ამირან გამყრელიძე - სიმართლის ელემენტი არ არის იმაში, რომ საქართველომ ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებაში შეიძლება „ვიღაცას“ კოჭი გაუგოროს

მე რა ინფორმაციაც მაქვს, ჭორია, რომ შეიძლება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ლუგარი გამოეყოს, ან ისევ მოხდეს მისი რეორგანიზაცია. ასევე სიმართლის ელემენტი არ არის იმაში, რომ შეიძლება ვიღაცას კოჭი გაეგოროს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აქვს საფუძველი ეჭვებს, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებაში რუსეთის სურვილები შეიძლება გათვალისწინებული იყოს.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, რუსეთის მხრიდან გარკვეული პრეტენზიები ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით იყო და არის, რასაც მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს.

„ეს ღმერთმა არ ქნას. ლუგარის ლაბორატორია არის საქართველოს საგანძური. მე ამაყი ვარ იმით, რომ 2001-2003 წლებში გარკვეული როლი მიმიძღვის ამ დიდი პროგრამის საქართველოში დაწყებაში, როდესაც მოიაზრებოდა ქვეყანაში ლუგარის ლაბორატორიის შექმნა და განვითარება. ყველაზე მთავარია ბოლო 10 წელი, როდესაც ლუგარის ლაბორატორია დაუბრუნდა დაავადებათა კონტროლის ცენტრს. გარკვეული პერიოდი მიდიოდა პინგ-პონგის თამაში, ხან ერთი უწყების იყო, ხან მეორესი და ვერ ფუნქციონირებდა. სწორედ 2013 წელს დაუბრუნდა ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და სრულად ამუშავდა. ლუგარის ლაბორატორიამ სერიოზული როლი ითამაშა ქვეყნის ბიოლოგიურ და სამედიცინო უსაფრთხოებაში. ის გახლავთ უნიკალური ლაბორატორია ჩვენი რეალობისთვის, ეს დავინახეთ პანდემიის, „C ჰეპატიტის“ ელიმინაციის და ათობით საერთაშორისო პროექტების განხორციელების დროს. ის გახლავთ დღეს რეგიონული ჰაბი, სადაც ბევრი ქვეყნის წარმომადგელები ჩამოდიან გამოცდილების გასაზიარებლად და ტრეინინგებისთვის. შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე ჩემი ვიდეოჩანაწერი, თუ როგორ იქმნებოდა და რას აკეთებს ლუგარის ლაბორატორია.

რაც შეეხება იმას, რომ რუსეთის მხრიდან გარკვეული პრეტენზიები იყო და არის, ამას მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს. ეს ასევე არის რუსეთის „თეთრი“ თუ როგორიც გინდათ დაარქვით, შური. ჩემი კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი დიდ დამსახურებად მიმაჩნია ამ პროგრამის საქართველოში დაწყებაში მონაწილეობა და ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირება. რაც შეეხება რუსეთის მუდმივ აპელირებას იმაზე, რომ იქ რაღაც კეთდება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მოგონილია სხვადასხვა მიზეზის გამო. რუსეთის „ შური“ უკავშირდება შემდეგს: თუ ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტიკისთვის ადრე მოსკოვში, ან ლენინგრადში (სანკტ-პეტერბუგში) ვაგზავნიდით ნიმუშებს, ახლა რატომ არა? ჩვენ შეგვიძლია იმ ტიპის სამეცნიერო-სადიაგნოსტიკო კვლევების ჩატარება, რასაც რუსეთის ნებისმიერი მაღალგანვითარებული ინსტიტუტი აკეთებს, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტიც შეგვიძლია. თუნდაც, „С ჰეპატიტის“ ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოს სავიზიტო ბარათია ყველგან. საქართველო 12 ქვეყანას შორის განიხილება ერთ-ერთ მოწინავე და სამაგალითო ქვეყნად, აქ დიდი როლი აქვს ლუგარის ლაბორატორიას. სწორედ ჩემი ცენტრიდან წამოსვლამდე რამოდენიმე დღით ადრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიანიჭა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სათანამშრომლო ცენტრის სტატუსი ჰეპატიტებში, რაც ძალიან მნიშველოვანი აღიარებაა და ლუგარის ლაბორატორიის როლი აქ სერიოზულია. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ვფიქრობ, ჭორია, რომ შეიძლება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ლუგარი გამოეყოს, ან ისევ მოხდეს მისი რეორგანიზაცია. ასევე სიმართლის ელემენტი არ უნდა იყოს იმაში, რომ შეიძლება ვიღაცას კოჭი გაეგოროს... ლუგარის ლაბორატორია ქვეყნის საგანძურია, პირიქით კიდევ უნდა განვითარდეს. მაისში მქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, სადაც რამდენიმე ახალი დიდი ინიციატივა-პროექტი განვიხილეთ, რაც საქართველოში უნდა განვითარებულიყო ან დაწყებულიყო, მათ შორის იყო ლუგარის ლაბორატორიის შემდგომი განვითარება. მოგეხსენებათ, ჩვენ იქ გვაქვს გენომიკური სერიოზული კვლევები, რომელიც პანდემიის დროს ძალიან გავაძლიერეთ. დიდი გეგმები გვქონდა ამ მიმართულებით განვითარებაზე. არის შეპირება, რომ ეს განხორციელდება. დიდი იმედი მაქვს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელობა ამ პროექტს განახორციელებს. მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნე არის პრევენციისა და ადამიანის გენომის საუკუნე, გენომზე დამყარებული დიაგნოსტიკის და კვლევების საუკუნე. დარწმუნებული ვარ, გენომის ეროვნული პროექტი ქვეყანაში განხორციელდება, საწყისი ძირითადი ბაზა იქნება ლუგარი. ამ პროექტს სჭირდება მრავალმხრივი მხარდაჭერა“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემული ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს