საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის მიერ ორგანიზებულ საპარლამენტთაშორისო სხდომაში ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე განიხილეს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ისეთი საკითხები, რომლებიც პროდუქციის წარმოებისა და მოხმარების ახლებურ, თანამედროვე ხედვას უკავშირდება და რომლის მიზანიცაა ნარჩენების მინიმიზაცია და რესურსების მაქსიმალურად გამოყენება.
„მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ეკოლოგიისა და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების პრობლემატიკა და ცირკულარული ეკონომიკის ფორმაზე გადასვლის დადებითი გავლენები გარემოსა და წარმოებაზე.
მაია ბითაძემ სხდომაზე გამოსვლისას, ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის მიმართულებით საქართველოში გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე, ნარჩენების გადამუშავების პრინციპის გამართულად დანერგვასა და წარმოების და რესურსების მოპოვების პროცესში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის განათლების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სხდომა ბელგიის ფლამანდრიის პარლამენტში გაიმართა ევროკავშირის წევრებისა და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.