რუსთაველის სახელმწიფო თეატრში სერგო ფარაჯანოვის ფილმის - „ბროწეულის ფერის“ მოტივებზე შექმნილი სომხურ-ფრანგული ქორეოგრაფიული სპექტაკლის ჩვენება გაიმართა

18 მარტს, თბილისში, რუსთაველის სახელმწიფო თეატრში სერგო ფარაჯანოვის ფილმის - „ბროწეულის ფერის" მოტივებზე შექმნილი სომხურ-ფრანგული ქორეოგრაფიული სპექტაკლის ჩვენება გაიმართა, რომელიც ლეგენდარული კინორეჟისორის ასი წლის იუბილეს მიეძღვნა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელი ფრანგი ქორეოგრაფი მურად მერზუკია, ორიგინალური იდეის ავტორი კი სათე ხაჩატრიანი, ფრანგული თეატრალური გაერთიანების „Saté-âtre" დირექტორი. წარმოდგენა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკისა და საფრანგეთის საელჩოების, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და „თიბისი ბანკის“ ორგანიზებით გაიმართა.

„ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები ლაშა დარსალია და თეიმურაზ ჯანჯალია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კულტურის და საზოგადო მოღვაწეები, საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, აშოტ სმბატიანი და საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი. სიტყვით გამოსვლისას საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა ისაუბრა მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის განუმეორებელ გენიალურობის და ფასდაუდებელი შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესახებ, რომელმაც გაამდიდრა არა მხოლოდ სომხური, ქართული და მსოფლიო კინოსამყარო, არამედ უნიკალური მხატვრული სტილი შემოიტანა კულტურის სამყაროში, რომელიც საფუძვლად დაედო ამ ქორეოგრაფიული წარმოდგენის შექმნას. სმბატიანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ამ სპექტაკლის თბილისში ქართველი მაყურებლისთვის ჩვენების მნიშვნელობას, რადგან ფარაჯანოვი, როგორც თბილისელი, ღრმად იყო დაკავშირებული ამ ფერადი კულტურითა და ისტორიით მდიდარ ქალაქთან, რომელიც წარუშლელი კვალი დატოვა მის შემოქმედებაზე. და შემთხვევითი არ არის, რომ ფარაჯანოვის ასი წლის იუბილე სომხეთის, საქართველოსა და უკრაინის ერთობლივი განაცხადის საფუძველზე იუნესკოს გამოჩენილი ადამიანებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების იუბილეების 2024-2025 წლების კალენდარში მოხვდა“, - აღნიშნულია სომხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს