პარლამენტის 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა შეწყვიტა

საქართველოს პარლამენტის 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა შეწყვიტა. აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მინაშვილის განმარტებით, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა.

„მთავარი საზრუნავი საკითხი, რომელიც ჰქონდა თითოეულ ჩვენგანს და ეხებოდა პარტიის ლიდერის ჯანმრთელობას, ამ ეტაპისთვის გადაწყდა სასიკეთოდ, ამიტომ ჩვენ ვწყვეტთ შიმშილობას. პოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპზე ეს არის წარმატება. ეს წარმატება მოიტანა იმ პრინციპულობამ და შემართებამ, რაც მთელმა საზოგადოებამ გამოიჩინა ბოლო პერიოდის განმავლობაში. პირველ რიგში, ამ წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი აქვს მიხეილ სააკაშვილს თავის გამბედაობით და ბრძოლის მაგალითით. ასევე, მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ელენე ხოშტარიას და პაატა ბურჭულაძეს, რომელიც არის საქართველოს სახე ქვეყნის გარეთ. მისი მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მადლობა იმ ადამიანებს ვინც საქართველოს მასშტაბით შიმშილობდნენ და გამოხატავდნენ სოლიდარობას პრეზიდენტის მიმართ“, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გორის ჰოსპიტალში გადაყვანა წარმატება იყო, აუცილებელია პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება მშვიდობიანი, მაგრამ საპროტესტო მეთოდებით, რათა მიაღწიონ საბოლოო შედეგს - ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნას.

"მიუხედავად ამისა, ეს არ არის ბრძოლის და პოლიტიკური ომის დასასრული. გადავდივართ მთავარ და გადამწყვეტ ეტაპზე, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ განხორციელდეს აუცილებელი რეფორმები. იყოს სამართლიანი გარემო, სადაც ადამიანს ექნება ეკონომიკური წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. ეს არის ვადამდელი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს სამართლიან გარემოში და არ უნდა იყოს „ქართული ოცნების“ გაყალბების ბერკეტები. მიხეილ სააკაშვილისთვისაც პრიორიტეტული ეს არის, რომ ქვეყანა ჭაობიდან ამოვიდეს და ცვლილებები განხორციელდეს. მისთვის არ არის მთავარი რომელ საპყრობილეში იქნება. ყველა ჩვენგანის მთავარი მიზანია პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება მშვიდობიანი, მაგრამ საპროტესტო მეთოდებით რათა მივაღწიოთ საბოლოო შედეგს, რაც ქვეყნის გადარჩენას ნიშნავს. რამდენიმე თვეში იქნება მიღებული გადაწყვეტილება თუ რა მიმართულებით წავა ჩვენი ქვეყანა", - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა 14 ნოემბერს დაიწყო. პარლამენტის წევრები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ. შიმშილობა გამოაცხადეს დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა და აბდულა ისმაილოვმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს