაცემებით, 4,7%-ია უმუშევრობის დონე (2020 წლის მე 3 კვარტლის) მონაცემებით, 18.1%. ქვეყანაში მოქმედებს 5,5%-იანი საპროცენტო განაკვეთი. რუსეთში, 2021 წლის თებერვლის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციის დონემ 5,67% შეადგინა, სამომხმარებლო ინფლაცია - 7,62%-ია, საბაზო ინფლაცია კი - 5,04%, უმუშევრობამ 5,7% შეადგინა, ქვეყანაში მოქმედებს 4,5%-იანი საპროცენტო განაკვეთი. თურქეთში, 2021 წლის თებერვლის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციის დონემ 15,67% შეადგინა, საბაზო ინფლაცია - 16,21%-ია, ხოლო სამომხმარებლო ინფლაცია 18,4% -ს შეადგენს. 2021 წლის იანვრის მონაცემებით უმუშევრობა, 12,2%-მდეა გაზრდილი და ქვეყანაში ამ დროისათვის მოქმედებს 19%-იანი საპროცენტო განაკვეთი”, - განმარტავს გამოცემასთან საუბრისას ნიკა შენგელია.

“ინფლაცია საქართველოში კიდევ გაიზრდება და არანაირი პირობა არ არსებობს, რომ იგი მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. ,მაღალი ინფლაცია გამოიწვევს იმას, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გვექნება. ველოდები, რომ მონეტარული პოლიტიკა 9,5%-მდეც გამკაცრდეს. ეს, ცხადია, კიდევ უფრო გაუძვირებს სესხს ბიზნესს და გარკვეულწილად იმოქმედებს ფასებზე. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება მოსახლეობა, რადგან გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო გაუჭირდება პროდუქტის ყიდვა. კარგი იქნებოდა, ეროვნულ ბანკს ინტერვენციები უფრო ადრე და მეტი მოცულობებით განეხორციელებინა. ახლა კურსიც და ინფლაციაც შორს წავიდა, რაზეც ფსიქოლოგიური ფაქტორიც მოქმედებს. ეროვნული ბანკი ინტერვენციას ყოველთვის აგვიანებს, არადა იცის, რომ მაინც მოუწევს, საბოლოოდ დიდი მოცულობით რეზერვების ხარჯვა, თანაც დაცემულ კურსს ამით დიდად ვერ უშველის. სებ-ის უშუალო ვალდებულებაა ფასების სტაბილურობა და ვხედავთ, რომ გვაქვს კატასტროფული გაძვირებაა”, - დაასკვნის შენგელია.

“საქსტატის” დაანგარიშებით, მარტში წყალმომარაგებაზე ფასები - 58%-ით, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე კი 51%-ით გაიზარდა, რამაც თვის 4.2%-იან ინფლაციაში 2.97 პროცენტული პუნქტით ჰპოვა ასახვა. მარტიდან მართალია ბიუჯეტი მოსახლეობას კომუნალურ გადასახადებს მთლიანად აღარ უხდის, მაგრამ უფარავს გაძვირებულ სხვაობას. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამჟამადაც ფიქრობს, რომ ფასნამატის სუბსიდირების გამო გაძვირება ინფლაციაში შესატანი არ უნდა იყოს”, - წერს სტატიის ავტორი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს