ცენტრალური საარჩევნო კომისია 2 აგვისტოს, სხდომაზე საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხს განიხილავს,- ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათი ცნობით, სხდომის დღის წესრიგის თანახმად არჩევნები პირველ ოქტომბერს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატისა და გურჯაანის მერის ასარჩევად ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.
„საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება არჩევნებს. ამ არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ ერთხელ პრაქტიკაში კარგად დავაკვირდეთ და შევისწავლოთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. შესაბამისად კიდევ უფრო კარგად მოვემზადოთ 2024 წლის საერთო არჩევნებისთვის.
შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3% მიიღებს. დანარჩენ უბნებზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. მომავალ არჩევნებთან დაკავშირებულ დანარჩენ დეტალებს საარჩევნო ადმინისტრაცია ორი აგვისტოს სხდომის დასრულების შემდეგ წარადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.