ქართული პრესის მიმოხილვა 15.09.2023

ექნება თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ოპოზიციის ხმები

4 კვირა გაფართოების ანგარიშამდე და 3 თვე საბოლოო პასუხამდე - კიდევ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

***

ექნება თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ოპოზიციის ხმები

„ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის სერიოზულად ემზადება და „თითოეულ ხმას ითვლის", რის გამოც ენმ ინიციატივით გამოდის, რომ კენჭისყრისას დარბაზში არცერთი ოპოზიციონერი არ შევიდეს, რომელიც საჯაროდ უარს ამბობს ხმის მიცემაზე. ეს კი თავად „ნაცმოძრაობაში" საკამათო თემა გახდა, რომ ეს ერთმანეთის უნდობლობას ნიშნავს. „ოცნების" წევრები კი საჯარო განცხადებებში ამბობენ, რომ ოპოზიციონერებს ხვეწნას არ დაუწყებენ“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ექნება თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ოპოზიციის ხმები

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ოპოზიციას შეეძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით რთული სვლები გაეკეთებინა, თუმცა, მარტივი თამაში გადაწყვიტა და ნაკლებდმოსალოდნელია, რომ პრეზიდენტის გადაყენებას მხარი დაუჭიროს. ამასთან, დიდი ალბათობით ეს პროცესი თუ სალომე ზურაბიშვილის გადაყენებით დასრულდა, ევროკავშირის კანდიდადტის სტატუსზე კარგად არ აისახება. მათი თქმით, „ოცნებას" ასი ხმის მოგროვება ძალიან გაუჭირდება. თუ ოპოზიციიდან რომელიმემ დაუჭირა მხარი, ეს ნიშნავს, რომ მისთვის პოლიტიკური კარიერა დასრულდება, ეს კი „არავის არ უღირს". ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მიიღებს. მიაჩნიათ, რომ ესაა „ქართული ოცნების" „რაშიც არცერთმა პროევროპულმა პარტიამ მას მხარი არ უნდა დაუჭიროს. იმის გათვალისწინებით, რომ თანამდებობის პირის იმპიჩმენტით გადაყენება ფარულია, ენმ-ს მენეჯმენტს აქვს ინიციატივა, რომ ოპოზიცია დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, რაც „ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა წევრმა და ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს ერთმანეთის უნდობლობაა“, - აღნიშნავს გამოცემა.

„როგორც ღია განცხადებებიდან ირკვევა, ენმ-ს გარდა, იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს „სტრატეგია აღმაშენებელი", „ლელო", გახარიას „საქართველოსთვის", „გირჩი", მოქალაქეები", მხარდაჭერაზე საჯარო უარს ამბობენ დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილიც, თუმცა, მიუხედავად ამისა ოპოზიციურ ფლანგზე არ გამორიცხავენ, რომ „ოცნებამ" ცალკეული დეპუტატების გადაბირება შეძლოს და საბოლოოდ იმპიჩმენტი გააფორმოს. იმპიჩმენტისთვის მინიმუმ 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. საპარლამენტო უმრავლესობაში „ხალხის ძალის" ჩათვლით 84 დეპუტატია, 4 მანდატი კი ფრიდონ ინჯიას „ევროპელი სოცილაისტებს" ეკუთვნით, რომელთა მხარდაჭერა უმრავლესობას დიდი ალბათობით ექნება. რჩება 12 ხმა, „ოცნება" კი ღიად აცხადებს, რომ ოპოზიციას ამის გამო „ხვეწნას არ დაუწყებს". პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენება 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რამდენიმე დღის წინ კი მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში 50-ზე მეტი დეპუტატის ხელისმოწერით შეიტანა წარდგინება, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს“, - განაგრძობს გამოცემა.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის პოზიციაა, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მიიღებს. „თავად მოიგონა ბიძინა ივანიშვილმა, რუსულმა პარტიამ მისივე ხელდასმული პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ეს ქალბატონი არავის აურჩევია, დასვეს კრიმინალურად. მოჰპარეს ხალხს არჩევნები და ისეა ქალბატონი ზურაბიშვილი არჩეული. „ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია არის ის, რომ ამ იმპიჩმენტში, ამ სიგიჟეში, თავად რომ მოიგონეს და ბიძინა ივანიშვილმა თავად რომ დადგა, მონაწილეობას არ ვაპირებთ. ეს არის პარტიის, ფრაქციის გადაწყვეტილება. პოლიტიკური საბჭო ამაზე იმსჯელებს და საბოლოოდ ეს გაფორმდება", - განაცხადა ხაბეიშვილმა. „ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ „ლელო" არ დაესწრება კენჭისყრას, თუ ასეთი იქნება ოპოზიციის შეთანხმება. „დღეს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი არის ევროპული დღის წესრიგის საბოტაჟის შემადგენელი ნაბიჯი, ამიტომ ნებისმიერი ოპოზიციონერი, რომელიც მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს, ჩართული იქნება „ქართულ ოცნებასთან" ერთად ევროპული დღის წესრიგის საბოტაჟში და დარწმუნებული ვარ, ამისთვის აღებული ექნება ანაზღაურება, რადგან პირდაპირი გზით მოსყიდვის გარეშე, არ მჯერა, რომ პარლამენტში მოიძებნება ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც ამას მხარს დაუჭერს. კენჭისყრა არის ფარული, ამიტომ ინიციატივა, რომ ოპოზიცია საერთოდ არ დაესწროს კენჭისყრას, გასაგებია. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, თუ ამაზე ოპოზიცია შეთანხმდება, ჩვენ არ დავესწრებით კენჭისყრას", - განაცხადა სამადაშვილმა. „მოქალაქებეის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი აცხადებს, რომ ვინც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ის რუსულ საქმეს გააკეთებს. „როგორც ჩანს, "ქართული ოცნებისთვის" თითოეულ ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის მნიშვნელობა აქვს დავით სერგეენკოს ხმასაც. ყველაზე დიდი საფრთხე "ნაციონალურ მოძრაობაშია". "ნაციონალური მოძრაობა" როგორც შეუძლია, ერთის მხრივ ზურაბიშვილს და მეორეს მხრივ "ქართულ ოცნებას" ევაჭრება - ახლა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მაჭუტაძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა“, - დასძენს გამოცემა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციას შეეძლო რთული თამაში ეთამაშა, თუმცა, როგორც ჩანს მარტივი გზა არჩიეს და დიდი ალბათობით ჩააგდებენ. „თუ იმას ვივარაუდებთ, რომ ოპოზიციას რთული ჩანაფიქრი აქვს, წესით იმპიჩმენტი არ უნდა ჩაშალონ, რადგან თუკი ზურაბიშვილს გადააყენებენ, ეს „ოცნებას" დაბრალდება. ინიციატორი ის იყო და ხმების ძირითადი ნაწილი მისი იქნება, ოპოზიციას კი შესაძლებლობა ექნება მთელს მსოფლიოს ამცნოს, რომ რუსეთთან„ოცნების" სიმპათიის გამო,იმპიჩმენტი გამოუცხადეს პრეზიდენტს, რომელიც რუსეთის მიმართ სიფრთხილეს იჩენდა. იმპიჩმენტის გამოცხადება შესაძლოა ოპოზიციის ხელში პოლიტიკურ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი გახდეს. „ოცნების" მხრიდან ითქვა, რომ იმპიჩმენტი ფორმალურიაო და თუ ოპოზიციას ეს რთული ჩანაფიქრი აქვს, მაშინ „ოცნებიდან" მცირე ჯგუფმა უნდა მისცეს ხმა, იმდენმა, რომ ოპოზიციის ხმების დამატებაც არ ეყოს და ჩავარდეს - ასეთი სცენარიც დასაშვებია, თუმცა, ეს ძალიან რთული თამაში იქნებოდა. „როგორც ჩანს ოპოზიცია უფრო მარტივ თამაშს თამაშობს - ხელისუფლებამ იმპიჩმენტის პროცედურა შემოიტანა და ჩვენ მხარი არ დავუჭიროთ და მთავარია ერთმანეთი შევამოწმოთ იმაზე, რომ ვინ დაუჭერს მხარს და ვინ არაო. ამდაგვარი თამაშის პირობებში კი დიდია იმის შანსი, რომ იმპიჩმენტი ჩავარდეს, მაგრამ, მერე ოპოზიციისთვის ეს პოლიტიკურად ეფექტური არ იქნება. „იმ „ჩახვეული ჭადრაკის" მოთამაშეები კი, რაც ზემოთ აღვნიშნე, როგორც ჩანს ჩვენს პოლიტიკაში არ არიან, თორემ უფრო რთული პოლიტიკა გვექნებოდა. თვითონ „ოცნებამაც" მარტივი სვლა გააკეთა, როცა პრეზიდენტის იმპიჩმენტი წამოიწყო. შეეძლო უფრო რთული სვლებით ეთამაშა, ზურაბიშვილისთვის ვოიაჟის უფლება მიეცა და მერე თუ რამე დაშავდებოდა, იმპიჩმენტი მერე გამოეყენებინა. „ამ დროს ესენი ადგნენ და იმპიჩმენტის პროცესი დაიწყეს, რაც საქართველოსთვის ახლა სახიფათოა, რადგან დასავლეთმა არ ჩათვალოს, რომ საქართველომ ეს რუსეთის მოტივით გააკეთა. ჩანს, რომ „ოცნების" მიზანი ის იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტიციის დარღვევა დაადგინოს და ამასთან, მოქმედ და მომავალ პრეზიდენტებს იმის განცდა გაუჩნდეთ, რომ იმპიჩმენტი მიეწევათ",-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან", - წერს გამოცემა.

„შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ოპოზიციამ იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს. „ნაკლებდმოსალოდნელია, რომ ოპოზიციამ იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს. „ოცნებას" ასი ხმის მოგროვება ძალიან გაუჭირდება. თუ ოპოზიციიდან რომელიმემ დაუჭირა მხარი, ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანისთვის პოლიტიკური კარიერა დასრულდება. ეს ადამიანები ვერც „ოცნებაში ვერ გაწევრიანდებიან და ოპოზიციური პარტიების დატოვებაც მოუწევთ. ეს კი არც არავის არ უღირს და არც არავინ აპირებს. „უმჯობესია, რომ ოპოზიცია კენჭისყრაზე არავინ არ შევიდეს, რადგან დარბაზში რომ იყვნენ, შესაძლოა უცებ ვინმემ მისცეს ხმა. სჯობს პროცედურას ბოიკოტი გამოუცხადონ. თუ იმპიჩმენტი ჩავარდა, პოლიტიკური დავა გაგრძელდება და ეს უფრო საინფორმაციო ომი იქნება, ხელისუფლების მიზანი პრეზიდენტის და ოპოზიციის დისკრედიტაციაა",-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან", - წერს სტატიის ავტორი.

4 კვირა გაფართოების ანგარიშამდე და 3 თვე საბოლოო პასუხამდე - კიდევ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

“ევროკომისიის ანგარიშამდე 4 კვირაა დარჩენილი, 3 თვე საბოლოო პასუხამდე მოგვანიჭებს თუ არა ვეროკავშირი კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. მანამდე კი საქართველოში ევროკავშირის საელჩოსგან ცნობილი ხდება, რომ განსაკუთრებით პროგრესს მოელიან დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, 4 კვირა გაფართოების ანგარიშამდე და 3 თვე საბოლოო პასუხამდე - კიდევ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

„აღნიშნულ საკითხზე ანალიტიკოსთა აზრი ორგვარია, ნაწილი ფიქრობს, რომ თუკი „ქართულ ოცნებას" პოლიტიკური სურვილი აქვს, დარჩენილი პუნქტების ერთ კვირაში შესრულება შეუძლია, თუმცა, თუ ეს პუნქტები ღია დარჩა, სტატუსს მოგვცემენ, მაგრამ „საშემოდგომოს გამოგვაყოლებენ". ნაწილი ანალიტიკოსების პროგნოზი კი 50/50-ზეა, მათი თქმით, კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება წმინდად პოლიტიკურია, თუმცა, საქართველოს თითქმის ყველა პუნქტში პროგრესი აქვს. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ, ევროკავშირი განსაკუთრებით მოელის პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ივნისის ბოლოს მოხდა ზეპირი განახლება და როგორც იცით, ევროკომისიამ შეაფასა, რომ 12 პრიორიტეტიდან 3 სრულად იყო შესრულებული. ივნისის ბოლოდან რამდენიმე თვეა გასული. პროგრესი არის და შეფასება მოხდება ერთ თვეში. ველოდებით გაფართოების ანგარიშს. აშკარაა, რომ პროგრესი მიღწეულია ზოგიერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ იყო შესრულებული. „რამდენიმე კვირა კიდევ დარჩენილია და ვიმედოვნებთ, რომ ყველა ჩაერთვება, მუშაობა გაძლიერდება და გაფართოების ანგარიშის წარდგენამდე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მიღწევა მოხდება. ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც თქვენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან, ჯოზეფ ბორელისგან მოისმინეთ, ჩვენ განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და ზოგადად, რაც შეიძლება მეტ პროგრესს ყველა ფრონტზე. „ჯერ კიდევ არის რამდენიმე კვირა დარჩენილი გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებამდე, რომელსაც, დაახლოებით, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის უნდა ველოდოთ და შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს, რომლებიც დეკემბრის ბოლოს გამართავენ შეხვედრას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების დონეზე და გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ", - აღნიშნა ელჩმა. ევროკავშირის ელჩისვე თქმით, „არ სურს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა", თუმცა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა „ხელს არ უწყობს საქართველოს გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით". პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ ყველა ძალა მობილიზებული იქნება იქითკენ, რომ პროგრესი იქნას მიღწეული“, - განაგრძობს გამოცემა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას" თუ პოლიტიკური ნება ექნება აღნიშნული პუნქტების შესრულება ერთ კვირაში შეუძლია. „ქართულ ოცნებას" არა მხოლოდ ამ პუნქტების, არამედ სხვა საკითხების შესრულება ერთ კვირაში შეუძლია, თუკი ნება და პოლიტიკური სურვილი აქვს. დარჩენილი დრო სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ეს თემები განხილულიც იქნას, გადაწყვეტილიც და მიღებულიც. ოღონდ არა მგონია, რომ „ოცნებამ" ეს ყველაფერი გააკეთოს. ეს ის თემებია, ყოველ შემთხვევაში აქედან ერთი-ორი მაინც, რომლის არშესრულების შედეგად სტსტუსს კი მოგვცემენ, მაგრამ, შემდგომ შესასრულებელი იქნება და დავალებად დაგვრჩება. „სტატუსს მოგვცემენ, თუმცა, იმ პირობით, რომ აღნიშნულ თემებზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. „საშემოდგომოს" გამოგვაყოლებენ და „ქართულმა ოცნებამ" უნდა შეასრულოს ისე, როგორც საჭიროა და არა ისე, როგორც მას ჰგონია, რომ შეასრულა",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან", - დასძენს გამოცემა.

„ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნება, თუმცა 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. „ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და საქართველოს შანსები 50/50-ზეა. დეპოლარიზაციაზე ისე აქტიურად აღარ საუბრობენ. დეოლიგარქიზაციაზეც გარკვეული გაუგებრობაა, როცა ჩვენ უკრაინული მოდელი გადმოვიღეთ რატომღაც არ მოეწონათ, ვენეციის კომისიასა და ევროკომისიას შორის უთანხმოება იყო ვარგა თუ არა ეს კანონპროექტი. „საბოლოო ჯამში, წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუ ევროკავშირს სურს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მყარად იდგეს, დესტრუქციული ოპოზიციის არეულობის მცდელობები არ იყოს და საქართველოში რუსული პროპაგანდის კიდევ უფრო წინ წაწევას ხელი რომ არ შეეწყოს, ის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რაც შარშანდელიდან მოყოლებული დამსახურებულად გვეკუთვნის. „აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში მედიის ჭარბი თავისუფლება გვაქვს. ასევე არის ჭარბი დეზინფორმაცია, რასაც თუნდაც ევროკავშირის კანონმდებლობით ბოლო უნდა მოეღოს.თუნდაც ის მაგალითი რომ გავიხსენოთ, როცა აშშ-ს სამხედრო ბაზაზე ძალიან ცუდი ტყუილი გაავრცელეს. „რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, აქაც აღინიშნა რომ ეს პროცესი ტალღობრივად მიდის, რომელსაც გარკვეული დრო სჭშირდება, ეს ოთხ თვესა და ერთ წელში არ წყდება. ასევე უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც დღემდე სასამართლო მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში არიან, ამიტომაც საქართველოსთვის უდიოდესი თამასის დაწესება არ შეიძლება, რომელიც ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით, ახალი დამოუკიდებელი ქვეყანაა",-განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან", - წერს სტატიის ავტორი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო