2023 წლის შედეგები და 2024 წლის პერსპექტივები

2023 წელს საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებსა და 2024 წელს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ხელისუფლების, ოპოზიციისა და საზოგადოების ამოცანებსა და პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, მირიან მირიანაშვილსა და კავკასიური სახლის თავმჯდომარეს, პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით ქვეყნისთვის 2023 წლის შედეგებს საშინაო პოლიტიკაში?

მირიან მირიანაშვილი - 2023 წელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ევროინტეგრაციის სტატუსის თემა გარე კონტურზე მოვლენებმა განაპირობა

ლევან ლორთქიფანიძე - მრავალმხრივი პოლარიზაცია სპობს საგნობრივი, შინაარსობრივი დისკუსიების წარმოების შესაძლებლობას და პოლიტიკური დღის წესრიგიდან დევნის სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს

პოლიტიკის ანალიტიკოსს მირიან მირიანაშვილის აზრით, 2023 წელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან „გარე კონტურზე ძალიან მნიშვნელოვანმა მოვლენებმა ძალიან მნიშვნელოვანი, თვისობრივად განსხვავებული შიდაპოლიტიკური დღის წესრიგი ჩამოაყალიბა. ფაქტობრივად, შიდა პოლიტიკა გახდა წარმოებული გარე პოლიტიკური დაკვეთისა. ეს ეხება ევროინტეგრაციის სტატუსის თემას.

მისი აზრით, მომხდარი საქართველოს ისტორიის დიდი ხნის მანძილზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას, უჭირს რაიმე ანალოგიის მოხმობა და პარალელის გავლება, რის გამოც „მომხდარს 2020 წლის შემდეგ ქართული სახელმწიფოსა და ერის პირველი დიდი გამარჯვებად“ მიიჩნევს.

პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის აზრით, 2023 წლის მიწურულს საქართველოს საშინაო პოლიტიკის მთავარი მახასიათებელი აბსოლუტური პოლარიზაცია გახლავთ. პოლარიზაცია, უკიდურესი ანტაგონიზმი, ერთმანეთის აუტანლობა გამეფებულია არა მხოლოდ პოლიტიკურ ძალებს შორის, არამედ საკონსტიტუციო ინსტიტუტებსა თუ სოციალურ ჯგუფებს შორისაც.

მისივე თქმით, მაშასადამე, ჩვენ მთელი წელია მხოლოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებას კი არ ვაკვირდებით, არამედ თვალს ვადევნებთ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მინისტრთა კაბინეტის ორთაბრძოლას. საზოგადოებრივ ტენდენციებს შორის უკიდურეს დაძაბულობას შესანიშნავად გამოხატავს ევროკავშირის დროშასთან დაკავშირებული კამპანიები - ერთნი აივნებიდან აფრიალებენ ლაჟვარდოვან ალამს, მეორენი კი დემონსტრაციულად წვავენ მას.

მრავალმხრივი პოლარიზაცია სპობს საგნობრივი, შინაარსობრივი დისკუსიების წარმოების შესაძლებლობას და პოლიტიკური დღის წესრიგიდან დევნის სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს.“ - აცხადებს ლევან ლორთქიფანიძე, რის გამოც მოქალაქეებს უჩნდებათ შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკოსები საზოგადოებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვან, ეფემერულ საკითხებზე აწარმოებენ დისკუსიებს, რაც თავის მხრივ იწვევს ხალხის გაუცხოებას პოლიტიკისა და დემოკრატიისგან.

„განსაკუთრებით მაწუხებს ის გარემოებაც, რომ საქართველოში ნელ-ნელა ყველა ავტორიტეტი ნადგურდება. ქვეყანაში აღარ დარჩა ადამიანი, ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე მძიმე მომენტში შუამავლის ფუნქციას შეასრულებდა.“ - დასძენს ლევან ლორთქიფანიძე.

როგორი იყო 2023 წლის შედეგები საშინაო პოლიტიკაში ხელისუფლებისთვის?

მირიან მირიანაშვილი - ევროინტეგრაციის დაწყება ხელისუფლების ანგარიშზე ჩაიწერება

ლევან ლორთქიფანიძე - 2023 წელი ხელისუფლებისთვის წარმატებული იყო, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილად შეძლო თავისი ძალაუფლების გამყარება

მირიან მირიანაშვილის აზრით ევროინტეგრაციის თემასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა და ბევრი უცნაურობები, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი, ჩაივლის და დავიწყებას მიეცემა, მაგრამ, „რეალობა ის არის, რომ ამ პერიოდში ხელისუფლება იყო ისეთი, როგორიც იყო, მაგრამ, ევროინტეგრაციის დაწყება ხელისუფლების ანგარიშზე ჩაიწერება. გვინდა არ გვინდა, ეს ისტორიული კანონზომიერებაა.“

თუმცა, მისივე თქმით, უნდა ვაღიაროთ, რომ „ევროინტეგრაციის საკითხებში ხელისუფლება ძალიან ხშირ შემთხვევაში თანმიმდევრული არ იყო ამ როლისა და ფუნქციის რეალიზებაში.“

პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის მტკიცებით, „2023 წელი ხელისუფლებისთვის წარმატებული იყო, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილად შეძლო თავისი ძალაუფლების გამყარება.

მისივე თქმით, ალბათ, 2023 წლის შედეგებით განსაკუთრებით კმაყოფილია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა და 90-იანი წლების პოსტ-საბჭოთა ბიზნესის დაუნდობელი წესების გამოყენებით მთლიანად მოსპო, მოაშთო პოლიტიკური პროცესი. აუღელვებელი, აუჩქარებელი ნაბიჯებით, მკვეთრი მოძრაობებისა და უკან დახევის გარეშე ივანიშვილის ტაქტიკის შედეგად განადგურებულია სამოქალაქო სექტორი, მედია, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, პოლიტიკური ინსტიტუტები, ფაქტობრივად არცერთ ეკონომიკურ აქტორს არ შეუძლია ბიძინა ივანიშვილის გვერდის ავლით ეფექტიანი მოქმედება.

„ივანიშვილმა ფილიგრანულად იმუშავა, რათა მოწინააღმდეგეთა ყველა უპირობო ნაკლი სრული სისავსით წარედგინა საზოგადოებისთვის და ხალხისთვის დანარჩენებთან შედარებით საკუთარი გუნდის უპირატესობებისთვის გაესვა ხაზი. აღმოჩნდა, რომ ივანიშვილი, რომელსაც ხან იდიოტად მოიხსენიებდნენ, ხან „სოფლელსა და ჩამოთრეულს“ უწოდებდნენ, გენიალური ტაქტიკოსი, ბრწყინვალე მოთამაშე ყოფილა“ - დასძენს პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე.

იგი დარწმუნებულია, რომ „ივანიშვილის წარმატება საქართველოს წარმატებას არ ნიშნავს.“

მისივე აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ ბატონ ბიძინას არ სჯერა, რომ ქართველ ხალხს შეუძლია ინდუსტრიულ ერად ჩამოყალიბება, რეალური ეკონომიკის შექმნა. ივანიშვილს არ სწამს სოციალური სამართლიანობის იდეის, საზოგადოების ფენებს შორის რესურსების სამართლიანი გადანაწილების შესაძლებლობის. მისთვის აბსოლუტურად ნორმალურია, რომ საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში შრომობდნენ და სხვა ქვეყნების ეკონომიკას ქმნიდნენ, შინ კი სეზონურად ბრუნდებოდნენ. მას მოსწონს უთანასწორობა და ოლიგარქიული სისტემების არსებობა.

„შეიძლება, ივანიშვილს კარგი უნდა ამ ქვეყნისთვის, მაგრამ რაც მას სიკეთედ მიაჩნია, ის გამანადგურებელი დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოსთვის.“ - დასძენს ლევან ლორთქიფანიძე.

როგორი იყო 2023 წლის შედეგები ოპოზიციური სპექტრისთვის?

მირიან მირიანაშვილი - დღევანდელი ოპოზიციის რესურსული შესაძლებლობები ძალიან დამცრობილია

ლევან ლორთქიფანიძე - საქართველოს ოპოზიცია განადგურებული და ხელმოცარულია

მირიან მირიანაშვილის აზრით, როდესაც ვსაუბრობთ ქართულ ხელისუფლებაზე, როგორც წესი, ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებენ ხოლმე, როცა ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, „ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი შედგება იმ ხალხისგან, რომელიც ივანიშვილმა ხელისუფლებას ჩამოაშორა. დღევანდელი სახით ქართული ოპოზიციის კონსტრუქტორი ივანიშვილია.“

მისივე მტკიცებით „ივანიშვილმა ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდანაც, გამოაძევა ხალხი, რომლებსაც რუსეთის პოლიტიკურ ცენტრებთან, მის სადაზვერვო კლასტერებთან უშუალო ურთიერთობა ჰქონდა. მან ისინი ჩაანაცვლა ახალგაზრდებით.,“ რითაც მან პოლიტიკურ კლასს და ქვეყანას დამატებით შესძინა სტაბილურობა.

„შესაძლოა, მომხდარში მისი პიროვნული მისწრაფებებიც თამაშობდა თავის როლს, მაგრამ, ამან განაპირობა ქართული ოპოზიციის ის სახე, რომელიც დღეს გვაქვს.

დესტაბილიზაციისთვის დღევანდელი ოპოზიციის რესურსული შესაძლებლობები ძალიან დამცრობილია.“ - დასძენს მირიან მირიანაშვილი.

პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის აზრით, საქართველოს ოპოზიცია განადგურებული და ხელმოცარულია. ოპოზიციის ამგვარ ყოფას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მათ სერიოზული იდეები არ აქვთ. ყველა ძალა ერთსა და იმავე ლოზუნგებს იმეორებს.

მისივე თქმით, ხელისუფლების „რუსულ ოცნებად“ მოხსენიება და საკუთარი თავის რობერ შუმანად, ევროკავშირის მესაძირკვლედ გამოცხადება მამოძრავებელ იდეად არ გამოდგება. ხალხს არ სჯერა, რომ მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს ევროპული მომავლის მტერია, გია ბარამიძე კი სულხან-საბას ექო 21-ე საუკუნეში.

„იდეების არარსებობის გარდა, ოპოზიციის სრულ უძლურებას მათი ტაქტიკა განაპირობებს. 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ოპოზიცია სერიოზულად არასდროს არ მომზადებულა არჩევნებისთვის. მათ არ სჯერათ, რომ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეუძლიათ.“ - აცხადებს ლევან ლევან ლორთქიფანიძე.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ოპოზიციური პარტიები არ აშენებენ პარტიულ ინფრასტრუქტურას, არ პასუხობენ კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ ეკონომიკას, სასამართლო სისტემას, სოციალური დაცვის მექანიზმებს შექმნიდნენ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში და ა.შ. მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე ქუჩაში გადაიტანონ მოქმედება, შექმნან დაძაბულობის კერები, ხელი შეუწყონ დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას და დაელოდონ, როდის დაუშვებს მთავრობა საბედისწერო შეცდომას, რათა ნაცემ-ნაგვემი, თვალებდათხრილი, გაუბედურებული ხალხის ბრაზის წყალობით „ქართული ოცნების“ ვერტიკალი შეარყიონ.

„ივანიშვილის გუნდმა დიდი ხანია ამოიცნო ოპოზიციის „კონგენიალური“ ტაქტიკის შინაარსი. ოპოზიციისგან განსხვავებით ხელისუფლება მედეგ პარტიულ და საარჩევნო ინფრასტრუქტურას აშენებს და 2019 წლის შემდეგ უკიდურესად ფრთხილობს ქუჩის დემონსტრაციების მიმდინარეობისას.“ - მიიჩნევს ლევან ლორთქიფანიძე.

სავარაუდოდ, როგორ აფასებს 2023 წელს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს საზოგადოება?

მირიან მირიანაშვილი - საზოგადოება, ცოტა არ იყოს დაბნეულია. დაბნეულობა შეინიშნება როგორც ხელისუფლების მომხრეებში, ისე საზოგადოების ყველა სეგმენტში

ლევან ლორთქიფანიძე - საზოგადოებაში სრული ნიჰილიზმი და უიმედობაა გამეფებული. ხალხს ყელში ამოუვიდა „ქართული ოცნების“ მმართველობა, ხალხს სურს ხელისუფლების ჩანაცვლება, მაგრამ ალტერნატივას ვერ ხედავს

მირიან მირიანაშვილის მტკიცებით „საზოგადოება, ცოტა არ იყოს დაბნეულია. დაბნეულობა შეინიშნება როგორც ხელისუფლების მომხრეებში, ისე საზოგადოების ყველა სეგმენტში“

მისივე თქმით, „საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება გაუხარდა ყველას, მაგრამ, პრაქტიკულად, ხელისუფლების და ოპოზიციის პოლიტიკური აქტივობები ვერავინ ვერ წაიკითხა.“

პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის აზრით, „საზოგადოებაში სრული ნიჰილიზმი და უიმედობაა გამეფებული. ჩემი დაკვირვებით, ხალხს ყელში ამოუვიდა „ქართული ოცნების“ მმართველობა, ხალხს სურს ხელისუფლების ჩანაცვლება, მაგრამ ალტერნატივას ვერ ხედავს.

მისივე თქმით, უიმედობა, ნიჰილიზმი წლიდან წლამდე ღრმავდება, მაგრამ გამოსავალი არ ჩანს - ოპოზიცია ორგანიზებას, განახლებას ვერ ახერხებს, ხელისუფლება კი კვალიფიციური კრიტიკის გარეშე არის დატოვებული.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აღარავის აღარ უსმენენ, აბსოლუტურად დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში, სულ მცირე წინააღმდეგობასაც კი დაცინვით, გარიყვით, კრიტიკოსის მასხრად აგდებით პასუხობენ. ზოგიერთი დეპუტატი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო ადამიანებთან ტელეფონზე დარეკვასა და მათ დაშინებასაც არ ერიდება.“ - აცხადებს ლევან ლორთქიფანიძე, რომლის აზრითაც, ხელისუფლებას თუ სურს საზოგადოებაში არსებული უმძიმესი აპათიის გაქარწყლება, დიალოგი უნდა აწარმოოს საზოგადოების იმ ფენებთან, რომლებიც მას არ ეთანხმებიან, მაგრამ ურთიერთობაში ეთიკური სტანდარტების დაცვის ძალა შესწევთ.

თქვენი აზრით, შეძლებს ხელისუფლება ევროპული რეკომენდაციების შესრულებას“?

მირიან მირიანაშვილი - მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ევროპულ რეკომენდაციებს თუ არა. ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებითაც იგივე მოხდება, რაც სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით მოხდა

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ისინი კვლავ ნელთბილ პოზიციას აირჩევენ. მაშასადამე, რეკომენდაციებს მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულებენ

მირიან მირიანაშვილის აზრით, „მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ევროპულ რეკომენდაციებს თუ არა. ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებითაც იგივე მოხდება, რაც სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით მოხდა“.

იგი დარწმუნებულია, რომ ევროპული საბჭო ისევე არ მოითხოვს საქართველოსგან რეკომენდაციების შესრულებას, როგორც ევროკომისიამ არ მოითხოვა ჩვენგან 12 ევროპული რეკომენდაციის შესრულებას.

მისივე მტკიცებით, „სინამდვილეში, ევროპული 12 პუნქტი რუსეთის „დაბოლებისთვის“ აღმოჩნდა. დასავლეთმა საქართველოს ისეთი პირობები შესთავაზა, რომელიც შეუსრულებელი იყო. რითაც რუსეთს აჩვენა, ვითომ საქართველოს ევროინტეგრაცია დასავლეთს არ უნდა.“

პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის მტკიცებით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იციან, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების სრულმა იგნორირებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მათ საშინაო თუ საგარეო ავტორიტეტს. აქედან გამომდინარე, ისინი კვლავ ნელთბილ პოზიციას აირჩევენ. მაშასადამე, რეკომენდაციებს მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულებენ.

მისივე თქმით, მას ჰყავს სტუდენტები, რომლებსაც მისი საგანი არ აინტერესებთ, მაგრამ იციან, რომ თუ გამოცდაზე ჩაიჭრებიან შეიძლება სემესტრი დაემატოთ. ამიტომ მხოლოდ იმდენს შრომობენ, რამდენიც 100-დან 51 ქულის მისაღებად არის აუცილებელი.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგად ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კლასი შეიქმნას, რომელიც შეძლებს ქვეყნის ევროპულ გზაზე შეუქცევადად წაყვანას?

მირიან მირიანაშვილი - საქართველოს პოლიტიკური კლასის განახლება მოხდება, მაგრამ არა არჩევნებით. ეს ცოტა უცნაური კონსტრუქცია და ფენომენია, მაგრამ, რეალობა ზუსტად ასეთი იქნება

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, დღევანდელი გადმოსახედიდან ახალი პოლიტიკური კლასის შექმნის ალბათობა მიზერულია

მირიან მირიანაშვილი მტკიცებით, „საქართველოს პოლიტიკური კლასის განახლება მოხდება, მაგრამ არა არჩევნებით. ეს ცოტა უცნაური კონსტრუქცია და ფენომენია, მაგრამ, რეალობა ზუსტად ასეთი იქნება.“

მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური კლასის ცვლილება დამოკიდებული იქნება არა არჩევნების შედეგებზე, არამედ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებთან კომუნიკაციის შედეგებზე.

„საქართველოში პოლიტიკური კლასის განახლება მოხდება რაღაც პროცენტით არჩევნებამდე, მაგრამ, დიდი პროცენტით არჩევნების შემდეგ. პოლიტიკური კლასის განახლება მოხდება ამერიკულ და ევროპულ პოლიტიკურ კლასთან კომუნიკაციის შედეგად. შედეგი იქნება ტექნიკური მთავრობის შექმნა. - აცხადებს პოლიტიკის ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი.

პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის აზრით, საუბედუროდ, დღევანდელი გადმოსახედიდან ახალი პოლიტიკური კლასის შექმნის ალბათობა მიზერულია. მისივე განმარტებით, ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებაა აუცილებელი. დიდი ფულის, კარგად გამართული მედია პლატფორმისა და მთელ საქართველოში დაქსელილი ორგანიზაციული სტრუქტურების გარეშე ალტერნატივის შექმნა გამორიცხულია. აუცილებელია დიდი ადამიანური რესურსიც.

„დღეს ბიძინა ივანიშვილისა და რამდენიმე სხვა ოლიგარქის გარდა არავის აქვს საშუალება პოლიტიკური კლასის განახლებას შეუწყოს ხელი. ოლიგარქებს კი არსებული „სტატუს-კვოს“ შეცვლა არ აწყობთ, ისინი მეტ-ნაკლებად კმაყოფილნი არიან არსებული სიტუაციით ან ვითარების შესაცვლელად განსაკუთრებული ძალისხმევის გაღებას არ აპირებენ.“ - აცხადებს ლევან ლორთქიფანიძე.

2024 წელს რა გავლენა ექნება ჩვენს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე მსოფლიოში მომხდარ ცვლილებებს?

მირიან მირიანაშვილი - უკრაინა-რუსეთის ომმა უკვე მოახდინა კავკასიაზე ძალიან დიდი გავლენა, რადგან საქართველომ დაიწყოს ევროინტეგრაცია

ლევან ლორთქიფანიძე - 2024 წელი უმძიმესი წელი იქნება სამყაროსთვის, რადგან ბოლო არ უჩანს ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე სამხედრო-შეიარაღებულ დაპირისპირებებს

მირიან მირიანაშვილი აზრით, „თუ გადავავლებთ თვალს სერიოზულ თემებზე ინფორმაციის მომწოდებლებს, დავინახავთ, რომ ომი უკრაინაში დაგეგმილია 2025 წლის შუა ნახევრამდე. შესაბამისად, ჩვენ გველის, მინიმუმ წელიწადნახევრიანი უკრაინულ-რუსული კონფლიქტი.“

მისივე თქმით, უკრაინა-რუსეთის ომმა უკვე მოახდინა კავკასიაზე ძალიან დიდი გავლენა, რადგან საქართველომ დაიწყოს ევროინტეგრაცია, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ქეისი იყო განსხვავებული უკრაინის ქეისიდან.

„უკრაინის ომმა ეს წმინდა ტექნიკურ კონტექსტში განხორციელების მოდელი მოგვცა. სუბიექტი იყო ორი - ქართველი ერი და დასავლეთის და პირველ რიგში აშშ-ს სურვილი შეექმნა ამიერკავკასიაში სერიოზული პოლიტიკური პლაცდარმი. ეს სურვილები არ განელდება, იგი კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციულ პროცესებს დაბადებს და ჩვენ ახლო მომავალში ახალ რეალობებზე მოგვიწევს საუბარი.“ - აცხადებს მირიან მირიანიშვილი

პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძე თვლის, რომ „2024 წელი უმძიმესი წელი იქნება სამყაროსთვის, რადგან ბოლო არ უჩანს ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე სამხედრო-შეიარაღებულ დაპირისპირებებს.“

მისივე თქმით, ჩვენ ყველა ვაკვირდებით, თუ როგორ „დაიღალნენ“ ომისგან ევროპული საზოგადოებები, რამდენად კრიტიკულად არის განწყობილი ევროპელ მოქალაქეთა ნაწილი უკრაინის სამხედრო დახმარების დაუსრულებლად გაგრძელების მიმართ, ვხედავთ ამერიკელი რესპუბლიკელების საბიუჯეტო საბოტაჟს უკრაინის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით.

ამის პარალელურად რომ „სამხედრო ექსპერტები ღიად საუბრობენ უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობის თაობაზე, იმატებს დაძაბულობა უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ელიტებს შორის. აღნიშნული გარემოებები მხოლოდ პუტინის წინასაარჩევნო გეგმების წისქვილზე ასხამენ წყალს. მისი გაძლიერება კი უკიდურესად საშიშია რუსეთის სხვა მეზობელი ქვეყნებისთვის.“

გარდა ამისა, მომავალი წლის ნოემბერში დაგეგმილია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გამარჯვების სერიოზული შანსები აქვს ექს-პრეზიდენტ ტრამპს. ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს მეტ კონფლიქტს აშშ-სა და ევროპას შორის, უკრაინის ნაკლებ მხარდაჭერას, ტრამპის ადმინისტრაცია არ შეეცდება სწრაფი პასუხები მოითხოვოს რუსეთისგან საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო.

„მსოფლიო პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირებული შეერთებული შტატები კიდევ უფრო დაამძიმებს უსაფრთხოების გარემოს ჩვენს რეგიონში.“- დასძენს ლევან ლორთქიფანიძე.

რა ამოცანების აქვს გადასაწყვეტი ოპოზიციას, რომ 2024 წლის არჩევნები მათთვის წარმატებული აღმოჩნდეს? რა შანსები აქვს 2024 წლის არჩევნებზე ოპოზიციას?

მირიან მირიანაშვილი - 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციის წარმატების გასაღები დამოკიდებული იქნება იმაზე, მიიღებს თუ არა ის დასავლეთისგან პოლიტიკურ მხარდაჭერას

ლევან ლორთქიფანიძე - საქართველოს ოპოზიციის ამჟამინდელი შემადგენლობისთვის არჩევნები წარმატებული ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აღმოჩნდება. ისინი უშანსოდ არიან

მირიან მირიანაშვილის მტკიცებით, „2024 წლის არჩევნებში ოპოზიციის წარმატების გასაღები დამოკიდებული იქნება იმაზე, მიიღებს თუ არა ის დასავლეთისგან პოლიტიკურ მხარდაჭერას.“ მისივე თქმით, „2024 წლის არჩევნებში ოპოზიციის ნებისმიერი ჯგუფის წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, მიიღებს თუ არა იგი დასავლეთისგან მხარდაჭერას.“

„2024 წლის არჩევნებში ოპოზიციამ დასავლეთისგან მხარდაჭერა მიიღოს, ოპოზიციის სუბიექტებმა უნდა დაანახონ დასავლეთს, რომ მათზე ზემოქმედების ბერკეტები რუსეთში არ დევს. ვინც ამას შეძლებს, დასავლეთი მას დაეხმარება. მაგრამ, დღეის მდგომარეობით, ოპოზიციამ რომ დასავლეთისგან დახმარება მიიღოს, ამგვარი შესაძლებლობის მიმართ მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი.“ - შენიშნავს მირიან მირიანაშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე თქმით, „საქართველოს ოპოზიციის ამჟამინდელი შემადგენლობისთვის არჩევნები წარმატებული ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აღმოჩნდება. ისინი უშანსოდ არიან.“

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოში რამდენიმე პოლიტიკური ტრადიცია თუ კანონზომიერება ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი ყველაზე მყარი წესი ხელისუფლების ცვლილებას უკავშირდება. „ჩვენს ქვეყანაში მთავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მარცხდება, თუ სახელისუფლებო ვერტიკალის რომელიმე სერიოზული, გავლენიანი წარმომადგენელი თავისი რესურსებით ოპოზიციაში ინაცვლებს და დაქუცმაცებული პოლიტიკური ძალების გაერთიანებას ახერხებს.“

პოლიტოლოგის თქმით, გამსახურდიას მთავრობის დანაშაულებრივი დამხობა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მინისტრთა კაბინეტის წევრები ოპოზიციას შეუერთდნენ, შევარდნაძე მხოლოდ მას შემდეგ გადააყენეს, რაც მის მიერ დაფრთიანებული „რეფორმატორები“ ქუჩაში გავიდნენ, ივანიშვილიც ოდესღაც სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი დასაყრდენი იყო...

„დღესაც ოპოზიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს წარმატების შანსი, თუ კახა კალაძის რანგის ფიგურა დატოვებს „ქართულ ოცნებას“ და დამოუკიდებელ თამაშს წამოიწყებს. დღეს არანაირი ნიშნები არ იკვეთება იმისა, რომ კალაძე ოპოზიციონერობას ცდის.- დასძენს ლევან ლორთქიფანიძე.

ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე რა ამოცანების წინაშე იდგება 2024 წლის არჩევნებზე მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი?

მირიან მირიანაშვილი - ხალხის უნარი მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, მსოფლიო პოლიტიკური ფენომენია. პირველ რიგში ამ საოცარმა ფენომენმა დადო ეს შედეგი, რის გამოც ძალიან სერიოზული ბონუსები ექნება ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ერს

ლევან ლორთქიფანიძე - 2024 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნებოდა, თუ პარლამენტში „ნაცებისა“ და „ქოცების“ გარდა ადგილის მოპოვებას შეძლებდნენ ამ ორივე ძალისგან მეტ-ნაკლებად თანაბრად დისტანცირებული პარტიები

მირიან მირიანაშვილის აზრით, „რუსეთი არასოდეს არ იჩენს აგრესიას, თუ ამ აგრესიის რეალიზების რესურსი არ აქვს. დღეს ურესურსო რუსეთი არ იმჩნევს ხოლმე მისთვის სახეში სილის გაწვნას. არადა, ამ რანგის ხდომილება იყოს საქართველოს ევროინტეგრაცია.“

მისივე თქმით, უახლოეს წლებში რუსეთი ურესურსო იქნება, შესაბამისად, საქართველოს ევროინტეგრაციის არც შემდგომ ნაბიჯებს არ იმჩნევს. როგორც 2023 წლის, ისე 2024 წლის დრამატიზმი არის გადაჭარბებული.

„2024 წელი ჩაივლის ძალიან წყნარად, ისევე, როგორც 2023 წელმა ჩაიარა. ძალიან დიდი ალბათობით, ჩვენ 2024 წლის ბოლოს მივიღებთ ევროკავშირთან ქვეყნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. უნდა ვიცოდეთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე გასავლელი გვაქვს სამი ეტაპი, ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე გადავლახეთ. ფაქტობრივად, საქართველო უკვეა გამხდარი ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. შემდგომი სამი ეტაპი გაცილებით უმნიშვნელოა.“ - აცხადებს მირიან მირიანაშვილი.

იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს დაჩქარებული გრაფიკიდან გამომდინარე ყოველ წელს მოგვიწევს ყოველი ეტაპის გადალახვა. შესაბამისად, საქართველოში დასავლეთისთვის პოლიტიკური სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია. და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში თავისი როლის ამოქმედებით იყოს სტაბილურობა.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დედ-ლაინად განსაზღვრულია 2028 წელი. 2028 წელი განსაზღვრულია იმ ლოგიკით, რომ დაჩქარებული წესით როცა მიიღეს ბალტიის ქვეყნები, ამას 4 წელი დასჭირდა.“ - ამტკიცებს მირიან მირიანაშვილი.

იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სავარაუდოდ, მოხდება 2027-2028 წელს. მაგრამ, 2028 წელს საქართველოს აქვს ყველა შანსი გადალახოს არა მარტო ევროკავშირში გაწევრიანების დასკვნითი ეტაპი, არამედ, წინმსწრებად მოასწროს შესვლა ევროზონაში. ეს იმდენად საქართველოს ინტერესებში კი არ არის, რამდენადაც გერმანული კაპიტალის ინტერესშია, რომელიც ამერიკელებთან ერთად მთავარი ბრაიდერი გახდა საქართველოს ევროინტეგრაციის.

„უახლოესი წლების ეკონომიკური ინტეგრაციის მდგენელი გერმანიაზე იქნება დამოკიდებული. პოლიტიკური მხარდაჭერა იქნება ამერიკის, ხოლო ეკონომიკური მხარდაჭერა იქნება გერმანიის. ჩვენ ერთ-ერთი ვაგონი ვართ იმ შემადგენლობის, რომელსაც ამერიკულ-გერმანული ტანდემი მართავს.“ - ასკვნის მირიან მირიანაშვილი.

მისივე თქმით, როდესაც ქართველმა ხალხმა პრინციპულად აირჩია დასავლეთთან ინტეგრაცია, ამ კუთხით მისი მომართულობა აღმოჩნდა მთელი ამ 30 წლის განმავლობაში შეუვალი, მე მივხდი რა გზით შევინარჩუნეთ ჩვენ ჩვენი იდენტობა და სახელმწიფო.

„ხალხის უნარი მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, მსოფლიო პოლიტიკური ფენომენია. პირველ რიგში ამ საოცარმა ფენომენმა დადო ეს შედეგი, რის გამოც ძალიან სერიოზული ბონუსები ექნება ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ერს. - შენიშნავს მირიან მირიანაშვილი.

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე აზრით, 2024 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნებოდა, თუ პარლამენტში „ნაცებისა“ და „ქოცების“ გარდა ადგილის მოპოვებას შეძლებდნენ ამ ორივე ძალისგან მეტ-ნაკლებად თანაბრად დისტანცირებული პარტიები.

შეიძლება, ჩემი მოსაზრებები ძალიან პესიმისტურად ჟღერს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ შექსპირის 66-ე სონატის თაბუკაშვილისეული თარგმანი:

„ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,

მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.“

„როგორი პესიმისტურიც არ უნდა იყოს განწყობა, როგორი დაღლილნიც არ უნდა ვიყოთ, გაქცევისა და „სატრფოს“ ობლად დატოვების უფლება მაინც არ გვაქვს. თუ ამას ვაცნობიერებთ, მაშასადამე, ნებისმიერი განსაცდელის გადალახვისთვის ბრძოლა ღირს.“ - დასძენს ლევან ლორთქიფანიძე.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს