ირაკლი ლექვინაძე - მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 65% ონლაინ ვაჭრობას უკავშირდება

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 65% ონლაინ ვაჭრობას უკავშირდება - საქმეების 70%-ზე პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება ფორმდება, რაც მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის უფლების აღდგენასა და სავაჭრო პოლიტიკის გასწორებას გულისხმობს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა და განმარტა, რომ 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების შედეგად მომხმარებლების სარგებელი 500 ათას ლარზე მეტია.

„2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში სააგენტოში 715 განცხადება დაფიქსირდა. ჩვენი გადაწყვეტილებების 70% პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებით მთავრდება. ეს ნიშნავს შემდეგს - შესწავლის პროცესში მოვაჭრე ამბობს - „მე ვხედავ დარღვევის რისკს, ამიტომ, საქმე შევწყვიტოთ და მე აღვადგენ მომხმარებლის უფლებას, თანხას დავუბრუნებ, ნივთს გამოვცვლი, ან დაზარალებულ მომხმარებელს ნივთს შევუკეთებ, რა პრეტენზიაც ჰქონდა - დავაკმაყოფილებ და ამასთანავე, მზად ვარ, რამაც პრობლემა შექმნა, ანუ ჩემი სავაჭრო პოლიტიკა გავასწორო“. თუ მოვაჭრის მხრიდან იკვეთება ასეთი მზაობა, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება ფორმდება. სააგენტოს მიერ განისაზღვრება გონივრულ ვადა და ამ პერიოდში თუ ყველა პირობა სრულდება, საქმე დასრულებულად ითვლება. ჩვენი გადაწყვეტილებების ძირითადი ნაწილი სწორედ ასეთი ტიპის შეთანხმებებზე მოდის. ეს ძალიან მომგებიანია ყველა მხარისთვის. 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან, როდესაც აღსრულება დავიწყეთ, 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, პირდაპირი სარგებელი, რაც მომხმარებლებმა მიიღეს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებით, დაახლოებით 500 ათას ლარს აღემატება. ეს მომხმარებლისთვის პირდაპირ საგრძნობია. თუ მაგალითად დარღვევა დადასტურდა, კომპანია დავაჯარიმეთ და მან ჯარიმა გადაიხადა, ეს ჯარიმა ბიუჯეტში მიდის და ამით მომხმარებელს არაფერი. უბრალოდ, უკომპენსირდება ის დარღვევა, რაც მის წინაშე იყო.

ერთეული შემთხვევებია, როდესაც მომხმარებელთა პრეტენზია არ დაკმაყოფილდა, ანუ, დარღვევა არ დადასტურდა, საფუძველი არ იყო და საქმე შეწყდა. ასევე, არის შემთხვევები, რაც განსაკუთრებით მცირე და ონლაინ ქსელებში არსებულ მეწარმეებს ეხება, როდესაც მათ არ აღადგინეს მომხმარებელთა უფლება. დარღვევა დაუდასტურდათ, არ გამოასწორეს და ჩვენ დავაჯარიმეთ კომპანიები.

დღეის ჩათვლით, ჯარიმების მოცულობა შეადგენს 30 986 ლარს. ჩვენ გვაქვს მინიმალური ჯარიმის სტანდარტი. თუ კომპანია ბრუნვებს ვერ აჩვენებს, მინიმუმ 600 ლარით ვაჯარიმებთ. თუ ბრუნვები აქვს კომპანიას, ბრუნვის 2%-მდე ჯარიმდება - ეს განისაზღვრება დარღვევის სიმძიმით.

მომხმარებელთა საკითხების 65% ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოდის, რადგან ონლაინ ვაჭრობის დროს უფრო მეტი პრობლემა წარმოიშობა - მომხმარებელი ფიზიკურად ვერ ნახულობს ნივთს; სურათში შეიძლება ერთია, რეალურად კი მეორე ან აღწერილობა რეალურ პარამეტრებს არ შეესაბამება. ამიტომ, უფრო მეტი პრეტენზია მოდის ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით. მომართვის კუთხით თბილისი ყველაზე აქტიურია, თუმცა ბოლო პერიოდში პროცენტული მაჩვენებლები რეგიონებშიც იმატებს, რაც ჩვენი საინფორმაციო უზრუნველყოფის შედეგად ხდება.

საკითხების 67% მოდის საბითუმო და საცალო ვაჭრობის მიმართულებით, შემდეგ არის ტრანსპორტი და დასაწყობება. ეს ძირითადად ეხება იმ კომპანიებს, ვინც ნივთის ტრანსპორტირებას ახდენენ - მაგალითად, მომხმარებელს დროულად არ ჩამოუტანეს ნივთი, დაკარგეს ან დაუზიანეს. არის მცირე პროცენტები ხელოვნება, გართობა და დასვენების მიმართულებით, ასევე ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება და ნებისმიერი სხვა ტიპის მომსახურება.

ყველაზე დიდი პროცენტი მოდის ნაკლიანი ნივთის შეკეთებაზე ან დაბრუნებაზე. შემდეგია ნაკლოვანი მომსახურების უფლების აღდგენა, თანხის დაბრუნება და ა.შ.“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება