ნატო ჩხეიძე „ოცნებას“ - საბჭოთა კონსტიტუციაშიც ეწერა, რომ ყველა რესპუბლიკას გასვლის უფლება ჰქონდა, მაგრამ საქართველოს ეს მშვენიერი ჩანაწერი სასაკლაოდ დაუჯდა - ორივე ფეხზე ისე მყარად დგახართ, რომ ევროპისკენ ნაბიჯს აღარ დგამთ

საბჭოთა კონსტიტუციაშიც ეწერა, რომ ყველა რესპუბლიკას საბჭოთა კავშირიდან თავისუფალი გასვლის უფლება ჰქონდა, მაგრამ საქართველოს ეს მშვენიერი ჩანაწერი სასაკლაოდ დაუჯდა - როცა კონსტიტუცია და შენი ქვეყნის მომავალი არაფრად გიღირს, ჩანაწერი არაფერს ნიშნავს! ევროპის ფართოდ გაღებული კარის წინ, ორსავ ფეხზე ისე მყარად დგახართ, რომ ასე დიდხანს იდგებით! - ასე მიმართა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ.

ჩხეიძემ “ქართული ოცნების“ დეპუტატებს მოუწოდა, “მყარად მდგარი ფეხები დაძრან“ და ნაბიჯი ევროპის მიმართულებით გადადგან. როგორც მან ამ კონტექსტში განაცხადა, ასე ნანატრ და ახლოს მყოფ ევროპულ მომავალს ქართველი ხალხი არ დათმობს.

ჩხეიძის შეფასებით, გამჭვირვალობის აუცილებლობა მხოლოდ ფართო მასებისთვის გათვლილი პროპაგანდაა, პარლამენტში ინიცირებული კანონის მიღება კი, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ კურსს შეცვლის.

“საქართველოში ევროკავშირის ელჩი გვეუბნება: - ევროკავშირის კარი ფართოდ არის გაღებული და ნუ ყოყმანობთო. ყოყმანი სწორედ იმას აღნიშნავს, რომ როგორც თქვენ ბრძანებთ, ორივე ფეხზე მყარად დგახართ, ოღონდ ისე მყარად დგახართ, რომ წინ, ევროპისკენ ნაბიჯს აღარ დგამთ. ევროკავშირის სტრუქტურებში გვაფრთხილებენ - მიიღებთ ამ კანონს და ევროკავშირის გაფართოების პოზიცია გადაისინჯებაო... თქვენ ამას აინუნშიც არ აგდებთ: - შარშან სტატუსი ხომ მოგვცეს და წელსაც მოგვცემენო - გვაჯერებთ, თუ არ მოგვცემენ, ეს უსამართლობა იქნებაო.

თქვენ რომ უსამართლობად მიიჩნევთ, ამით კონსტიტუცია შესრულდება?! არ გვექნება ის თავზე გადაფხრეწილი?! თუ სხვა ისეთ კონსტიტუციას მიიღებთ, სადაც 78-ე მუხლი აღარ იქნება? - ამისთვის ემზადებით და ამისთვის ცდილობთ ამ საყოველთაო რეგისტრაციის კანონის დაკანონებას, საზოგადოებისა და სტრატეგიული პარტნიორების მწვავე პროტესტის მიუხედავად“, - განაცხადა ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს