ირაკლი ზარქუა უსუფაშვილს - ბატონო დავით, როდის იყავით ბოლოს ჩხოროწყუში ან ზუგდიდის პრობლემებით როდის დაინტერესდით?! - ეტყობა „მუსტანგით“ წინასაარჩევნოდ „გაიკატავეთ“

ბატონო დავით, როდის იყავით ბოლოს ჩხოროწყუში ან ზუგდიდის პრობლემებით როდის დაინტერესდით?! - ეტყობა „მუსტანგით“ წინასაარჩევნოდ გაიკატავეთ - ჩხოროწყუს მაჟორიტარი რომ იყოთ ან სიაში დელეგატად ეწეროთ, პასუხისმგებლობა მეტი გექნებოდათ! - ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატს დავით უსუფაშვილს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ცხარე დისკუსიის საგანი გახდა “ქართული ოცნების“ მიერ “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.

ზარქუას თქმით, ის, ვინც პარტიის საარჩევნო სიაში კონკრეტული მუნიციპალიტეტის “დელეგატად“ იქნება მიწერილი, უფრო მეტად იქნება პასუხისმგებელი მუნიციპალიტეტზე, ვიდრე დანარჩენი 149 დეპუტატი.

“ვისაც მაჟორიტარის გზა არ გაუვლია, კარგად არა აქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს მაჟორიტარობა.

კანონში დაგეგმილი ცვლილებები მოსახლეობისთვის არის კარგი, რადგან შესაძლებელია, რომ პარლამენტში ერთ საარჩევნო ოლქიდან მმართველი პარტიის და ოპოზიციის დელეგატები მოხვდნენ და მათ ეყოლებათ არა ერთი, არამედ რამდენიმე წარმომადგენელი პარლამენტში. თუკი მიგაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა პარტიისთვის არის გამარჯვების ფაქტორი, თქვენც გყავდეთ დელეგატები!“ - მიმართა უსუფაშვილს ირაკლი ზარქუამ.

ცხარე კამათი უსუფაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომლის შეფასებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებები რეალურ ცხოვრებაში არაფერს ცვლის, არაფერი ახალი არ ხდება და დეპუტატს, რომელსაც საარჩევნო სიაში “დელეგატი“ ეწერება, არავითარი დამატებითი სახელმწიფოებრივი, იურიდიული თუ ადმინისტრაციული უფლებამოსილება არ ექნება.

“ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკი და თვალთმაქცობა, რომელიც წარმომადგენლობითი დემოკრატიის ყველა პრინციპს თავდაყირა აყენებს - წარმოდგენილი ცვლილება მხოლოდ პარტიული ელიტის ინტერესებს ემსახურება!“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს