სერგო ჩიხლაძე - "ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 6%-ით არის შემცირებული - IRI-ის კვლევაც ადასტურებს ჩვენს სისწორეს, რომ თუ ძალების კონსოლიდირება, გაერთიანება მოხდება, უფრო მეტი შანსი იქნება, სიტუაციის გადასატეხად

IRI-ის ეს კვლევაც ადასტურებს ჩვენს სისწორეს, რასაც ვამბობთ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“, რომ თუ ძალების კონსოლიდირება მოხდება, გაერთიანება მოხდება, უფრო მეტი შანსი იქნება, სიტუაციის გადასატეხად , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

სერგო ჩიხლაძის განცხადებით, კვლევა რეალობას ასახავს და აქ არც გასაბრაზებელია რაიმე და არც არასანდო.

„აქ არც გასაბრაზებელია რაიმე და არც არასანდო. პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციები ჩანს ამ კვლევაში. კვლევის შედეგები სახარბიელო არაა ხელისუფლებისთვის, მაგრამ ზოგადად სახარბიელო არ არის ქვეყნისთვის თუ შეხედავთ გაჭირვებას, უიმედობას, პრობლემებს, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ასახელებს. ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ კვლევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები: როგორ ვითარდება ქვეყანა, როგორია ინსტიტუციების ნდობა და ვხედავთ კატასტროფულ ვარდნას, დაწყებული პრეზიდენტის ინსტიტუტიდან, დამთავრებული პარლამენტით და სხვებით.

ეს ასახავს რეალობას, გასაგებია, რომ როდესაც მოხდება გადანაწილება ამ ხმების, ალოკაცია და რეალურ ფორმატში გადმოტანა, რიცხვები, რა თქმა უნდა, იცვლება, მაგრამ რაც შეიძლება დასკვნა გავაკეთო არის ის, რომ ქვეყანა ერთმნიშვნელოვნად არასწორი მიმართულებით ვითარდება და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ბოლო კვლევასთან შედარებით, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ იყო, 6%-ით არის შემცირებული.

მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ჯამურად ოპოზიციური პარტიების რეიტინგი აღემატება „ქართული ოცნების“ რეიტინგს და ზუსტად ამას ვამბობდით, რომ ჯამურად, ჩვენი, სამი პარტიის, რომლებიც მჭიდრო კოორდინაციაში ვართ, ერთიან ფორმატში ვმოქმედებთ, ჩვენი მხარდაჭერა შვიდი პროცენტია, მეორე არჩევანი რვა პროცენტი, ამიტომ, ჩემი აზრით, ეს კვლევაც ადასტურებს ჩვენს სისწორეს, რასაც ვამბობთ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“, რომ თუ ძალების კონსოლიდირება მოხდება, გაერთიანება მოხდება, უფრო მეტი შანსი იქნება, სიტუაციის გადასატეხად, რასაც ჰქვია პრორუსული „ქართული ოცნების“ დამარცხება და ევროპული მომავლის მოპოვება“ , - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციისთვის, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ამ კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 25%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 12%; საქართველოსთვის - გიორგი გახარია - 3%; გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 3%; სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე - 2%; დროა - ელენე ხოშტარია - 2%; ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი - 2%; ხალხისთვის - ანა დოლიძე - 2%; გირჩი - 2%; პატრიოტთა ალიანსი - დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი - 2%; ლელო - 1%; მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%; კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო - 1%; სხვები - 2%; გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი - 11%; ხმას არ მივცემდი - 6%; არ ვიცი - 16%; უარი პასუხზე - 7%.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია