„ლაგუნა ვერესთან" 2 პირის - კონსტანტინე ქობულიასა და ვახტანგ გურგენიძის მკვლელობისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლაგუნა ვერესთან" 2 პირის - კონსტანტინე ქობულიასა და ვახტანგ გურგენიძის მკვლელობისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული 4 ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - კობა მეტრეველის, გიორგი გელოვანის, გიორგი ასლანიშვილისა და გიორგი პეტრუშკოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ბრალდების მხარე ყველა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

გიორგი გელოვანის ადვოკატი, თამარ აბესაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, გიორგი ასლანიშვილის ადვოკატი 5 000-ლარიანი გირაოს, გიორგი პეტრუშკოვის ადვოკატი კი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ კობა მეტრეველს, მისი უფლებადამცველი სასამართლოს გირაოს ფორმალურად შესთავაზებს.

ცნობისთვის, 3 აპრილს, თბილისში, "ლაგუნა ვერესთან", გიორგი ქველიაშვილის კუთვნილი საგზაო კომპანიის ოფისში, სადაც ორმხრივი სროლა იყო, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, 2 პირი - კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე კი მოკლეს. კონსტანტინე ქობულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმა იყო.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ქველიაშვილის ოფისში კონსტანტინე ქობულიასთან და ვახტანგ გურგენიძესთან სასაუბროდ მათი ნაცნობი - ბიზნესმენი მარლენ მეტონიძე 17 ადამიანთან ერთად მივიდა, რომელთაგანაც 5 პირი მისი პირადი დაცვა იყო. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონსტანტინე ქობულიამ ბიზნესმენ მეტონიძისა და მისი თანმხლები პირების მისამართით გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მარლენ მეტონიძე, ოთარ ბარკალაია და დავით ცისკარიშვილი დაიჭრნენ. აღნიშნული დაპირისპირებისას ბიზნესმენის დაცვის წევრმა კობა მეტრეველმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რასაც კონსტანტინე ქობულიას სიცოცხლე ემსხვერპლა. დაუდგენელია პირი, რომლის გასროლითაც ვახტანგ გურგენიძე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მარლენ მეტონიძე შეხვედრის ადგილზე ჯავშანჟილეტით იყო მისული. დაუზუსტებელი ცნობით, ოფისში, სადაც სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირები მივიდნენ, იატაკზე პოლიეთილენის ცელოფნები იყო მოფენილი, რაც შესაძლოა, მკვლელობის წინასწარ განზრახვაზე მიუთითებდეს.

კონფლიქტში დაახლოებით, 20 პირი მონაწილეობდა. პროკურატურა შესაძლო დამნაშავე პირთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს.

საერთო ჯამში, საქმეზე 5 პირია დაკავებული, მათ შორის, განსაკუთებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს გიორგი გელოვანი, გიორგი ასლანიშვილი, გიორგი პეტრუშკოვი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით - დაკავებულია კობა მეტრეველი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კი, გიორგი ქველიაშვილი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს