ნინო ლომჯარია - ძალიან სამწუხარო სანახავია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე იაფფასიანი სიცრუის პროპაგანდის გავრცელებით არის დაკავებული

ძალიან სამწუხარო სანახავია, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იაფფასიანი სიცრუის პროპაგანდის გავრცელებით არის დაკავებული,- ასე გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელმაც ლომჯარიაზე თქვა: „სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტყუილში მხილებული ომბუდსმენი ყველაზე სამარცხვინო დამღაა - არა თუ პოლიტიკაში უნდა შემოვიდეს, საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას“.

ლომჯარიას თქმით, პაპუაშვილი უნდა ამაყობდეს, რომ მისი სახალხო დამცველობის დროს ევროკავშირის პარლამენტმა არაერთი რეზოლუცია მიიღო, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის და მისი აპარატის საქმიანობის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა დააფიქსირა.

„ბატონო შალვა, თქვენც შეგიძლიათ იამაყოთ, რომ ჩემი სახალხო დამცველობის დროს:

სტრასბურგის სასამართლო საქართველოს სახალხო დამცველის კომუნიკაციებს, მათ შორის არა მარტო საქართველოს საქმეებზე, საკუთარ გადაწყვეტილებებში ციტირებდა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებში ასახელებდა;

ევროკავშირის პარლამენტმა არაერთი რეზოლუცია მიიღო, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის და მისი აპარატის საქმიანობის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა დააფიქსირა;

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სახალხო დამცველი და მისი გუნდი 2022 წლის უფლებადამცველის ჯილდოთი დააჯილდოვა. მსგავსი ჯილდო დეპარტამენტმა ბოლოს ათი წლის წინ გასცა;

საფრანგეთის პრეზიდენტმა სახალხო დამცველი დემოკრატიაში შეტანილი წვლილის გამო საფრანგეთის ღირსების ორდენით დააჯილდოვა;

საქართველოს სახალხო დამცველი მისი საერთაშორისო რეპუტაციის და აღიარების გამო აირჩიეს მსოფლიო ომბუდსმენთა გაერთიანების მმართველი საბჭოს წევრად;

პს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქმეს, სწორედ სახალხო დამცველის დასკვნა დაუდო საფუძვლად სტრასბურგის სასამართლომ დროებით ღონისძიებას, რითაც სახელმწიფოს დაევალა მისი ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანა.

ასე რომ, ბატონო შალვა, შეეშვით სიცრუის გავრცელებას და დაკავდით იმ საქმით, რაც შეეფერება ჩვენი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარის ღირსებას და მანდატს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება