ირაკლი ნადარეიშვილმა დიდ  ბრიტანეთში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს ბიზნეს-შესაძლებლობებზე ისაუბრა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებთან პირდაპირი კომუნიკაცია. მათ შორისაა, საინვესტიციო კონფერენციებისა და ფორუმების გამართვა, რაც შედის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მანდატში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და მოხსენება გააკეთა ქალაქ ლონდონში გამართულ საქართველოს საინვესტიციო კონფერენციაში.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ლონდონის კონფერენციის ჩატარება შესაძლებელი გახდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია.

უწყების ცნობით, ღონისძიებას დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი დაინტერესებული ინვესტორი დაესწრო. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ, ერთი მხრივ, გაზარდა ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, მეორე მხრივ კი, დღის წესრიგში დააყენა დამატებითი სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების გატარების აუცილებლობა. მისი თქმით, ქვეყნის პოლიტიკური კურსი მიმართულია ევროსტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია, ქვეყანამ უფრო წარმატებით გამოიყენოს მისი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად ვაჭრობის, ფინანსების, ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებით.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, წარმატებული საგარეო - სავაჭრო პოლიტიკის წყალობით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ივაჭროს 2,3 მილიარდიან ბაზართან მსოფლიოში, მათ შორის, ევროკავშირთან და ჩინეთთან. მან ასევე გაამახვილა ყურადღება ევროპასთან სატრანსპორტო - ლოგისტიკური, თუ ენერგეტიკული დაკავშირებადობის ზრდის კუთხით მიმდინარე პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და სხვ. მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა საფინანსო სექტორისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას.

„კონფერენციაზე განხილული საკითხები მოიცავდა თითქმის ყველა სფეროს, რომლითაც საქართველო გამოირჩევა და ინვესტორებს საინტერესო საინვესტიციო შეთავაზებებს სთავაზობს. საუბარია ენერგეტიკაზე, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაზე, საფინანსო სექტორზე, IT - ინდუსტრიასა და ტექნოლოგიებზე, უძრავი ქონებასა და ტურიზმზე", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ფორუმის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავამ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, რომელმაც პანელზე Why Invest in Georgia სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობასა და პოტენციალზე. მან ყურადღება გაამახვილა ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომლებსაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მოუტანს.

საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. ის ბრიტანელ ინვესტორებს ესაუბრა პოსტპანდემიურ პერიოდში თანამედროვე მსოფლიოს ტურიზმის მზარდ ტენდენციებზე. მისი თქმით, ტურიზმის ინდუსტრია საქართველოშიც დინამიურად და დადებითად ვითარდება, თუმცა, რაც ხაზგასასმელია, ტურიზმიდან შემოსავლებმა პანდემიამდელ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. მაია ომიაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხედვასა და ახალ ტურისტულ პროდუქტებზე, მათ შორის, რით ინტერესდებიან საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოში და რამდენად ხარისხიან მომსახურებას იღებენ, ასევე ხაზი გაესვა მარკეტინგულ აქტივობებსა და ქვეყნის სწორ პოზიციონირებაზე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია და მისი განვითარების მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა.

პრეზენტაციების შემდეგ, პანელური დისკუსიები გაიმართა.

კონფერენცია ჩატარდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, აგრეთვე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ორგანიზებითა და გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს