გიორგი ვაშაძე - ჩინეთთან მიმართებაში პროცესები იმიტომ დაჩქარდა, რომ რუსეთი ჩინეთის გავლით კვლავ შემოძვრეს ანაკლიის პორტის პროექტში

აბსოლუტური ბლეფი მგონია „ქართული ოცნებისგან“ იმაზე საუბარი, რომ ახლა დაიწყებს ანაკლიის პორტის მშენებლობას ჩინელებთან ერთად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ჩინეთის რეგიონში გააქტიურებას ცდილობს, რადგან მისი მიზანი რუსეთ-თურქეთის ბლოკთან გაერთიანებაა.

„ეს არის ბლეფი და ტყუილი იმიტომ, რომ ესენი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან არიან ანგარიშვალდებული და პუტინის დავალებას ასრულებენ. რა არის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა? მათ უნდათ, რომ ერთ ადგილზე შეუძვრენენ ჩინეთ-რუსეთის ვერ შემდგარ ბლოკს. ესაა რეალური შინაარსი ამ ყველაფრის. ფიქრობენ, რომ მხოლოდ რუსეთზე ჩამოკიდება საკმარისი არ არის და იქნებ ჩინეთი როგორმე გააქტიურონ რეგიონში.

პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან ხომ გამორიცხულია. დემოკრატიული წესწყობილება არ არის ჩინეთში და რას ნიშნავს პოლიტიკური თანამშრომლობა? რას ნიშნავს მმართველობის პრინციპების გადმოღება საქართველოში. ჩვენ რა, ბიძინა ივანიშვილს მაო ძედუნად არჩევას ვაპირებთ? „ქართული ოცნების“ კომუნისტური პარტიის სტილში გარდაქმნას ფიქრობს ვინმე საქართველოში?“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, რეალურად ანაკლიის პორტის მშენებლობას ჩინეთის საფარ ქვეშ მყოფი რუსული კომპანია დაიწყებს, რომელიც პროცესს იქამდე გააჭიანურებს, სანამ რუსეთი ევროპას ნოვოროსიისკის პორტისთვის სანქციების მოხსნას არ აიძულებს.

„ჩინეთთან მიმართებაში პროცესები იმიტომ დაჩქარდა, რომ რუსეთი რაღაცნაირად ჩინეთის გავლით კვლავ შემოძვრეს პროექტში. რატომ უნდა რუსეთს შემოძრომა? იმიტომ, რომ ნოვოროსიისკის პორტი ფაქტობრივად დაიხურება და ჩიხური პორტი ხდება, მას ტვირთბრუნვაზე აქვს სანქციები დადებული. ანაკლია, ფოთი და ბათუმი ხდება აზიის მიმართულებით მიწოდების ალტერნატიულიო წყარო და პირიქით ევროპის მიმართულებითაც. თუ ამას რუსული კომპანია ჩინურ საფარქვეშ გააკონტროლებს, ასეთ შემთხვევაში შეეცდებიან, რომ გაწელონ პროექტის რეალიზება, რომ იქნებ აიძულონ დასავლეთი, რომ ნოვოროსიისკის პორტი გახსნან, ესაა მთელი შინაარსი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი