„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებით ტურებს 2016 წლიდან ატარებს. ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, ამჯერად კომპანიამ ქალაქ ხაშურის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მოსწავლეებმა მოინახულეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, მოისმინეს ლექცია ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლისა და იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლებსაც სსე ახორციელებს.
„მოსწავლეებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების შესაძლებლობების შესახებ. უფროსკლასელები ასევე ეწვივნენ ქვესადგურს „ნავთლუღი 220“, გაეცნენ ელექტროგადამცემი ხაზებისა და ზოგადად, ქვესადგურების ფუნქციონირების სპეციფიკას, ჩაერთნენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების შემოწმების პროცესში. დაათვალიერეს სსე-ის სასწავლო ცენტრი, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები უსასყიდლოდ გადიან სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
ენერგეტიკის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ახალი თაობისთვის ინფორმაციის მიწოდება სსე-სთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შემეცნებითი ტურები კომპანიაში მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.