დავით უსუფაშვილი - კობახიძემ ზურაბიშვილის პლაკატებს თავისი პლაკატები გადააკრა და გვეუბნებოდა, აირჩიეთ, თორემ "დაიქცევა ქვეყანა", ახლა გვეუბნება, უნდა გავუშვათ, თორემ "დაიქცევა ქვეყანა" - პრეზიდენტისთვის რომ დაეჯერებინათ, მჭლე სამიანს არ მივიღებდით

კობახიძეს თავის დროზე ეფიქრა, როცა სალომე ზურაბიშვილის პლაკატებს თავისი პლაკატები გადააკრა ზედ და გვეუბნებოდა, აირჩიეთ ეს პრეზიდენტი, თორემ დაიქცევა ქვეყანაო, ახლა გვეუბნება, ეს პრეზიდენტი სასწრაფოდ უნდა გავუშვათ, თორემ დაიქცევა ქვეყანაო , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

როგორც უსუფაშვილი განმარტავს, პრეზიდენტის ქმედებები მაღალი სტანდარტის სახელმწიფოებრივი ინტერესის შესაბამისია.

„მგონი, ეს 3 დღე, მართლაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაგვენახა სინამდვილეში რაშია საქმე. მმართველმა პარტიამ საკმაოდ მკაფიოდ გამოკვეთა თავისი პოზიცია. ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტი არ არის ღირსი პრეზიდენტი იყოს: „არ ვენდობით, რაღაცებში ეჭვი გვეპარება, პერსონალურად არ მოგვწონს და ამიტომ ვუშლით საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს“. მათ უბრალოდ ავიწყდებათ, რომ კონსტიტუციაში ასეთი არაფერი წერია. ხალხი წყვეტს ვინ იქნება პრეზიდენტი. კობახიძეს ამაზე თავის დროზე ეფიქრა, როცა სალომე ზურაბიშვილის პლაკატებს თავისი პლაკატები გადააკრა ზედ და გვეუბნებოდა, აირჩიეთ ეს პრეზიდენტი, თორემ "დაიქცევა ქვეყანა", ახლა გვეუბნება, ეს პრეზიდენტი სასწრაფოდ უნდა გავუშვათ, თორემ "დაიქცევა ქვეყანა". მის დაკრულზე მაშინ რომ იცეკვა, ვინც იცეკვა, ხომ კარგი დაგვიჯდა და ახლა კიდევ კობახიძის და ზმართველი პარტიის სურვილებზე და ჟინიანობაზე უნდა იყოს დამოკიდებული? - არა.

მეორე მხრივ, ჩვენ დავინახეთ, რომ პრეზიდენტის საქმიანობის კონკრეტული ეპიზოდი, ის ნაბიჯები, რის გამოც მას კონსტიტუციის დარღვევაში სდებენ ბრალს, ყველაზე მაღალი სტანდარტის სახელმწიფოებრივი ინტერესის შესაბამისი ქმედებები იყო... იურიდიული, სამართლებრივი თვალსაზრისით, „ლელოს“ აზრით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ხელისუფლების პოზიცია. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში წერილობით წარვადგინეთ სამართლებრივი დასკვნა, რატომ არ არის [პრეზიდენტის ქმედებები] კონსტიტუციის დარღვევა. ამ კონკრეტულ პროცესში კარგად ვიცით, რომ სასამართლო გამოიტანს არა გადაწყვეტილებას, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, არამედ დასკვნას, რომელიც პარლამენტისთვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.

პრეზიდენტის მოქმედებები და პოზიციები ისეთივე უნისონში რომ იყოს მმართველი პარტიის ლიდერების პოზიციებთან, როგორც ეს პირველი 3-4 წლის განმავლობაში იყო, მაშინ, ირაკლი კობახიძე პირადად და პერსონალურად, ისევე გადაეფარებოდა სალომე ზურაბიშვილს ამბრაზურასავით წინ, როგორც ფარცხალაძესთანაა გადაფარებული. ამ პროცესში ფარცხალაძეს იცავენ ყველა გზით და საშუალებით, ეროვნულ ბანკში ჩატარებული ოპერაციებით დაწყებული და პრეზიდენტს იმპიჩმენტს უპირებენ, რადგან მისი პოზიციები აღარ მოგვწონსო. რატომ არ მოსწონთ? პრეზიდენტმა თქვა, რეკომენდაციებს მთავრობა არ ასრულებსო, მთავრობა ამბობს, ამით მან საქართველოს საქმე დააზიანაო, მაშინ, როცა, პრეზიდენტისთვის რომ დაეჯერებინათ და რეკომენდაციები შეესრულებინათ, ივნისში შუალედურ შეფასებაში მჭლე სამიანს არ მივიღებდით“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე განმარტებით, „ლელო“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

კითხვაზე, აწარმოებს თუ არა მმართველი გუნდი აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებს, უსუფაშვილი ასე პასუხობს:

„მეორე საკითხი - ვინმე რამეს ხომ არ აპირებს? „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, გამალებული შრომობს იმისთვის, რომ ხმები მოიპოვოს. ამის ინდიკატორი იყო დავით სერგეენკოსთვის კონსტიტუციის დარღვევით მანდატის არ შეწყვეტა, რადგან თუ მას მანდატს შეუწყვეტდნენ, უმრავლესობას ხმა დააკლდებოდა. თავად სერგეენკო რას იზამს კრიტიკულ მომენტში, ვერ გეტყვით. რომელიმე პარტიასთან თუ აქვთ მოლაპარაკებები, მცდელობები და ა.შ. ამაზე ვერაფერს გეტყვით. თუ ვინმე ირწმუნება, რომ მან იცის, რომ ეს უკვე მომხდარია, იმას მაგონებს, სუს-ი რომ გვეუბნება, ვიცით აგერ არის დამნაშავეთა ჯგუფი, კარვები უნდა ააფეთქონო, თუ ეს ასეა, მაშინ ამას შესაბამისი მტკიცებულება, დადასტურება უნდა მოჰყვეს. არ ველოდები, რომ პარლამენტში იმპიჩმენტის ხმები მოგროვდება. ეს სრულად არის გამორიცხული? არ არის სრულად გამორიცხული, რადგან შესაძლოა, ვიღაცამ ჩათვალოს, რომ მისთვის პოლიტიკური კარიერის დასასრული ახლა არის, მეტი აღარაფერი აინტერესებს და ეს ნაბიჯი გადადგას, „ლელოზე“ პასუხს ვაგებ, დანარჩენების იმედი მაქვს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

გარდა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული საკითხებისა, მან გადაცემაში ისაუბრა შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცებაზე.

„ამ კანონპროექტით მმართველი პარტია საკუთარ თავზე იდგამს დაცვის დროებით კონსტრუქციას. ეს სრული ნონსენსია, კიდევ უფრო დიდი ნონსენსია ის კონტექსტი, რა პირობებშიც მოხდა ამ კანონის მიღება. სუს-მა გვითხრა, ვიცით ადამიანები, ვისაც ეს გეგმა აქვთ, რომ კარვები ააფეთქონო, ეს თუ იციან, დღეს თუ პარლამენტში მივიღებდით კანონს, ეს კანონი გააჩერებს იმ ხალხს ამ ბოროტი ზრახვისგან? კარავში შეტანილი ასაფეთქებლით შეუძლიათ მარტო ბოროტმოქმედება ჩაიდინონ? და ზურგჩანთა რომ მოიკიდონ, შემოვიდნენ და იქ დააგდონ, მაშინ რა ვქნათ? სუს-ისგან რომ გავრცელდეს ინფორმაცია, კარვები რადგან ავკრძალეთ, ახლა ავტობუსებში აპირებენ აფეთქებასო, მერე რა ვქნათ, ავტობუსები ავკრძალოთ? თუ დამნაშავე დავაკავოთ, ვინც რამე ცუდს აპირებს? მორიგ ჯერზე, გაზაფხულობით და შემოდგომაზე, სუს-ი მმართველი პოლიტიკური ძალის პროპაგანდისტული დაკვეთის შესრულებას იწყებს, იმავე მავნე ტრადიციებით, როგორც ეს ორგანოები სააკაშვილის მმართველობის დროს იქცეოდნენ. როგორ შეიძლება რევოლუცია მოდიოდეს? რევოლუცია თუ სადმე ხდება, ეს ხელისუფლების უგუნურობის გამო ხდება. არ მინდა, ამ ქვეყანაში ვნახო რევოლუციური, ან ნახევრად რევოლუციური ცვლილებები, რაც თავის თავში უმძიმეს პრობლემებს ატარებს. რევოლუციის მზადებაზე არანაკლები მძიმე, პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი დანაშაულია რევოლუციის თემით სპეკულირება, სახელმწიფო გადატრიალების თემით სპეკულირება, როცა ეს კონკრეტულ მტკიცებულებებს არ ეფუძნება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო