ვასო ურუშაძე - საქართველოში ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების საუკუნოვანი გამოცდილებაა, რასაც ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების იდეის რეალობად ქცევა შეუძლია

ძალიან მალე ქვეყნის მართვის სადავეებს ჩამოვაშორებთ სახელმწიფოს მტრებს, კორუმპირებული, ძალაუფლების მიმტაცებელი თაღლითების რუსულ ოლიგარქიულ კლანს. საქართველო აუცილებლად გააგრძელებს განვითარებას და შეძლებს იმ პერსპექტივის რეალიზებას, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ჩაუყარეს საფუძველი. გავხდებით ცივილიზებული ქრისტიანული სამყაროს, ევროპის დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი, დავიბრუნებთ ჩვენს ისტორიულ ფუნქციას და ვიქნებით დასავლური სამყაროს აღმოსავლეთის ეკონომიკური კარიბჭე.

საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია რიგი რეფორმების გატარება, მაგრამ საბოლოოდ მივდივართ დასკვნამდე, რომ თუ არ გვექნება მულტიმოდალური, ერთიანი პოლიტიკა, დასახული მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ეკონომიკური დარგის განვითარებისთვის აუცილებელია გვქონდეს ერთიანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოლიტიკა, ძლიერი ინფრასტრუქტურით, კომპლექსური ღონისძიებებით და მულტიმოდალურად განვითარების სტრატეგიით.

ჩვენს მიზნებს და ამოცანებს, ასევე, წარმოადგენს საქართველოს და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რეგიონში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება; რეგიონის მასშტაბით სატრანსპორტო სისტემის განვითარება; სატრანზიტო პოტენციალის ამაღლება; ისტორიული აბრეშუმის გზის, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური სარტყელის შესაძლებლობების ეფექტური გამოყენება; ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაღრმავება; საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერება; საერთაშორისო დონეზე ტრანსკასპიური კავკასიური სატრანსპორტო დერეფნის უპირატესობის ეფექტურად წარმოჩენა, რაც შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ძალიან რეალისტური გახდა. დღეს საქართველოს, ისე როგორც არასდროს, გაუჩნდა შანსი გარდაიქმნას ძლიერ სახელმწიფოდ და აღმოჩნდეს ისეთი წამყვანი სახელმწიფოების გვერდით, როგორიც არის სინგაპურის, შვეიცარიის და ირლანდიის ეკონომიკები. რუსეთზე დაწესებულმა დასავლურმა სანქციებმა გამოიწვია ჩვენი საუკუნოვანი მტრის გათიშვა გლობალური ეკონომიკური პროცესებისგან, რაც საქართველოსთვის შესაძლებლობაა, გახდეს გლობალური ეკონომიკის ნაწილი, გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირება მოგვცემს განვითარების ახალ შესაძლებლობას.

მიზნის მისაღწევ გზაზე პრობლემები ბევრია, საკითხი, რაზეც ჩვენ დღეს ვმუშაობთ, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ინფრასტრუქტურა, ყველაზე მეტად საჭიროებს განვითარებას, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. მართვის სისტემები არის საკმაოდ მოძველებული, განსაკუთრებით სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტში, თუმცა პრობლემები ავიაციაშიც მრავლადაა და საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებითაც. აუცილებელია რეგიონის ქვეყნების სატრანსპორტო სისტემების მართვაში დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც აღმოფხვრის ძალიან ბევრ პრობლემას, რომელიც დღეს მრავლად გვხვდება. ესენია: ხელოვნური ბარიერები, მონოპოლია, კორუფცია და სხვა. ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროს განვითარებისთვის აუცილებელია ბიზნესში დაცული იყოს თანასწორობის პრინციპი, არსებობდეს ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი გარემო და გამარტივებული, სწრაფი, მოქნილი საოპერაციო პროცედურები. პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების გამჭირვალობა, ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა, როგორც ეს საქართველოში იუსტიციის სახლების შემთხვევაში მოხდა და საქმის წარმოების მაქსიმალური ავტომატიზაცია, რაც კიდევ უფრო შეამცირებს კორუფციის რისკებს. კორუფცია დღეს არის დარგის განვითარების პირველი მტერი. სადაც კორუფციაა, იქ ზედმეტია ვისაუბროთ რაიმე სახელმწიფოებრივ ინტერესებზე. სამწუხაროდ, დღეს რეგიონის ქვეყნებში ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები დოზით ვაწყდებით ბარიერებს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში, რაც კორუფციის არსებობითაა გამოწვეული.

მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემებს ვაწყდებით საქართველოს შიდა სატრანსპორტო პოლიტიკაშიც, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას არ გააჩნია. ჩვენ ერთადერთი სახელმწიფო ვართ რეგიონში, რომელსაც არ აქვს ტრანსპორტის პოლიტიკა, დარგის განვითარების სტრატეგია, არ არსებობს ტრანსპორტის სამინისტრო და ტრანსპორტის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პოლიტიკური თანამდებობის პირი, დარგში სრული ქაოსი და არაკოორდინირებულობაა.

პრობლემებია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კუთხითაც, როგორც საქართველოში, ასევე მთელს რეგიონში. მნიშვნელოვანია ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, საქართველოში - ანაკლიაში უნდა აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი და ახალი ქალაქი „ლაზიკა“, თბილისთან ახლოს უნდა აშენდეს მეგა-აეროპორტი, რომელიც იქნება ჰაბის ფუნქციის მატარებელი და შექმნის ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრს, უნდა განვითარდეს ქუთაისის აეროპორტი, აშენდეს ლოგისტიკური ცენტრები, აშენდეს სატვირთო აეროპორტი და შეიქმნას საერთაშორისო ავიაინდუსტრიული ზონა გურიაში, ძველი მერიის აეროდრომის ტერიტორიაზე, აშენდეს ჩქაროსნული რკინიგზის ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც 1.45 საათში თბილისიდან ბათუმში ჩაიყვანს მგზავრებს და სამომავლოდ ჩაგვიყვანს სოხუმამდე. ზემოთჩამოთვლილი პროექტები შექმნის ათიათასობით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს ქვეყანაში, ხელს შეუწყობს განათლების დონის ამაღლებას, პროფესიონალი კადრების აღზრდას რაც შექმნის დიდ დოვლათს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ალბათ, საკმარისია საუკუნის მესამედი იმისთვის, რომ სტრატეგიულად ფიქრი დავიწყოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ შეიძინოს ფუნქცია. სწორება არ უნდა გვქონდეს მხოლოდ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე. მნიშვნელოვანია საქართველო გახდეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, რეგიონული ცენტრი.

საქართველო უნდა გახდეს რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა გახდება მიზიდულობის ცენტრი რეგიონში. საქართველო და მისი დედაქალაქი, თბილისი, გახდება რეგიონული, საგანმანათლებლო, მულტიკულტურული, სპორტული, ტურისტული, სამედიცინო, სავაჭრო, სამრეწველო, ინდუსტრიული და ბიზნეს ჰაბი. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს და მთლიანად რეგიონის ქვეყნების მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ყველას თანაბარი შანსი ჰქონდეს, გახდნენ მდიდარი სახელმწიფოების მდიდარი მოქალაქეები, ეს იქნება ახალი შესაძლებლობა ყველასთვის.

საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი იყოს რეგიონული მულტიკულტურული ცენტრი. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ ბუნებრივი ცივილიზაციათა გზაჯვარედინი, ქართველებს გვაქვს ძლიერი შინაგანი კულტურა, სტუმარ-მასპინძლობა, ტოლერანტობა და სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთან თანაცხოვრების საუკუნოვანი გამოცდილება, რასაც ჩვენი იდეების იდეის რეალობად ქცევა შეუძლია.

ვასო ურუშაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული საკითხების მდივანი

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს