ალექსეი გარანი - ზალუჟნის გათავისუფლებაში გარკვეული როლი იმანაც ითამაშა,  რომ მას საზოგადოებაში და სამხედროებში მაღალი რეიტინგი ჰქონდა

გენერალ ზალუჟნის გენერალ სირსკით ჩანაცვლებაზე, რა მოლოდინები აქვთ კიევში იმაზე, მიიღებს თუ არა აშშ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ, უკრაინაზე პუტინის ბოლო განცხადებებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, კიევო-მოგილევსკი აკადემიის პროფესორს, ფონდ „დემოკრატიული ინიციატივების“ სამეცნიერო დირექტორს, ალექსეი გარანს ესაუბრა.

- ბატონო ალექსეი, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გენერალ ზალუჟნის თანამდებობიდან განთავისუფლების თემა აქტუალურ და შესაბამისად ამ საკითხით უნდა დავიწყოთ თქვენთან საუბარი.

ზალუჟნის გათავისუფლების მიზეზად სახელდება ბახმუტის ტრაგედია, არშემდგარი უკრაინულ კონტრშეტევა, მისი მაღალი რეიტინგი.

ამ თემაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვრცლად კი ისაუბრა, მაგრამ თქვენი აზრით, რა იყო მიზეზი იმისა, რომ პრეზიდენტმა სამხედროებში და საზოგადოებაში საკმაოდ პოპულარული გენერალი ზალუჟნი გაათავისუფლა?

- იმაზე, თუ როგორ უნდა აწარმოოს უკრაინამ შემდეგში ომი, სხვადასხვა მიდგომები და ხედვები არსებობს. სინამდვილეში, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ზალუჟნის გათავისუფლებაზე ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით. ზალუჟნის გათავისუფლებაში გარკვეული როლი იმანაც ითამაშა, რომ მას საზოგადოებაში და სამხედროებში მაღალი რეიტინგი ჰქონდა. საქმე ისაა, რომ 2023 წელი უკრაინისთვის ძალიან რთული წელი იყო. უკრაინას წარმატებები ჰქონდა ყირიმის მიმართულებასა და შავ ზღვაზე, მაგრამ, აქვე ობიექტურობისთვის უნდა ითქვას რომ უკრაინას არ ეყო რესურსები.

ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ამ რესურსებს უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან იღებს. რა რესურსებიც გვქონდა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ უკრაინას წარმატებული კონტრშეტევა განეხორციელებინა.

გენერალ სირსკის დანიშვნა გახლავთ მცდელობა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი სისხლი მიიღონ სირსკის გუნდის სახით. რამდენად წარმატებული იქნება გენერალ სირსკი მოქმედებები, ჩვენ ამას ვნახავთ.

მაგრამ, აქაც უნდა ითქვას, რომ საქმე ისაა, რომ პრობლემა არც გენერალ ზალუჟნიში იყო და ახლა არც გენერალ სირსკშია. გასაკეთებელია ორი რამ, პირველი - მობილიზაციის განხორციელება. ამისთვის მზადდება ახალი კანონი რადაში. ამ კანონზე მსჯელობა რადაში კონსტრუქციულ-კრიტიკულ ვითარებაში მიმდინარეობს. მეორე კი გახლავთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის დახმარების მიწოდება. უკრაინას სჭირდება იარაღი, რაკეტები.

საქმე ისაა, რომ პრობლემა არც გენერალ ზალუჟნიში იყო და ახლა არც გენერალ სირსკშია. გასაკეთებელია ორი რამ, პირველი - მობილიზაციის განხორციელება. ამისთვის მზადდება ახალი კანონი რადაში. ამ კანონზე მსჯელობა რადაში კონსტრუქციულ-კრიტიკულ ვითარებაში მიმდინარეობს. მეორე კი გახლავთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის დახმარების მიწოდება. უკრაინას სჭირდება იარაღი, რაკეტები

თუ როგორ განვითარდება უკრაინის ბრძოლის ველზე პროცესები, დამოკიდებული იქნება არა გენერალ სირსკიზე, არამედ იმაზე, რა ვადებში მიიღებს უკრაინა ომისთვის საჭირო იარაღს.

გენერალი სირსკი საკმაოდ გამოცდილი სამხედროა. ის ხელმძღვანელობდა კიევის დაცვას, რისთვისაც უკრაინის გმირის წოდება აქვს მიღებული. ის ხელმძღვანელობდა ხარკოვის მიმართულებას.

ახლა ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უკრაინული შეიარაღებული ძალები საჭირო იარაღით უზრუნველყოს.

- ზალუჟნის გათავისუფლებას უკრაინის საზოგადოებასა და სამხედროების გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება მოჰყვა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ზალუჟნის გათავისუფლების თემაზე კი თქვა, რომ ვაშინგტონი ითანამშრომლებს უკრაინის ხელისუფლებასთან, მაგრამ, ვიცით რომ უკრაინის დასავლელ პარტნიორებს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ზალუჟნისთან და იგი როგორც პროფესიონალი სამხედრო მათი ნდობით სარგებლობდა.

სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში ზალუჟნის გათავისუფლემა? ასევე როგორ აისახება მომხდარი უკრაინულ შეიარაღებულ ძალებზე?

- რუსეთი ცდილობს ზალუჟნის გათავისუფლება გამოიყენოს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. ვხედავთ, რომ რუსებს მთელი კომპანია აქვთ ამ თემაზე დაწყებული, მაგრამ გარწმუნებთ არაფერი დესტაბილიზაციის მსგავსი უკრაინაში არ მოხდება.

არ მოხდება იმის გამო, რომ რა კრიტიკულადაც არ უნდა ვაფასებდეთ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ზალუჟნის გათავისუფლებას, ყველას კარგად ესმის, რომ ზალუჟნის გასათავისუფლებლად პრეზიდენტს ყველა იურიდიული უფლება ჰქონდა.

ამ გადაწყვეტილების გამო ზელენსკი კრიტიკოსებიც კი, ვინც ზალუჟნის გათავისუფლების გამო უკმაყოფილოა, ამბობს, რომ ახლა საჭიროა გენერალ სირსკისთან თანამშრომლობა.

რუსეთი ცდილობს ზალუჟნის გათავისუფლება გამოიყენოს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. ვხედავთ, რომ რუსებს მთელი კომპანია აქვთ ამ თემაზე დაწყებული, მაგრამ გარწმუნებთ არაფერი დესტაბილიზაციის მსგავსი უკრაინაში არ მოხდება

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი გრიცენკო ამბობს, რომ გადაწყვეტილება არასაკმარისად არგუმენტირებულია, მაგრამ, სირსკი ღირსეული და დამსახურებული საბრძოლო გენერალია და საჭიროა მასთან მუშაობა.

იმავეს ამბობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. დასავლელი პარტნიორები ყოველთვის ამბობდნენ იმას, რომ ისინი აქტიურად ითანამშრომლებდნენ იმათთან, ვისაც მათ უკრაინის ხელისუფლება მათ წარუდგენს.

ახლა მთავარია ჩვენ არ ავყვეთ და არც გავიმეოროთ ზალუჟნის გათავისუფლების თემაზე რუსულ პროპაგანდას და არ გავიმეოროთ ისინი.

- გავრცელებული ინფორმაციით პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ თითქოს მან ზალუჟნის დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩობა შესთავაზა?

თუ ასე არაა, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, მომავალში რით დაკავდება გენერალი ზალუჟნი?

- ზალუჟნისთვის ბრიტანეთში ელჩობის შეთავაზებაზე არაფერი მსმენია. დარწმუნებული ვარ, ზალუჟნი, როგორ პროფესიონალი სამხედრო ამა თუ იმ ფორმით ჩართული იქნება უკრაინის ბრძოლაში ოკუპანტების წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, ზალუჟნი, როგორ პროფესიონალი სამხედრო ამა თუ იმ ფორმით ჩართული იქნება უკრაინის ბრძოლაში ოკუპანტების წინააღმდეგ

- ბრძანეთ, რომ უკრაინას იარაღის ნაკლებობა აქვს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების გამო აშშ-ში გაჭიანურდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე კონგრესში გადაწყვეტილების მიღება.

მომავალ კვირას ამ საკითხის განხილვას კონგრესი დაუბრუნდება. გასაგებია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების გამო ბაიდენსა და ტრამპს შორის, „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის ურთიერთობებში პრობლემებია, მაგრამ, გაქვთ იმედი, რომ აშშ მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინის დასახმარებლად?

- ახლა ვხედავთ, რომ უკრაინისთვის, ასევე ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების გამოყოფაზე წინააღმდეგობაა აშშ-ს ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის.

„რესპუბლიკელები“ ითხოვდნენ აშშ-სა და მექსიკის საზღვართან დაკავშირებით მიგრაციული პრობლემების გამო კონგრესის მიერ ფინანსების მოძიებას. იმის გამო, რომ ამ საკითხში „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის დაპირისპირებაა, ახლა მექსიკის საზღვრის გასაძლიერებლად ფინანსების მოძიების საკითხი და უკრაინისთვის ფინანსების მოძიების საკითხი ცალ-ცალკე იქნება განხილული. ვფიქრობ, რომ ახლა მეტია შანსები იმისა, რომ უკრაინის საკითხზე „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის კომპრომისი მოიძებნება.

ახლა მეტია შანსები იმისა, რომ უკრაინის საკითხზე „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის კომპრომისი მოიძებნება

- ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი გერმანიის კანცლერ შოლცის განცხადება უკრაინის საკითხზე იძლევა იმის საშუალებას, რომ კოლექტიური დასავლეთი რუსეთთან ბრძოლაში ჩართულ უკრაინას მარტო არ დატოვებს...

- ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ უკრაინის ეკონომიკური პრობლემებს მოხმარდება.

ევროკავშირის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რეალურობისა და სიმბოლურობის თვალსაზრისით.

- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ტრამპის მხარდამჭერ ამერიკელ ჟურნალისტს.

მას ამჯერად ახალი არაფერი უთქვამს. გაიმეორა მისივე დებულება, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, რომ 20-იან წლებში უკრაინის რესპუბლიკა ლენინმა შექმნა, რომ რუსეთს უკრაინაში არ მოუხდენია უკრაინის დენაციფიკაცია და ახლა ამისთვის აგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს.

მან ასევე კვლავ გაიმეორა რომ დასავლეთმა რუსეთი მოატყუა, დაჰპირდა რომ ნატო არ გაფართოვდებოდა, მაგრამ შემდეგ არა მარტო მთელი აღმოსავლეთ ევროპა შევიდა ნატოში, არამედ ახლა უნდათ ნატოში შეიყვანონ უკრაინა და საქართველო.

პუტინმა ასევე თქვა, ახლა კოლექტიურ დასავლეთს მხოლოდ ის, როგორც რუსეთის ლიდერი ეწინააღმდეგება. მისი მტკიცებით, რუსეთი იბრძოლებს ყველა მის ხელთ არსებული რესურსებით და თუ დასავლეთს მშვიდობა უნდა, მას უნდა ელაპარაკონ.

თქვენ როგორ აღიქვით პუტინის ბოლო განცხადებები?

- პუტინი კი ითხოვს, რომ მას ელაპარაკონ, მაგრამ ახლა მას ცოტა ვინმე თუ ელაპარაკება. პუტინის ბოლო ინტერვიუ იმის დასტურია, რომ რუსი იმპერიალისტი იმპერიალისტად რჩება. პუტინი სხვა რუსებისგან მსგავსად არაფრით გამორჩეული ველიკოდერჟავული რუსი შოვინისტია.

პუტინის ბოლო ინტერვიუ იმის დასტურია, რომ რუსი იმპერიალისტი იმპერიალისტად რჩება. პუტინი სხვა რუსებისგან მსგავსად არაფრით გამორჩეული ველიკოდერჟავული რუსი შოვინისტია

ვფიქრობ, რომ ქართველებმა ეს უკრაინელებზე არანაკლებად კარგად იციან, რადგან, უკრაინის მსგავსად ველიკოდერჟავული რუსული შოვინიზმის სამიზნე და მსხვერპლი საქართველოც ბევრჯერ ყოფილა.

სამწუხარო ისაა, რომ საქართველოში დღეს ეს ბევრ ქართველ პოლიტიკოს არ ესმის.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია