შალვა პაპუაშვილი სიებში გენდერული კვოტირების გაუქმებაზე - მიკვირს პარტიების რეაქცია, ვინმე უკრძალავს შიგნით რაიმე კვოტის დაწესებას?

საკვირველია, ოპოზიციას ისე გამოსდის, რომ გვეხვეწებიან, ვაიძულოთ, რომ გარკვეული პროპორციით შეადგინონ თავიანთი სიები - თუ ასეთი პასუხისმგებლიანები არიან თავიანთი გადმოსახედიდან, თავისუფალნი არიან და სიები შეადგინონ ისეთი კვოტით, როგორითაც უნდათ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, თუ ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ საკუთარი თავის იმედი და უნდათ, „ქართულმა ოცნებამ“ აიძულოს, რომ საარჩევნო სიებში ქალები სათანადოდ იყვნენ წარმოდგენილები, ეს მათი პრობლემაა.

„მიკვირს პარტიების რეაქცია, ვინმე უკრძალავს შიგნით რაიმე კვოტის დაწესებას? გუშინ, „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ აპირებენ, სია კვოტის მიხედვით შეადგინონ. ოპოზიცია ამ საკითხს რომ აპროტესტებს, გასცენ პასუხი კითხვას, როგორ იქნება მათი სია შედგენილი, ექნებათ რაიმე კვოტა, თუ არა. ისეთი დამოკიდებულებაა, თითქოს, თუ „ქართულმა ოცნებამ“ არ აიძულა ოპოზიციური პარტიები, არ აპირებენ ქალების სათანადო მონაწილეობა უზრუნველყონ საკუთარ გუნდში. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ყველაზე ნაკლებად „ქართული ოცნებისთვისაა“ ეს საკითხი რელევანტური. საქართველოში ყველაზე ძლიერი პარტიული ქალთა ორგანიზაცია გვაქვს, რომლის კონფერენციაც ახლახან გაიმართა. გვაქვს წარმომადგენლობა როგორც საკრებულოში, ისე პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში - მერების დონეზე. პარტიულად უზრუნველვყოფთ ამას. თუ პარტიებს არ აქვთ საკუთარი თავის იმედი და უნდათ, ვაიძულოთ, რომ ქალები იყვნენ სათანადოდ წარმოდგენილები, ეს მათი პრობლემაა. ამაზე დაელაპარაკონ თავიანთ ამომრჩეველს. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენთვის განმსაზღვრელი არის არა კანონი, არამედ დამოკიდებულება, რომ იყოს სათანადო წარმომადგენლობა გამოცდილი ადამიანების, ყველა დონეზე, ჩვენთვის გადამწყვეტი არაა ქალი იქნება თუ კაცი. ამას ამტკიცებს ჩვენი საპარლამენტო გუნდიც, სადაც კომიტეტის თავმჯდომარეების, ვიცე-სპიკერის და აქტიური პარლამენტარების დონეზეა მონაწილეობა.

ვნახე ზოგიერთი აქტივისტის და ოპოზიციონერის გამოხმაურება - „ფულის ტომარა კაცებიო“, თუ რაღაც ასეთი სექსისტური ტერმინების გამოყენება და სტიგმატიზება პოლიტიკოსი კაცებისა. როგორ შეიძლება ადამიანი ერთი მხრივ ქალთა უფლებებზე საუბრობდე, მეორე მხრივ კი თავად იყო სტიგმატიზებისა და სექსისტური გამონათქვამების ავტორი და კლიშირების წამხალისებელი “,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი, დაჩქარებული წესით, განიხილავს „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს