იოსებ კეჭაყმაძის საკომპოზიტორო შემოქმედება და ფონდი „ქართული გალობა“

31 იანვარს საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობასა“ და კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის ინტელექტუალური შემოქმედების მემკვიდრე - ეკატერინე კეჭაყმაძეს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მოხდება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, იოსებ კეჭაყმაძის სრული საკომპოზიტორო შემოქმედების გამოსაცემად მომზადება და დაბეჭდვა. გამოცემათა სერია მოიცავს კომპოზიტორის როგორც უცნობ, ისე ფართო საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობ ნიმუშებს. სერია ხელმისაწვდომი იქნება ბიბლიოთეკებისთვის, მუსიკალური სასწავლებლებისთვის, დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.

ამ პროექტით ფონდი „ქართული გალობის“ არსებობის ათწლიან ისტორიაში ახალი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება, რომელიც ტრადიციულთან ერთად, უკვე ქართული პროფესიული მუსიკის სფეროს მოიცავს.

ღონისძიებაზე ფონდ „ქართული გალობის“ გენერალურმა დირექტორმა, ნანა გოთუამ აღნიშნა: “სიმბოლურია, რომ ქართულ პროფესიულ მუსიკასთან დაკავშირებული ფონდის პირველი პროექტი ჩვენი თანამედროვეობის საგუნდო მუსიკის დიდოსტატის, იოსებ კეჭაყმაძის შემოქმედებას ეძღვნება. როგორც მოგეხსენებათ, ბატონი იოსები ცნობილი გურული მომღერალ-მგალობლების ივლიანე და ქრისტეფორე კეჭაყმაძეების ერთსაუკუნოვანი მუსიკალური ტრადიციის გამგრძელებელი გახლდათ. მისი შემოქმედება ქართული საგუნდო ხელოვნების სრულიად ახალ მწვერვალებს ფარავს და საერთაშორისო მნიშვნელობას ძენს. მადლიერი ვართ ეკატერინე კეჭაყმაძის, რომ ამ ისტორიულ გამოცემაში ჩართვის შესაძლებლობა მოგვეცა.”

ღონისძიებას ესწრებოდნენ: კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე, გუნდის დირიჟორი ლია ჭონიშვილი, მუსიკისმცოდნეები: მანანა ახმეტელი, ლალი სეთურიძე, მარიკა ნადარეიშვილი, თამარ ჩხეიძე. კომპოზიტორის ნაწარმოებები შეასრულა ანსამბლმა “ბასიანი”.

„სმარტ კაპიტალ ჯგუფში“ შემავალი „ფონდი ქართული გალობა“ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორია. ფონდი 2012 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა. ფონდის ძირითადი საქმიანობა ქართული გალობის კვლევა, მგალობლების აღზრდა და ქართული კულტურის ამ მნიშვნელოვანი და უძველესი მიმართულების პოპულარიზაციაა.

(R)

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს