ნიკოლოზ სამხარაძე - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განვიხილეთ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელოვან როლზე და ასამბლეასთან საქართველოს თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში ეუთო-ს როლს.

ნიკოლოზ სამხარაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.

შეხვედრისას განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის პროცესში საქართველოს როლი.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და განსაკუთრებული ხაზი გავუსვით რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებას. ყურადღება გამახვილდა მომდევნო წელს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლაზე", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და გადადგმული ნაბიჯები.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მიულოცა ევროკომისიის მიერ პოზიტიური რეკომენდაციის მიღება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი მაკა ბოჭორიშვილი და საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-ში, ქეთევან ციხელაშვილი მონაწილეობდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს