პარტია ,,საქართველოსთვის” საპარლამენტო გუნდის წევრები გიორგი ხოჯევანიშვილი და მიხეილ დაუშვილი ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს, გიორგი ოკრიბელაშვილს და საპარლამენტო ლობისტს, ზაალ სარაჯიშვილს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.
პარლამენტის წევრებმა კონსულტაციები გაიარეს ემიგრანტებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლის საფუძველზეც პარლამენტში რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას განახორციელებენ. ეს ინიციატივებია: საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ოფიციალური დოკუმენტების, მათ შორის პასპორტის საფასურების გათანაბრება.
ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, ემიგრაციიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 15 000 ლარის (1998 წელს დადგენილი ოდენობა) ნაცვლად 30 000 ლარის ქონების იმპორტის გადასახადიდან გათავისუფლება მოხდება. ასევე, საქართველოს თანამემამულის სტატუსის მქონე პირებს, რომლებსაც აქვთ სხვა ქვეყნის მოქალქეობა, საქართველოში გაჩერების/დარჩენის უფლება ჰქონდეთ თანამემამულის სტატუსის ქონის პერიოდით (არ შეიზღუდონ 30 დღიანი ვადით)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.