ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სხდომას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა თავმჯდომარეობდნენ.
„კომიტეტის მიმდინარეობისას იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა- ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული უსაფრთხოება: ევროკავშირის ენერგეტიკის კანონმდებლობასთან და პოლიტიკასთან დაახლოება აღმოსავლეთ ევროპის კანდიდატ და პარტნიორ ქვეყნებში.
სხდომის მიმდინარეობისას მაია ბითაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რომელიც უზრუნველყოფს როგორც კავკასიის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ისაუბრა საქართველო-რუმინეთის შავი ზღვის წყალქვეშა საკაბელო პროექტის ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობაზე, რომელიც გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ევროპასა და კავკასიის რეგიონში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
„რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინაში და 2005-2013 წლებში საქართველოსათვის გამოცხადებულმა ენერგეტიკულმა ემბარგომ კიდევ ერთხელ დაადასტურა გადაუდებელი აუცილებლობა რუსეთის ენერგორესურსებისგან ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის შესახებ. საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და Energy Community-ის წევრი ქვეყანა მუშაობს ევროპული ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების კანონმდებლობაზე და ცდილობს მდგრად განვითარებას ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად. ამ პროცესში ჩვენ განვიხილავთ მწვანე, სამართლიან გადასვლას, როგორც ძირითად მექანიზმს ენერგეტიკული უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველომ გარემოსდაცვითი მიმართულებით 11 სრულიად ახალი კანონი მიიღო და 200-ზე მეტი ცვლილება შეიტანა არსებულ საკანონმდებლო აქტებში. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს სრულიად ახალი კანონი წყლის რესურსების მართვის შესახებ, ასევე, სამრეწველო ემისიების შესახებ კანონი, ტყის კოდექსი და ა.შ. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმა (NECP), რომელიც შემდგომში წარმართავს ქვეყნის განვითარებას მდგრადი ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური განვითარების მიზნების მისაღწევად. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტი 2024 წელს გეგმავს მიიღოს კლიმატის ცვლილების შესახებ საქართველოს კანონი", - განაცხადა მაია ბითაძემ.
პარლამენტის ცნობით, სხდომის ბოლოს, საქართველოს დელეგაციის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით, დელეგაციებმა კომიტეტის განსახილველი და სამუშაო შემდეგი საკითხი აირჩიეს - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მდგრადი მომავალი ენერგეტიკული სისტემების ცვალებადი პარადიგმის გათვალისწინებით".