ქართული პრესის მიმოხილვა 01.04.2024

ევროპირველობის კარი საქართველოს ნაკრებისთვის აღარასდროს უნდა დაიკეტოს!

რუსებმა უკვე ყველაზე მძლავრი არაბირთვული იარაღის გამოყენება დაიწყეს - წმენდა უკრაინის მთავრობაში

მამუკა არეშიძე - „...მაშინ ტრაგედიამ გაგვაერთიანა, ახლა კი გამარჯვებამ“

სომხეთი ერთ სოფელს გვიბრუნებს? - „როგორც ჩანს, ეს სომხეთის მთავრობის ახალი კონცეფციაა“

ლაშა ძებისაშვილი - “თუ კრემლში მიზნად დაისახეს საბჭოთა კავშირის აღდგენა, საქართველო იქნება პირველი და ომი აქ აუცილებლად იქნება”

* * *

ევროპირველობის კარი საქართველოს ნაკრებისთვის აღარასდროს უნდა დაიკეტოს!

“ჩვენ ძალიან, ძალიან შორიდან მოვდივართ საკუთარ თავამდე”, _ მამარდაშვილმა ეს ფრაზა ნახევარი საუკუნის წინ დაწერა, მერაბ მამარდაშვილმა, დიდმა ქართველმა ფილოსოფოსმა. მისმა ახალგაზრდა მოგვარემ კი სიტყვა საქმედ აქცია და `ძალიან შორიდან მომავლები~ ძალიან ახლოს მიგვიყვანა ევროპის ასე ნანატრ ჩემპიონატთან! ცხადია, არა მარტო გიორგიმ: საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა, მწვრთნელებმა, ფედერაციის თანამშრომლებმა, გულშემატკივარმა. ყველამ, ვინც წლების განმავლობაში ელოდა, ვისაც სულ სჯეროდა, რომ ევროპირველობის კარი საქართველოს ნაკრებისთვისაც გაიღება... გაიღო კიდეც და... აღარასდროს უნდა დაიკეტოს! ქართველი გულშემატკივარი იმსახურებს, რომ ეს სიხარული ტრადიციად იქცეს. ჩვენმა ფეხბურთელებმაც ისევე სტაბილურად ითამაშონ ხოლმე კონტინენტის პირველობაზე, როგორც ქართველმა კალათბურთელებმა და მორაგბეებმა მიგვაჩვიეს. დიახ, წარმატებამ მიჩვევა იცის და თუ ერთხელ გასინჯე, მარცხს ვეღარ შეეგუები. “თუ თქვენ ერთხელ გემო გაუგეთ თავისუფლებას, შეიცანით იგი - ვეღარასდროს დაივიწყებთ”, - ესეც ქართველი ფილოსოფოსის სიტყვებია. თავისუფლების გემო 33 წლის წინ გავიგეთ, “საფეხბურთო თავისუფლებისა” - კიდევ უფრო ადრე”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით ბედნიერებით სავსე ქვეყანა.

“ნიშანდობლივია, რომ საბჭოთა კავშირს ჯერ ქართული ფეხბურთი გამოეყო და მხოლოდ შემდეგ - მთელი ქვეყანა და 30-წლიანი ლოდინის შემდეგ, პირველი “ევროკავშირშიც” ფეხბურთი შედის.... მერე რა, რომ ბოლომდე ჯერ არ გვიპოვია “საკუთარი თავი”? ჩვენმა საყვარელმა ნაკრებმა იპოვა ძალაც, მუხტიც და რაც მთავარია, ევროპის ჩემპიონატის საგზურიც! ჯერ კიდევ ეიფორიაში ვართ. ბოლომდე ჯერაც ვერ ვაცნობიერებთ, რა მოხდა, ოღონდ იმას კი ყველა ვხვდებით, რომ რაღაც დიდის, რაღაც ახალი ეტაპის დასაწყისში ვართ და ეს მუხტიც, მოლოდინიცა და სიხარულიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ბერძნების დამარცხების შემდეგ ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრების უმეტესობა “დინამო არენის” მინდორზე შევარდა და... მოედანი წარმოუდგენლად სწრაფად გაივსო. თუმცა სავსე მხოლოდ მინდორი და სარბენი ბილიკები არ ყოფილა. მთელი საქართველო სავსე იყო: ფეხბურთით, სიამაყით, იმედით სავსე!” - აღნიშნავს გამოცემა.

“მთლიანობაში თანაბარი მატჩი იყო. ფავორიტად მიჩნეულ საბერძნეთს განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია - დაბალანსებული, კარგად ორგანიზებული, მაგრამ უფანტაზიო გუნდია. ბერძნული მედია წერდა ნამატჩევს, მეტოქის უპატივცემულობის გამო დავისაჯეთ, ამპარტავნებამ დაგვღუპაო. ალბათ, ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა თუ აძლევდათ ცხვირის მაღლა აწევის საფუძველს - აქამდე გამართული ცხრა მატჩიდან ელინებს ჩვენთვის 7 ჰქონდათ მოგებული, 2 - ფრედ დასრულდა, თორემ საბერძნეთის ნაკრები ევროპის მასშტაბითაც კი არ არის გრანდი და ”ევრო-2004”-ის სენსაციურ ჩემპიონობას თუ არ ჩავთვლით, ფეხბურთში სხვა მიღწევებით ვერც დაიკვეხნის. ბერძნების ჯავრი ყველა წყენისთვის ამოვიყარეთ და თანაც ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში! ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში არ ყოფილა ტურნირი, სადაც მინიმუმ ერთი დებიუტანტი არ თამაშობდა. ასეთი `ევრო-2024~-ზეც იქნება და... მისი სახელია “საქართველო”! მე ვარ საქართველო! გამარჯვებული, ბედნიერი და ამაყი!” - განაგრძობს გამოცემა.

“გმირობისთვის აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც ჰერაკლე, იასონი ან პრომეთე გერქვას. არადა, ბერძნების უხეში თამაშის შემყურე, სოცქსელში ენამოსწრებულად იხუმრეს, ხომ არიან ღირსი, პრომეთე ავუშვათ და ამათ დედა ვუტიროთო? ბერძნების ყველა ნამდვილსა თუ მითოლოგიურ გმირს კვარას ერთი ფინტი გვირჩევნია, ჩაკვეს დიდოსტატური პასი, მამარდას ჯადოსნური ხელი, ნაკრების ჯერაც ახალბედა ქოჩორა 120 წუთის განმავლობაში რომ არ გაჩერებულა, მერე კი, პირველი თერთმეტმეტრიანი ისე მშვიდად გაიტანა, თითქოს სასწორზე ევროპის ჩემპიონატის კი არა, მხოლოდ ვალენსიის საგზური იდო. ჰერაკლეს თორმეტივე გმირობას ის წამები გვირჩევნია, წაქცეული ბუდუ ზივზივაძე თავით რომ ცდილობდა მეტოქის ფეხთან დაგდებული ბურთის დარტყმას, 38 წლის ჯაბა კანკავას ხასიათი, მარტის მატჩებში მხოლოდ ათიოდე წუთი რომ ითამაშა, მაგრამ ამ მცირე დროშიც ყველას აჩვენა, რომ “დინამო არენაზე” თავხედობას არავის აპატიებენ! ინგლისის პრემიერლიგის ნებისმიერ ვარსკვლავს დვალი, კიტე და კვირკველია - ბოლო მატჩებში ყველა კრიტიკოსი რომ გააჩუმა - გვირჩევნია, კვეკვესკირის დიდოსტატური პაუზა გადამწყვეტი პენალტის წინ, ცრემლის ის თითოეული წვეთი, ვილი სანიოლის, ქართველი ფეხბურთელების და ათასობით გულშემატკივრის თვალზე რომ ვნახეთ...” - დასძენს გამოცემა.

“ბოლო ორ მატჩს თუ არ ჩავთვლით, იშვიათად მახსენდება თამაში, როცა ვილი სანიოლი არ გამიკრიტიკებია. გულწრფელად ვიტყვი, მაღალი დონის მწვრთნელად არც ახლა მიმაჩნია, მაგრამ მარტის მატჩებზე გუნდს აშკარად ეტყობოდა ფრანგი მწვრთნელის ხელი. მთავარი კი, რაც მისი მოსვლისთანავე მომეწონა, ის არის, რომ ნაკრების კიდევ უფრო შეკვრა, გაერთიანება შეძლო, “კვერცხებიანი მოთამაშეები” მოსწონს და არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს არ ერიდება. ერთი შეხედვით უცნაური, ზოგჯერ ძნელად გასაგები ნაბიჯების მიუხედავად, სანიოლის გუნდში არ არის კონფლიქტები. არადა, რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მწვრთნელ-მოთამაშეების დაპირისპირება გვინახავს! და ეს ძალიან კარგია! ისე ჩანს, რომ რამდენიმეწლიანი “ექსპერიმენტების” შემდეგ, ფრანგმა მწვრთნელმა მიაგნო იმ ტაქტიკასა და შემადგენლობას, ამ ფორმაციის ნაკრებისთვის მეტ-ნაკლებად ოპტიმალური რომ არის. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ ვილის ყველა ნაბიჯმა გაამართლა. საქართველო ევროპაზეა, სანიოლმა კი პირველად იტირა (მეც!) ფეხბურთის გამო. სწორედ ასე თქვა იმ ადამიანის შვილმა, შთამბეჭდავი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, უამრავი გამარჯვება და მარცხის ბევრი სიმწარე რომ უნახავს. მამამ პირველად იტირაო”, - წერს სტატიის ავტორი, `კვირის პალიტრის” სპორტული ჟურნალისტი რატი შელეგია.

“იმ მცირერიცხოვან ჟურნალისტებს, ვინც 2020 წლის 12 ნოემბერს საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის შემდგომ პრესკონფერენციას დავესწარით, დღემდე მწარედ გვახსოვს, როგორ დაიმხეს თავზე “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზი სიხარულისგან გადარეულმა ბალკანელებმა. 27 მარტის გამთენიისას იგივე დარბაზი, რომლის კედლებსაც ქართული ფეხბურთის ყველა თაობის ვარსკვლავების ფოტოები ამშვენებს, მონატრებულმა ქართულმა ყიჟინამ შეცვალა - ამჯერად საპრესკონფერენციო მაგიდაზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ცეკვავდნენ. ზეიმის დროს ნაკრების ბიჭებს შებრუნებული მაისურები ეცვათ - გვარებით წინ. ასეც უნდა იყოს, ქართული ფეხბურთის საქმე წაღმა უნდა წავიდეს! არც გვაქვს უფლება, მუხტი, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა, ერთ რიგით გამარჯვებამდე დავიყვანოთ და ქართულმა ფეხბურთმა ძველებურად გააგრძელოს ცხოვრება. საყოველთაო ყურადღებაც, მიღებული ფინანსებიც და დიდ საფეხბურთო ტურნირზე მიღებული გამოცდილებაც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ”, - განაგრძობს სპორტული ჟურნალისტი.

“იტალიაში გადასვლიდან რამდენიმე თვეში ხვიჩა კვარაცხელიამ ქართული ფეხბურთი სხვა მასშტაბებზე გაიყვანა და ქართველებს სიამაყე დაგვიბრუნა. არა მარტო იტალიაში მცხოვრებ ჩვენებურებს, მთელ საქართველოს, ოღონდ ეს იტალიურ კლუბში მოთამაშე ერთი კონკრეტული ქართველის ჯადოქრობა იყო, პატარა ბიჭის მაგია, რომელმაც ფეხბურთისადმი ინტერესიც შეცვალა ჩვენს ქვეყანაში და მთლიანად მსოფლიოში ქართული ფეხბურთის მიმართ დამოკიდებულებაც. 26 მარტის გამარჯვება კი გაცილებით მაღალი თამასაა. ახალი ეტაპი და ჯილდოა სამი ათწლეულის განმავლობაში განცდილი უამრავი იმედგაცრუებისთვის. დღესაც, საბერძნეთთან გამარჯვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ სიზმარში ვართ. ემოცია ჯერ არ ჩამცხრალა და გამარჯობის ნაცვლად ჯერ კიდევ “გილოცავ” ისმის. ჯერ ისევ მზად ვართ უცნობ ადამიანებსაც კი ჩავეხუტოთ, სიხარული გავუზიაროთ, და რაც მთავარია, დარწმუნებული ვართ, რომ არც ერთ ჩვენგანს არ (გა)უჩნდება კითხვა: რამ გადარია ეს ხალხი?! მამაჩემისგან ვიცი: 1981 წლის 13 მაისის ტრიუმფის ღამეს, როცა თბილისის ქუჩებს ზღვასავით მოედო ათასობით აჟიტირებული ადამიანი, საქართველოს დედაქალაქში ერთი დანაშაულიც არ მომხდარა! იმავეს ვხედავდით 27 მარტის დილითაც: რომელი დანაშაული?! საქართველოს ქალაქების ქუჩები ქართულდროშებიანი ავტომანქანებითა თუ ქვეითებით იყო სავსე. კიდევ, ბევრი სიგნალით, სიმღერით, სიხარულით... მე ვარ საქართველო! სულ საქართველო ვიყავი, მაგრამ დღეს გაცილებით ბედნიერი და ამაყი ვარ. და წაგებულის მენტალიტეტიც მოვიშორეთ!”, - ამბობს შელეგია.

“ეს წარმატება მხოლოდ ფეხბურთისთვის არ ყოფილა მნიშვნელოვანი - დიდი ამბავია მთლიანად ქვეყნისთვის. ფეხბურთს მართლაც შეუძლია გააერთიანოს მთელი ქვეყანა... სტადიონზე რაც ხდებოდა, ყველამ ვნახეთ, მაგრამ არანაკლებ ემოციურია ის უამრავი ვიდეო, სოციალურ ქსელებში რომ ვრცელდება - სიხარულისგან ატირებული, ჭკუიდან გადასული ადამიანების გულწრფელი ემოცია... ეს შეუძლია ფეხბურთს. ეს შეუძლია ერთიანობას. 27 მარტის დილა 30-წლიანი იმედგაცრუების დასასრული იყო და გასული წლების დამსახურებით მოტანილი შედეგი - ვიტალი დარასელიას დიდებული მოძრაობის, დათუნაშვილის `ჩახვეული~ კუთხურების, ხორვატიასთან 90-ე წუთზე გატანილი გოლის, გიორგი ქინქლაძის უსაზღვრო ნიჭისა და “ჯადოსნური მარცხენის” - კვარას მსგავსად, პირველივე სეზონში რომ გადარია ინგლისური პრემიერლიგა, იმ ბავშვების იმედის გამართლება, მესის მაისურები უკვე სექტემბერში რომ გადაცვალეს `ნაპოლიში~ აგვისტოში გადასული კვარაცხელიას მაისურებზე! სანიოლის შვილს უთქვამს, პირველად ვნახე, როგორ იტირა მამაჩემმა ფეხბურთის გამოო და მეც პირველად ვნახე, როგორ ტიროდა პრესლოჟაში ყველა ჟურნალისტი და მთელი სტადიონი! - დასძენს სტატიის ავტორი.

“უკვე კარგა ხანია, ცნობილია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი: 18 ივნისს დორტმუნდის “სიგნალ იდუნა პარკზე” თურქეთის ნაკრებს ვეთამაშებით, 22 ივნისს ჩეხეთთან მატჩია (ჰამბურგი, “ფოლკსპარკშტადიონი”), 26-ში _ საქართველო-პორტუგალია (გელზენკირხენი, “ფელტინს არენა”). პირველ, ჩვენთვის ისტორიულ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ ვითამაშებთ. გერმანიაში მილიონობით ეთნიკური თურქი ცხოვრობს, ცხადია, დორტმუნდის ულამაზეს სტადიონზეც ათეულობით ათასს ვნახავთ, თუმცა... “ერთით მეტი”მაინც ჩვენ ვიქნებით _ 18 ივნისი ხომ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის - დავით ყიფიანის დაბადების დღეა! ახლა ჩვენი წილი, ჩვენთვის ისტორიული ტურნირი გვაქვს სათამაშო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყიფოსთვის, პაიჭაძისთვის, ქინქლაძისთვის, ძველი და ახალი თაობის ყველა ფეხბურთელისთვის, თითოეული “სტაჟიანი” თუ ახალბედა გულშემატკივრისთვის, დღემდე საეტაპო გამარჯვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კიდევ და კიდევ, ვინ იცის, მერამდენედ რომ უყურებენ პენალტების სერიას, კვეკვესკირის გადამწყვეტ დარტყმას, ჩვენთვის სრულიად უცნობი და იმავდროულად საოცრად ახლობელი ადამიანების გულწრფელ ემოციებს... ჩვენი ქვეყანა ფეხბურთით იყო სავსე და ამ მონატრებული ემოციისგან აღარასდროს უნდა დავიცალოთ - მე ვარ საქართველო, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!” - დაასკვნის სტატიის ავტორი.

რუსებმა უკვე ყველაზე მძლავრი არაბირთვული იარაღის გამოყენება დაიწყეს - წმენდა უკრაინის მთავრობაში

“რუსეთის არმიამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად გამოიყენა თავისი ყველაზე მძლავრი არაბირთვული იარაღი - მძიმე თერმობარული საავიაციო ბომბი “ოდაბ-1500”. სპეციალისტთა შეფასებით, მას განსაკუთრებულად მძლავრი გამანადგურებელი ეფექტი აქვს, ხოლო მისი აღმოჩენა და ჰაერშივე გაუვნებელყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია. “ოდაბ-1500” რუსებმა 29 მარტს სუმის ოლქის სოფელ ველიკაია პისარევკასთან ჩამოგდეს. ანალიტიკოსების თქმითთ, ამ ბომბებს საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ავღანეთში იყენებდა, რომლის თავისებურება ისაა, რომ “მასში დიდი წნევითაა ჩაჭირხნული აირი, რომელიც მიწაზე დაცემამდე სარქველებიდან დიდი სისწრაფით გამოიდევნება, აირით სანგრებს, ან სარდაფებს ავსებს, წამის მეასედის დაყოვნებით დეტონირდება, შემდეგ კი სადაც აირმა შეაღწია ცეცხლის ალი ყველგან შედის და ანადგურებს”. ანალიტიკოსთა თქმით, არაა გამორიცხული რუსებმა მისი გამოყენება მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზეც სცადონ. აღსანიშნავია, რომ ამავე კლასის, ოღონდ უფრო მცირე ბომბები უკრაინაში რუსებს აქამდეც აქვთ გამოყენებული - “ოდაბ-175” და “ოდაბ-500”. თუმცა “ოდაბ-1500”, რომელიც 1500 კილოგრამს იწონის, სიმძლავრით მათ რამდენჯერმე აღემატება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსებმა უკვე ყველაზე მძლავრი არაბირთვული იარაღის გამოყენება დაიწყეს - წმენდა უკრაინის მთავრობაში და ბოლო ცნობები ფრონტიდან.

“უშუალოდ ფრონტზე სიტუაცია კვლავ “გაყინულია”, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი აშშ-ის დახმარების დაყოვნების გამო, კვლავ პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებს. ამის პარალელურად კი უკრაინაში დიდი საკადრო წმენდა დაიწყო. გასულ კვირას ზელენსკიმ თანამდებობიდან გადააყენა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის მდივანი ალექსეი დანილოვი, რომლის ადგილიც საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა ალექსანდ ლიტვინენკომ დაიკავა. ამის შემდეგ პრეზიდენტის ოფისში ზელენსკიმ გადააყენა პირველი თანაშემწე და ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე სერგეი შეფირი. ასევე სამი შტატგარეშე მრჩეველი - მიხალ რადუცკი, სერგეი ტროფიმოვი და ოლეგ უსტენკო. გადააყენეს პრეზიდენტის რწმუნებული მოხალისეთა საქმეებში ნატალია პუშკარიოვა და პრეზიდენტის რწმუნებული სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვაში ელენა ვერბიცკაია. ასევე ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის მოადგილეები - ანდრეი სმირნოვი და ალექსეი დნეპროვი. უახლოეს დღეებში საკადრო გადაადგილებები უკრაინის მინისტრთა კაბინეტშიც იგეგმება, თუმცა პრეზიდენტის ჯერ საბოლოოდ არ დაუდგენია როგორი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის თქმით, აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკან დახევა მოუწევთ. ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ განხორციელებულ ენერგეტიკულ სისტემაზე თავდასხმებზე ვაშინგტონის რეაქცია პოზიტიური არ იყო. “ჩვენ საკუთარი დრონები გამოვიყენეთ. ვერავინ გვეტყვის, რომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია. თუ ჩვენი ენერგეტიკული სისტემის დასაცავად საჰაერო თავდაცვა არ გვაქვს და რუსები მას თავს ესხმიან, ჩემი კითხვაა - რატომ არ შეგვიძლია, რომ მათ ვუპასუხოთ?”, - აღნიშნა მან “ვაშინგტონ პოსტთან” ინტერვიუში. ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა და ფინანსური დახმარების პაკეტის სწრაფი დამტკიცებისკენ მოუწოდა. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინა ახლა ძალ-ღონეს არ იშურებს და ფრონტზე სახარჯო მასალის მობილიზება ჯერ კიდევ ხდება, თუმცა თუ ამას ამერიკული დახმარება არ წამოეწია, უკანდახევა მართლაც მოუწევთ”, - განაგრძობს გამოცემა.

“უკრაინის არმიას, სამწუხაროდ, ისედაც უწევს ნელ-ნელა უკან დახევა. ჯერჯერობით უკან იხევენ ნაკლებად მნიშვნელოვანი სოფლებიდან, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ფრონტის ხაზი მიადგება ალბათ უფრო მნიშვნელოვან და ბევრად დიდ ქალაქებს, ვიდრე ეს იყო ავდეევკა, ან მარიინკა. რა თქმა უნდა, ახლა ძალ-ღონეს არ იშურებენ და ფრონტზე ყველა საშუალების მობილიზება ხდება, რომ როგორმე ძირითადი სახარჯო მასალა შეავსონ. ჯერჯერობით სიტუაცია ისეთია, რომ შესაძლოა რუსეთი მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში გენერალურ შეტევაზე გადავიდეს. მანამდე უკრაინის არმიამ რამენაირად უნდა იპოვოს ეს რესურსები, რომ თავდაცვითი საშუალებები გაიძლიეროს. (თუ ამერიკული დახმარება არ იქნა) რა თქმა უნდა, რთულად იქნება საქმე, ძირითადი დამხმარე სწორედ ამერიკული მხარე უფრო იყო, ვიდრე ევროპა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

“პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი აღნიშნავს, რომ ყველაზე საჭირო მაინც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებია, რის გარეშეც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი დიდი იქნება. “უკრაინას დღეს რა რესურსი აქვს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ზელენსკი იმაში მართალია, რომ საჰაერო თავდაცვა, რაც ყველაზე კრიტიკული ელემენტია, ამერიკიდენ მოდის. მის გარეშე შესაძლოა მაინც და მაინც უკან დახევა არ მოუწიოთ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ ბრძოლა იმ ასპექტში, რომ დიდი მსხვერპლი ექნებათ, განსაკუთრებით მშვიდობიან მოსახლეობაში. ფრონტზე აქტივობები ყველგანაა, გაყინვას ამას ვერ დაარქმევ. უბრალოდ, არც ერთი მხრიდან წინსვლა არაა. ბრძოლები ყველგანაა - ზაპოროჟიეს სამხრეთში, ავდეევკა-ბახმუტისკენ, სვიატოვო-კრემინას ხაზზე, ხერსონის ოლქში დნეპრის სანაპიროზე”, - ამბობს ლაშა ბერიძე. რუსეთმა უკრაინას პირველად დაარტყა „ოდაბ-1500“ ტიპის მძიმე თერმობარული ავიაბომბით, რომელსაც საკმაოდ დიდ ფართობზე აქვს გამანადგურებელი ეფექტი. ასეთი ბომბის ჩავარდნის შემთხვევაში, დაახლოებით 1 კმ სიმაღლის სოკოსებრი კვამლი ამოდის”, - დასძენს გამოცემა.

“გერმანული “ბილდი” წერს, რომ აღნიშნული ავიაბომბი რუსებმა სუმის ოლქის სოფელ ველიკაია პისარევკაში ჩამოაგდეს. როგორც გერმანელი ექსპერტი და ჟურნალისტი ჯულიან რობკე აღნიშნავს, დასახლებულ რაიონში 1,5 ტონიანი ბომბის გამოყენება “რუსეთის თავდასხმის ახალი ფსკერია უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ”. აღსანიშნავია, რომ მოცულობითი აფეთქების ავიაბომბი საბჭოთა კავშირის დროინდელი თერმობარული ჭურვია, რომელიც დაცემამდე, მიწის ზედაპირიდან 10 მეტრის სიმაღლეზე აფრქვევს აალებად ნარევს აეროზოლის მსგავსად და ცეცხლის ალში ახვევს სამიზნეს. ამ ტიპის საბრძოლო მასალას აქვს უფრო მეტად დამანგრეველი ეფექტი, ვიდრე კლასიკურ საბრძოლო მასალას. ირაკლი ალადაშვილი იმ მონაცემებზე ყვება, რაც”ოდაბ-1500”-ებს აქვთ. ლაშა ბერიძე ამბობს, რომ “ოდაბ-1500”-ები რუსებმა შესაძლოა უკრაინის ფრონტზე ნებისმიერ ადგილზე გამოიყენონ, მისი აღმოჩენა და მასთან ბრძოლა კი საკმაოდ რთულია.

“ესაა მოცულობითი აფეთქების საავიაციო ბომბი. ამას საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ავღანეთში იყენებდა. ამ ბომბის თავისებურება ისაა, რომ მასში დიდი წნევითაა ჩაჭირხნული პროპანი, ან სხვა აალებადი აირი, რომელიც ბომბის მიწაზე დაცემამდე სარქველებიდან დიდი სისწრაფით გამოიდევნება. აირით სანგრებს ან სარდაფებს ავსებს და მცირედი - წამის მეასედის დაყოვნებით დეტონირდება. სადაც აირმა შეაღწია, ცეცხლის ალი ყველგან შედის და ყველაფერს ანადგურებს. ჩვეულებრივ ბომბს ადამიანი შეიძლება სარდაფში ან სანგარში გადაურჩეს. “ოდაბის” გამოყენების შემთხვევაში კი დიდი შანსია, რომ გაზმა ასეთ დაცულ ადგილებშიც შეაღწიოს. ეს, რა თქმა უნდა, საშინელი იარაღია და პირველ რიგში სახიფათოა, თუ მჭიდროდ დასახლებულ ადგილას იქნა გამოყენებული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. აქამდე რუსებმა ამ ომში ეს იარაღი რამდენჯერმე უკვე გამოიყენა, უბრალოდ ახლა მიექცა ამას ყურადღება”, - განმარტავს ირაკლი ალადაშვილი.

“ეს არის ე.წ. გლაიდერი, რომელსაც საჰაერო პლატფორმებიდან ისვრიან შორი, უსაფრთხო მანძილიდან. შემდეგ უკვე თვითონ მიდის, მიზანს მექანიკურად ეჯახება და ფეთქდება. შესაძლოა რუსებმა ნებისმიერ ადგილზე გამოიყენონ. ამ “გლაიდერებთან” ბრძოლა და მათი აღმოჩენა საკმაოდ რთულია”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.

მამუკა არეშიძე - „...მაშინ ტრაგედიამ გაგვაერთიანა, ახლა კი გამარჯვებამ“

“ამ გამარჯვებით სპორტულ შედეგზე ცოტა მეტი შედეგი დადგა - საზოგადოებრივი მუხტის არნახული აფეთქება. არც ვიცი, ამას რა დავარქვა, რათა ზუსტი შეფასება გამომივიდეს - ჩვენ ვნახეთ ეროვნული ენერგიის უპრეცედენტო კონცენტრაცია. მე მომსწრე ვარ 1981 წლის 13 მაისის, როდესაც “დინამომ” თასების მფლობელთა თასი მოიგო. კარგად მახსოვს, რაც იმჟამად ხდებოდა, მაგრამ მაშინ ეს კიდევ სხვა რამ იყო. საქართველო იმხანად საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი იყო და აქედან გამომდინარე, ამ გამარჯვებას უფრო სხვაგვარად განვიცდიდით. შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ ეს უფრო მაგონებს 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ დღეებს, როდესაც ყველას ერთმანეთი გვიყვარდა და ბრძოლის ჟინით ვიყავით აღვსილი. მაშინ ტრაგედიამ გაგვაერთიანა, ახლა კი - გამარჯვებამ. მხოლოდ ფეხბურთის სიყვარულში არ არის საქმე, ადამიანებმა ამ გამარჯვებით ერთმანეთი სხვა თვალით დაინახეს. ეს არის იმის მაგალითიც, რომ როგორც სახელმწიფოს, თუ წარმატების გზით სიარული გვინდა, ჩვენი ეროვნული ენერგია სწორედ ამგვარად უნდა გავაერთიანოთ, მხოლოდ სწორად დასახული მიზნების გარშემო კონსოლიდაციით შეიძლება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სპორტული წარმატების მიღწევა”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „...მაშინ ტრაგედიამ გაგვაერთიანა, ახლა კი გამარჯვებამ“.

“შემთხვევითი კი არ არის, რომ ქვეყნის მტრები მუდმივად ცდილობენ ჩვენს გათითოკაცებასა და ერთმანეთზე წაკიდებას. როდესაც ადამიანები ერთიანდებიან და ერთობლივად მოქმედებენ, ისეთი ენერგეტიკული ველი იქმნება, რომელიც ცვლის არსებულ რეალობას უკეთესობისკენ. ქვეყნის პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით დაყოფის ცდები მხოლოდ მტრების წისქვილზე ასხამს წყალს. სხვათა შორის, ამ გამარჯვებით გაიხარა მთელმა ქვეყანამ, მთელმა ჩვენმა მოსახლეობამ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად. ამ ყველაფრისგან შესაბამისი დასკვნების გაკეთებაა საჭირო... ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური იყო ემიგრაციაში მყოფი ქართველი ქალების რეაქცია. უნდა ვაღიაროთ, რომ ერის ერთიანობის კლიმატის შემქმნელი საქართველოში ხშირ შემთხვევაში სწორედ ქალია. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ვაღიაროთ, გასულ კვირას, არც მატჩის სამზადისისას და არც გამარჯვების შემდგომ პოლიტიკოსები არავის გახსენებია. ისინი იყვნენ თავისთვის, რაღაცებს საუბრობდნენ, გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მათ შორის ცდილობდნენ ჩვენს ნაკრებთან რაღაცით ასოცირებას, მაგრამ, დამერწმუნეთ, მათი განცხადებები თუ გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის მეათეხარისხოვანი იყო. საერთოდ გადაფარა პოლიტიკა გამარჯვების სიხარულმა. ეს უფრო კარგად გამოჩნდა სოციალურ ქსელებში.”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“ვფიქრობ, პოლიტიკურმა სპექტრმა რაღაც მაინც უნდა ისწავლოს ამ ყველაფრისგან. იქნებ მიხვდნენ ჩვენი პოლიტიკოსები, რომ ადამიანებს მათი დაპირისპირება და ლანძღვა-გინება არ აინტერესებთ. მოქალაქეებს სჭირდებათ წარმატებაზე ორიენტირებული პოზიტიური დღის წესრიგი, იმის ჩვენება, რომ მათი ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება. მართალი გითხრათ, ბევრი პოლიტიკოსის ტონში ერთგვარი გაკვირვებაც იგრძნობოდა იმით, რაც ამ გამარჯვებას მოჰყვა. ხმამაღლა კი არაფერი უთქვამთ, მაგრამ მათი განცხადებების ტონში ჩანდა ეს. ზოგმა სცადა მოვლენების განვითარებას ჩასჭიდებოდა და რაღაც სათავისოდაც გამოედნო, რაც ზოგს გამოუვიდა, ზოგსაც არა... ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ბევრი არაფერი იცვლება. კვლავინდებურად პოლიტიკანობა უფრო მეტია, ვიდრე საქმის კეთება... გარდა ამისა, მსოფლიოში შექმნილი ურთულესი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. თუ რამ კარგი შეიძლება ითქვას “ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე, ის არის, რომ მოახერხა საოცრად ამღვრეულ ვითარებაში ერთგვარად ლავირება. საქართველო რამდენიმე ფრონტზე თამაშობს ერთდროულად და ამის წყალობით ხერხდება სტაბილურობის შენარჩუნება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ქართულ სასამართლო სისტემას სჭირდება სერიოზული რეფორმირება. მას შემდეგ, რაც სააკაშვილის კადრები სრულად გადაიბარა “ქართულმა ოცნებამ”, ბუნებრივად იბადება უამრავი ეჭვი და კითხვა, რაზეც პასუხებს ვერ ვიღებთ. იმაზე ლაპარაკი, რომ სასამართლო სისტემა სრულიად თავისუფალია და პოლიტიკურ გავლენას არ განიცდის, რბილად რომ ვთქვათ, არ შეეფერება სიმართლეს. სასამართლო სისტემაში საჭიროა ცვლილებები და ამის რესურსი აქვს ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენ ამის ნებას ვერ ვხედავთ. ვეტინგს რომც დათანხმდნენ, ესეც ფორმალური პროცესი იქნება, რაც მოხდა მოლდოვაში. როგორც ვიცი, ამ სისტემას დიდი ბენეფიტები არც ალბანეთისთვის მოუტანია. ვეტინგის სისტემაში, რაც ყველაზე მეტად აშფოთებს ხელისუფლებას, არის მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაში უცხოელი სპეციალისტების ჩართვა. სიმართლე გითხრათ, პირადად მეც ეს საკმაოდ საჩოთირო მგონია. რა სახელმწიფო გვაქვს, თუ ამგვარი პროცესის წარმართვაც კი არ შეგვიძლია დამოუკიდებლად?! ამიტომ არ მომწონს ვეტინგის სისტემა, თუმცა ისევ გავიმეორებ, რომ სასამართლოს ხარვეზებს ვხედავ. ვფიქრობ, სისტემური პრობლემებია, რომელთა მოგვარებაც უნდა მოვთხოვოთ იმას, ვისაც ეს ხელეწიფება - ხელისუფლებას”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რაც შეეხება მოსკოვში მომხდარ ტერაქტს... იანვარში “ისლამური ხალიფატის” ამ განაყოფმა, რომელსაც “ხორასნის ვილაიეთი” ეწოდება, მტრების სია გაავრცელა, რომელშიც შედიოდნენ: რუსეთი, აშშ, “თალიბანი” და ირანი. ისლამისტური ორგანიზაციების მიზანია ისლამის ზეობა. მათი აზრით, მთელი მსოფლიო “ისლამური ხალიფატი” უნდა იყოს - ეს არის მათი ამოცანა. ისლამისტურ ორგანიზაციებს შორის მიდგომებსა და მოქმედების არეალშია განსხვავება. მიუხედავად იმისა, რომ “თალიბანი” ისეთივე ისლამისტური ორგანიზაციაა, როგორიც “ისლამური ხალიფატი”, ისინი ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. “ხორასანი” აქტიურობს ავღანეთის ნაწილში, პაკისტანის გარკვეულ ტერიტორიაზე და ცენტრალურ აზიაში. ის საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციაა და მისი საყრდენი შუააზიური ეთნოსებია, უპირველესად, ტაჯიკები. მათი მოქმედება მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს გაგრძელდება სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც მოუხერხდებათ. ტერორიზმი, სამწუხაროდ, დაუმთავრებელი პროცესია და ყველა სახელმწიფო მზად უნდა იყოს ამისთვის”, - განმარტავს მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - “კრემლი ცდილობს ამ ტერაქტში უკრაინული კვალი იპოვოს...” - პასუხობს:

“უკრაინას ხან ტერორისტების დაფინანსებას აბრალებენ, ხან ამბობენ, მათ შეფარებას აპირებდნენო. მე ამ ყველაფერში უკრაინის კვალს გამოვრიცხავ, ისევე, როგორც დასავლეთისას. მე ორი რამ მგონია: ან კრემლში იცოდნენ, რაც იგეგმებოდა და მიუშვეს, რადგან იფიქრეს, რომ ქვეყანაში ხალხის კონსოლიდაციისთვის შეეძლოთ გამოეყენებინათ, ან გამოეპარათ. მე უფრო მეორე მგონია. ამიტომაც ამის აღიარება არაფრით არ უნდათ და ცდილობენ სხვებს გადააბრალონ საკუთარი სისუსტე. სახელმწიფო, რომელიც ფსევდოკონსოლიდაციას ცდილობს და უკრაინაში რაღაც მიღწევებით ამაყობს, რეალურად გამოდის, დაუცველი ყოფილა, თანაც მუსლიმანურ სახელმწიფოებთან არ უნდათ ურთიერთობის გაფუჭება, ისევ დასავლეთს მიადგნენ და მიედ-მოედებიან. ვიმეორებ, ტერაქტები გაგრძელდება, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზეც”.

სომხეთი ერთ სოფელს გვიბრუნებს? - „როგორც ჩანს, ეს სომხეთის მთავრობის ახალი კონცეფციაა“

“სომხეთმა საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, შესაძლოა საქართველოს დაუბრუნოს საზღვრისპირა სოფელი ჯილიზა. ეს ინფორმაცია სომხურ მედიაში გავრცელდა და არც ერთ მხარეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს იქნება რუსეთისთვის “ხარაკირის” ტოლფასი, რადგან ერთის მხრივ ამით სომხეთი ტერიტორიების გადაცემის პრეცედენტს ქმნის და მეორეს მხრივ დასავლეთი კავკასიის რეგიონში აქტიურდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას დროში ემთხვევა 5 აპრილის აშშ-სომხეთ-ევროკავშირის დაანონსებული შეხვედრა ბრიუსელში. სოფელი ჯილიზა საქართველოს საზღვრისპირა ლორეს პროვინციაში მდებარეობს, 2008 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 108 ადამიანს შეადგენდა, ფართობი 5.57 კმ²-ია. სოფლის აღმოსავლეთით დგას ქართული არქიტექტურის ძეგლი ოფრეთის ციხე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სომხეთი ერთ სოფელს გვიბრუნებს? - „როგორც ჩანს, ეს სომხეთის მთავრობის ახალი კონცეფციაა“.

“ინფორმაციას სომხური გაზეთი, “ჟოხოვურდი” ავრცელებს. სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავენ, ხოლო 1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები ფუნქციონირებს, თუმცა ისინი მეტად პასიურ რეჟიმში მუშაობენ. გამოცემის ცნობით, სომხეთი საზღვრების დემარკაციაზე მუშაობას როგორც საქართველოსთან, ისე აზერბაიჯანთან ააქტიურებს. კერძოდ, 1990-იანი წლების დასაწყისში სომხებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რვა სოფელი დაიკავეს, ხოლო სომხური გაზეთი “ჰრაპარაკი” ახლახან წერდა, რომ პრეზიდენტი, ნიკოლ ფაშინიანი უმოკლეს დროში აზერბაიჯანისთვის ოთხი სოფლის დაბრუნებას აპირებს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ეს მიდგომა სომხეთის მოქმედი მთავრობის ახალი კონცეფციაა, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ თეორიულ ნაწილს და მხოლოდ განცხადებებს, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებსაც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სომხეთის ახლანდელი ხელმძღვანელობა ამას იმიტომ აკეთებს, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკური კურსი რაღაცნაირად შეცვალოს. დააფიქსიროს, რომ სურს მშვიდობიანი, თანასწორუფლებიანი და კეთილმეზობლური ურთიერთბების საფუძველზე დიალოგის დაწყება კავკასიის რეგიონალურ სახელწიფოებთან და აძლევს პრეცედენტს, რომ მოახდინონ საზღვრების დემარკაცია დელიმიტაცია საქართველოსა და აზერბაიჯანთან და მერე უკვე დაიწყოს მოლაპარაკებები თურქეთთან. ეს ახალი კონცეფციაა, რომელსაც ახლა სომხეთის მთავრობა იყენებს თანამედროვე სომხეთის სახელმწიფოს ფარგლებში. ეს ფაშინიანის მხრიდან არის არა მხოლოდ თეორიული ნაწილი, არამედ უკვე პრაქტიკული ნაბიჯებია. როგორც ჩანს, კობახიძის ვიზიტისას ამაზე მხარეები შეთანხმდნენ, საჯაროდ ეს არ განუცხადებიათ, მაგრამ კულუარულ მოლაპარაკებებს არ გამოვრიცხავ. ეს პრეცედენტი რუსეთისთვის ერთგვარი ხარაკირია. სხვათა შორის, ლავროვმა საკმაოდ აგრესიული და მკვახე განცხადება გააკეთა, რომ სომხეთი დასავლეთის მარიონეტი ხდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“რეგიონში ძალთა ბალანსი იცვლება, ვიცით, რომ 5 აპრილს სპეციალური კავკასიური არაფორმალური სამიტი შედგება აშშ, საფრანგეთი და ევროკავშირის მონაწილეობით და ჩანს, რომ დასავლეთი კავკასიაში ძალთა ბალანსის ცვლილებაზე მიდის. კავკასიური უსაფრთხოების ფორმატი “3+3”, სადაც საქართველოსაც ტენიდნენ და რომლებიც დასავლეთის სახელმწიფოების დაბლოკვას და რეგიონის ჩაკეტვას აპირებენ, ეს როგორც ჩანს დასავლეთში გაღიზიანებას იწვევს და იძულებულს ხდის თავისი საქმიანობა გაააქტიუროს, რომ ეს სისტემა როგორმე შეცვალოს. მეორეც, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ელემენტები როგორმე შეამციროს, არა მხოლოდ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, არამედ კავკასიის რეგიონის მიმართულებითაც შეაკავოს. აქ უკვე ამერიკის გეოეკონომიკური ინტერესები ჩნდება, აშშ-მა ჩინეთისა და რუსეთის საპირწონე ახალი გეოეკონომიკური პროექტი შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებს ჰოლანდიის პორტებიდან ინდოეთის მუმბაის პორტებამდე სატრანზიტო კორიდორი გაჭრას, ეს ინიციატივა ბაიდენმა დიდი ოცეულის სამიტზე წარადგინა და როგორც ჩანს, ისინი ამ პროექტის რეალიზაციას იწყებენ, სადაც კავკასია ერთ-ერთი სატრანზიტო ჰაბად მოიაზერება. ამასთან, საფრანგეთი ცდილობს, რომ ევროკავშირის სახელით კავკასიაზე აიღოს მეურვეობა რუსეთის ჰეგემონობის შესაკავებლად”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

“აღსანიშნავია, რომ 5 აპრილს სომხეთის, აშშ-სა და ევროკავშირის სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი. აზერბაიჯანი აღნიშნულით შეშფოთებულია - ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ”თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებიც რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს”. თავის მხრივ ერევანი აცხადებს, რომ ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრა მიეძღვნება სომხეთ-ევროკავშირ-აშშ თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს, “არ არის და არ შეიძლება იყოს მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ”. რაც შეეხება საზღვრის დემარკაციიის პროცესს, მარტის შუა რიცხვებში ბაქომ ერევანს რვა სოფლის “დაუყოვნებლივ, ყოველგვარი პირობის გარეშე” გადაცემა მოსთხოვა, ამის საპირწონედ კი სომხეთის მთავრობამ დაასახელა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე 31 სოფელი, რომელიც მათი თქმით სომხეთს ეკუთვნის, რაც ბაქომ კატეგოირულად უარყო. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ბაქოს მიერ მოთხოვნილ რვა სოფელზე გადის თბილისი-ერევანის დამაკავშირებელი ერთ-ერთი ძირითადი გზა, ასევე, რუსეთიდან მომავალი “ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის” მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც საქართველოს კვეთს და სომხეთს გაზით ამარაგებს”, - დასძენს გამოცემა.

ლაშა ძებისაშვილი - “თუ კრემლში მიზნად დაისახეს საბჭოთა კავშირის აღდგენა, საქართველო იქნება პირველი და ომი აქ აუცილებლად იქნება”

“დღეს საქართველო საბედისწერო არჩევანის წინაშე დგას - ან მოხდება ქვეყნის უსაფრთხოების და სტრატეგიული მიზნების ადეკვატური ფორმულირება და გატარდება შესაბამისი პოლიტიკა, ან ეჭვქვეშ დადგება საქართველოს როგორც პოლიტიკური, ისე ფიზიკური ერთეულის არსებობა. გარდა იმისა, რომ ჩვენი კვლევა მკაფიოდ წარმოაჩენს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის წინაშე არსებულ არაერთ საფრთხეს, სთავაზობს მათზე მორგებული თავდაცვის სისტემისა და შეიარაღებული ძალების ორ მოდელსაც, როგორც საერთო სტრუქტურის, ისე შესაძლებლობების დეტალური განხილვით. ამასთან, კვლევა გვიქმნის ნათელ წარმოდგენას, თუ რა ფინანსური რესურსის მობილიზებაა საჭირო გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომლის უზრუნველყოფა პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, ხოლო რომლის იგნორირების შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვა შეწყვეტს არსებობას და ფიქციად გადაიქცევა. ჩვენი ამოცანაა სწორედ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა დავანახოთ საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, ხელისუფლებას და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი რეალური და ეფექტური თავდაცვის სისტემის სწრაფ მშენებლობას”, - აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ლაშა ძებისაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ კრემლში მიზნად დაისახეს საბჭოთა კავშირის აღდგენა, საქართველო იქნება პირველი და ომი აქ აუცილებლად იქნება”.

“რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს დღემდე განიხილავს დანაკარგად, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. რუსეთი ვერ ეგუება საქართველოს არსებობას დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით. არაერთხელ მოგვისმენია როგორც პუტინისგან, ისე სხვა რუსი ლიდერებისგან, რომ როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, დაუყოვნებლივ აღადგენენ ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებს. თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ დამოუკიდებლად ვიარსებოთ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე, მაშინ საფრთხეები სწორად უნდა გავაანალიზოთ და შესაბამისად მოვემზადოთ. საუბრები იმის შესახებ, რომ დასავლეთიდან რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობდნენ, მანიპულაცია, ფაქტების არასწორად წარმოჩენის ცდაა. რაც შეეხება დღეს არსებულ მშვიდობას, ის მხოლოდ დროებითია. ჩვენ რაც არ უნდა ვეცადოთ, სულ რომ გუნდრუკი ვუკმიოთ რუსებს, თუ კრემლში სტრატეგიულ მიზნად დაისახეს საბჭოთა კავშირის აღდგენა, ომი აქ აუცილებლად იქნება, თუ რა თქმა უნდა, ნებით არ დავთმობთ დამოუკიდებლობას. საბჭოთა კავშირის აღდგენა ნიშნავს, რომ საქართველო როგორც დამოუკიდებელი ერთეული, ვერ იარსებებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ძებისაშვილი.

“ესე იგი, ორი არჩევანი გვაქვს - ან უარი უნდა ვთქვათ დამოუკიდებლობაზე, ან ვიომოთ. რა თქმა უნდა, მეორე ფრონტის გახსნა სრული სიგიჟეა, ერთადერთი სწორი გზა ახლა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მაქსიმალური გაძლიერებაა. პრობლემა ის არის, “ქართული ოცნება” ამას არ აკეთებს. არადა, ცხადზე უცხადესია ის ორი სცენარი, რაც შეიძლება უახლოეს მომავალში განვითარდეს. კერძოდ, თუ რუსეთი მოიგებს ომს უკრაინაში, მაშინვე დაიწყებს ძალაუფლების აღდგენას მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, პირველ რიგში კი საქართველოზე. თუ რუსეთი წააგებს, მაგრამ მოსკოვში შენარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი, პუტინს დასჭირდება კომპენსაცია უკრაინის ფრონტზე მარცხის გამო. კომპენსაციის მისაღებად ყველაზე იოლი გზა ისევ პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონტროლის აღდგენაა. ის ყველა ლოგიკით კავკასიას მოადგება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საქართველო იქნება პირველი იმიტომ, რომ სანამ სომხეთს მიადგება, აქ უნდა გაიაროს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯარი ჰყავს. ამასთან, ზურგს უმაგრებს ძალიან ძლიერი მოკავშირე - თურქეთი. შესაბამისად, პირველივე ჯერზე აზერბაიჯანთან დატაკება არ აწყობს. საქართველოზე კონტროლის დამყარება ყველაზე ადვილია და ამასთან, გეოპოლიტიკურადაც გამართლებული - თუ საქართველოს აკონტროლებ, მაშინ აზერბაიჯანიც ძალაუნებურად ექცევა შენს გავლენაში. აზერბაიჯანის ძირითადი ენერგომატარებლები საქართველოზე გადის და ამ მხრივ სომხეთი ჩვენზეა დამოკიდებული. საქართველოზე კონტროლის დამყარებით რუსეთის ხელში ვარდება აზერბაიჯანიც და სომხეთიც, აღარაფერს ვამბობ ცენტრალური აზიის რესპუბლიკებზე”, - დაასკვნის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და შეკითხვაზე - “თქვენი შეფასებით, როგორია საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დღეს და რას გულისხმობს თქვენი მაქსიმალისტური და რეალისტური თავდაცვის მოდელები?” - პასუხობს:

“მაქსიმალისტური მიდგომა, იმის მიუხედავად, თუ დღეისათვის რა რესურსობრივ-ფინანსური შეზღუდვებია ქვეყანაში, წარმოგვიდგენს ძალთა საბრძოლო შესაძლებლობების, სტრუქტურისა და მართვის ყველაზე ოპტიმისტურ სურათს... ამ შემთხვევაში ჯარის საერთო რაოდენობა უნდა გაიზარდოს ასი ათასამდე. მან უნდა დაიცვას ქვეყანა ყველა მიმართულებით, არ უნდა გვქონდეს ტერიტორიული დანაკარგი და საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც კი უნდა შეძლოს. მაქსიმალისტური მიდგომის გააზრება საშუალებას მოგვცემს დავინახოთ ძალთა ამ მოდელისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოცულობა, უზარმაზარი სხვაობა დღევანდელ რეალობასთან - ესე იგი, დაუცველობა და სავარაუდო გზები იმისთვის, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში (5-10 წელი) სწრაფად განვითარდეს თავდაცვის ძალები და დაუახლოვდეს ოპტიმისტურ მოდელს.

“ნათელია, რომ საზღვაო ძალები ვერასდროს შეასრულებენ ისეთივე და იმ მოცულობით ამოცანებს, როგორც თუნდაც შავი ზღვის დიდი სახელმწიფოების სამხედრო ფლოტი ასრულებს. შესაბამისად, ჩვენ მიერ წარდგენილ სტრუქტურაში მხოლოდ სანაპიროს დაცვის ამოცანაზე გამახვილდა ყურადღება, რაც, ბუნებრივია, მომავალში სულაც არ გამორიცხავს სამხედრო ფლოტის შესაძლებლობების საგრძნობ გაზრდას. მაქსიმალისტურ ანუ ოპტიმისტურ მოდელს ახასიათებს ძლიერი სარეზერვო კომპონენტი, ოპტიმალური ზომის საავიაციო ელემენტი, ძლიერი საჰაერო თავდაცვა და მეტად ეფექტიანი საარტილერიო და სარაკეტო შესაძლებლობები. ამავე დროს, გაძლიერებულია სპეციალური დანიშნულების ძალები, რომელთა მნიშვნელობა დიდია არა მარტო უშუალოდ საომარი მოქმედებების დროს, არამედ ომის საწყის, ე.წ. ჰიბრიდულ ფაზაშიც, როცა შესაძლებელია აგრესიული გეგმების ჩანასახშივე აღკვეთა მასშტაბური სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე”, - ამბობს ლაშა ძებისაშვილი.

“რაც შეეხება რეალისტურ მოდელს, ფინანსური შეზღუდვების გამო ის შეზღუდული სახით ინარჩუნებს საზღვაო და საჰაერო კომპონენტებს. ამ შემთხვევაში ჯარის რაოდენობა 54 000 კაცამდე იზრდება. 10 წლის პერიოდში ამ მოდელით გათვალისწინებული მოთხოვნების (განსაკუთრებით გადაიარაღებაში) დაკმაყოფილების და მზარდი ფინანსური შესაძლებლობების გაჩენის პირობებში აუცილებელიც გახდება საჰაერო და საზღვაო კომპონენტების სრულფასოვანი თანამიმდევრული აღდგენა. თავდაცვითი ხარჯების ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ქვეყნის ოკუპაციისა და საომარი მოქმედებების ნებისმიერ დროს განახლების შემთხვევაში ადეკვატური თავდაცვისუნარიანობის მისაღწევად თავდაცვის მიზნებისთვის ყოველწლიური ხარჯები არ უნდა იყოს მშპ-ს 5-7%-ზე ნაკლები, რაც ნორმალური საერთაშორისო პრაქტიკაა... რეალისტური მოდელის განხორციელების შემთხვევაში ვერც ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ და უკრაინის მსგავსად ვერც მთელი წლის განმავლობაში გავუწევთ წინააღმდეგობას, მაგრამ გარკვეული პერიოდი მაინც შევძლებთ მტრის მოგერიებას”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ამჟამად აშშ-ში ძალიან დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდია. დიდი ალბათობით, დაძაბულობა გაგრძელდება არჩევნების შემდეგაც და არ არის გამორიცხული, ამერიკაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ამერიკას დიდხანს არ ეცლება უკრაინისთვის, ევროპის არცთუ ისე სახარბიელო სამხედრო შესაძლებლობის შესახებ კი ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. დღევანდელი ვითარება რუსეთისთვის პოლიტიკური შესაძლებლობის ფანჯარაა და მის გამოყენებას აუცილებლად შეეცდება. ჩემი აზრით, “კროკუს-სითი-ჰოლში” თავდასხმა, რომელიც მოსკოვმა ტერაქტად შეაფასა, სინამდვილეში პუტინის რეჟიმის მიზანმიმართული პროვოკაციაა, რათა მობილიზაცია გამოაცხადოს. სამი-ოთხი თვე საკმარისი იქნება ახალწვეულების გაწვრთნისა და გადამზადებისთვის და ზაფხულის დასაწყისში რუსეთი მზად იქნება, რომ უკრაინაზე დიდი შეტევა დაიწყოს... თუ ამერიკა დროულად არ დაეხმარება უკრაინას და ევროპელი ლიდერებიც დროულად არ შეთანხმდებიან, ეს ზაფხული ნამდვილად საბედისწერო აღმოჩნდება როგორც უკრაინისთვის, საზოგადოდ, აღმოსავლეთ ევროპისთვის და რაც ყველაზე ცუდია, საქართველოსთვის”, - დასძენს ლაშა ძებისაშვილი

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია