ნიკოლოზ სამხარაძე ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ბერლინში ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრს, ანა ლიურმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბრის ძირითად თემებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება წარმოადგენდა.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან, რომელიც ესწრებოდა 12 დეკემბერს გამართულ ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომას ბრიუსელში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება უკრაინის საკითხზე, ის მაინც დარწმუნებულია, რომ პარასკევს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და საქართველოს როგორც ამ კვირაში, ასევე სამომავლოდ ექნება გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში წევრობის გზაზე. მინისტრთან აგრეთვე ვისაუბრეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართული სახელმწიფოს მხრიდან დახმარების აღმოჩენაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ინფორმაციის თანახმად, მინისტრი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საქართველოს როლით დაინტერესდა, ნიკოლოზ სამხარაძემ მას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევის და გეგმების შესახებ.

მათივე განმარტებით, საუბარი, ასევე შეეხო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დეკლარაციებთან საქართველოს მიერთების საკითხს. ნიკოლოზ სამხარაძემ მინისტრს განუმარტა ის მიზეზები, რის გამოც საქართველო სრულად არ არის მიერთებული ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დეკლარაციებს და განცხადებებს.

„შეხვედრაზე ჩვენ გამოვთქვით წუხილი, რომ ევროკავშირის და გერმანიის ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინი ოკუპაცია არ გამოიყენება აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით და ვთხოვეთ მას, რომ ეს საკითხი გადაიხედოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მათივე ცნობით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი გრიგოლ ვაშაძე და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი