ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024

გიორგი გობრონიძე - “ხელისუფლების ქცევას რაციონალური ახსნა არა აქვს, ფაქტია, ადეკვატურობის საზღვრებიდან არიან გასული”

რას იტყვის ორშაბათს ივანიშვილი - რამდენიმე ვერსია და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები

ლაშა ძებისაშვილი - “ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი”

დასავლური იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა მოხსნილია? - რა შეუძლია უკრაინას 300 კმ-ზე მოქმედი რაკეტებით

ზვიად ძიძიგური - “რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ივანიშვილმა რაც გააკეთა იმას ჰგავს, საკუთარ ფეხში რომ ისროლო ტყვია”

* * *

გიორგი გობრონიძე - “ხელისუფლების ქცევას რაციონალური ახსნა არა აქვს, ფაქტია, ადეკვატურობის საზღვრებიდან არიან გასული”

“თუნდაც დავუშვათ, რომ საქართველომ დაიწყო გეოპოლიტიკური ვექტორის შეტრიალება რუსეთისკენ, უცნაურია და ყოვლად გაუგებარი, რა განაპირობებს ჩვენი ხელისუფლების ამგვარ სიხისტეს. რა გახდა საფუძველი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების ლექსიკა დასავლეთის შესახებ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, იმაზე ხისტი და მკაცრია, ვიდრე აქვთ ირანის ისლამურ რეჟიმს, ჩრდილოეთ კორეას, ჩინეთს ან რუსეთს, ან ოთხივეს ერთად. წარმოგიდგენიათ, ჩვენი ხელისუფლების წევრები ლაპარაკობენ ისე, როგორც კიმ ჩენ ინიც კი არ ლაპარაკობს. ეს ჩემთვის დიდი გამოცანაა. ფაქტობრივად, შეუძლებელია ამის რაციონალური შეფასება. ეს არ ზის არც დიპლომატიის ჩარჩოებში, არც პარტნიორობისა და არც კონკურენციის... მეტიც, ეს ყველაფერი გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლილების ჩარჩოშიც კი არ ჯდება. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ ამას თვითონ ახსნიან, გვეტყვიან, რამ განაპირობა მათი იმგვარი ქცევა, რომ თითქოს ჩვენ ვიყოთ დასავლეთთან დაპირისპირებული დიდი სახელმწიფო, ბირთვული იარაღით, საავიამზიდო ფლოტით და კოსმოსური პროგრამით... ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებული დასავლეთზე, ჩვენი სუვერენიტეტის გარანტია სწორედ აშშ-ისა და ევროპის მხარდაჭერაა”, - აცხადებს ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პოლიტიკური კრიზისია, ძალიან საგანგაშო სიგნალები მივიღეთ...”.

“რატომ უარყო საქართველოს მმართველმა ელიტამ ყველანაირი დიპლომატიური ეთიკა და ეტიკეტი, რატომ გადავიდა ამგვარ დაპირისპირებაზე და რატომ საუბრობენ ასეთი შეურაცხმყოფელი ლექსიკით? ამის ახსნა მე არა მაქვს. იქნებ რამე ისეთი იციან, რაც ჩვენ არ გვესმის ან იქნებ რაიმე ისეთის იმედი აქვთ, რაც ჩვენ არ ვიცით. ამ ვითარებაში მე საიმედოს ვერაფერს ვხედავ. არ მესმის, რატომ უნდა აკეთებდნენ ამ ყველაფერს, თუნდაც მაშინ, თუ მართლაც რუსეთის ორბიტაზე ბრუნდებიან. ჩვენ მივიღეთ ძალიან საგანგაშო სიგნალები როგორც ევროპარლამენტისგან, ისე აშშ-ის სენატისგან. სამარცხვინოა თქმა, რომ თურმე ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს და მაკულატურაა. მშვენივრად იციან, რომ ასე არ არის და თუ კვლავაც ასე გააგრძელებს საქართველო ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობას, დიდი საფრთხეა, რომ მართლაც შეგვიჩერონ ვიზალიბერალიზაცია და ზურგიც შეგვაქციონ. ამ რეზოლუციის გარდა, იყო ამერიკელი სენატორების არაორაზროვანი გაფრთხილებაც. ეს ყველაფერი საჭიროებს ძალიან სერიოზულ დაფიქრებასა და გაანალიზებას, თუ რას უქადის ამგვარი კონფრონტაცია საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“ვიმეორებ, მაშინაც კი, თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლება საქართველოს აბრუნებს რუსეთის ორბიტაზე, მას, როგორც სახელმწიფოს, აქვს საერთაშორისო ვალდებულებები თავის პარტნიორებთან და უნდა შეასრულოს. ან საქმე გვაქვს გაუგებარ ეიფორიასთან, ან შიდა და გარე პოლიტიკას შორის წაშლილ ზღვართან, ან სრულ არაკომპეტენტურობასთან, ან საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიზანმიმართულ დივერსიასთან. რაციონალური საზომითა და თეორიული ჭრილით საქართველოს ხელისუფლების ამ მოქმედებების ახსნა შეუძლებელია. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ განმარტავენ, საიდან და რის საფუძველზე გადაწყვიტეს საერთაშორისო პარტნიორებთან მსგავსი ტონით საუბარი. ვიმეორებ, ამგვარად დასავლეთთან რუსეთის ფედერაციაც კი არ ლაპარაკობს, რომელიც, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაშია დასავლურ კოალიციასთან. სამწუხაროდ, ამან შეიძლება მიგვიყვანოს ქვეყნისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის სრულ იზოლაციამდე, როდესაც მმართველი ჯგუფი სრულიად მიუღებელი იქნება დასავლეთისთვის და ამასთანავე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მიუღებლად იქცეს რუსეთისთვისაც. საქმე ის არის, რომ ღმერთმა დაიფაროს და, თუ დასავლეთმა მართლაც ზურგი შეგვაქცია, კრემლმა შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებაში კიდევ უფრო ყურმოჭრილი მონების მოყვანა მოინდომოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ამ კანონპროექტს დაუჭირეს მხარი პუტინის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერმა პეშკოვმა, კრემლის პროპაგანდისტმა დუგინმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა... მეტიც, დუმის დეპუტატები საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, აქციებზე არ გახვიდეთო, რაც ნიშნავს, რომ ამ მხარდაჭერით კიდევ უფრო აღვივებენ ეჭვს, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთი შეიძლება იდგეს. შესაბამისად, ძირს უთხრიან “ქართული ოცნების” ხელისუფლებას. კრემლში მშვენივრად იციან, რა რეაქციას იწვევს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში დუგინის, პესკოვის თუ ლავროვის მხარდაჭერა. ფაქტია, მთელი ამ პროცესით კანონპროექტის ხელახლა ინიცირებით მმართველმა ძალამ უპირველესად საკუთარ თავს მიაყენა დიდი ზიანი. ვერ გამოვრიცხავთ, რომ მალე ისეთი ვითარება შეიქმნას საქართველოში, რაც 2003 წელს იყო, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მიუღებელი გახდა დასავლეთისთვისაც და რუსეთისთვისაც. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუწყოს პოლიტიკურ არასტაბილურობას, საზოგადოების პოლარიზაციასა და დემორალიზაციას”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“როდესაც ვსაუბრობთ რუსულ საფრთხესა და რისკებზე, ეს უკავშირდება ჩვენს სახელმწიფოებრიობას. დემორალიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების შემდგომი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ანექსია. შეიძლება პირდაპირ საქართველოს დამოუკიდებლობა არ წაართვან, მაგრამ იქნება უკიდურესი ფორმალიზებული რუსული მმართველობის ქვეშ. რისი იმედი ჰქონდა მმართველ პოლიტიკურ ძალას, როდესაც აბსოლუტურად არაფრისგან, ხელოვნურად შექმნა ეს პოლიტიკური კრიზისი? საქართველოს ჰქონდა ძალიან კარგი დიპლომატიური წარმატება როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით. ჩვენ შევძელით გაგვეჭრა შესაძლებლობების ახალი ფანჯარა ჩინეთისკენ, ასევე შევძელით მიგვეღო კანდიდატის სტატუსი და მეტიც, უფრო წინ შეიძლებოდა წავსულიყავით ამ გზაზე და გაგვეხსნა გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებები წელსვე. ამასთანავე, ბოლო წლებში ეკონომიკამ ცოტა წინ წაიწია და განწყობა საზოგადოებაში პოზიტიური იყო. ცოტა გაზვიადებულად თუ ვიტყვით, ჩვენს საზოგადოებას ერთადერთი პრობლემა ის ჰქონდა, როგორ წასულიყო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ და აი, ფაქტობრივად, არაფრისგან შექმნეს პოლიტიკური კრიზისი, თან არჩევნების წინ, რამაც ქვეყანაში შექმნა იმგვარი ტურბულენტობისა და რისკების საფრთხე, რომ შეიძლება არჩევნებზე ლაპარაკიც აღარც იყოს, ისე მძიმედ განვითარდეს მოვლენები”, - დაასკვნის გიორგი გობრონიძე.

“როცა ხელისუფლება თავის პოზიციაში დარწმუნებულია, მას კონტრაქციების ორგანიზება არ სჭირდება. გვახსოვს 2003 წელი, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლებამ აქცია გამართა პარლამენტის წინ, ჩამოიყვანა აჭარიდან ხალხი და მხარდაჭერის იმიტაცია სცადა. გვახსოვს, ბატონი ჯემალ გოგიტიძე როგორ ეხვეწებოდა შევარდნაძეს, არ გადადგეო, ასევე კარგად გვახსოვს, როგორ დაასრულა შევარდნაძემ. გვახსოვს 2012 წელიც, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების მხარდასაჭერად სტადიონი გადაავსეს, ჩაატარეს გრანდიოზული თავყრილობა, მაგრამ ვნახეთ, რა მოხდა მალევე, ოქტომბერში. ამგვარი აქციები შესაძლოა ხელისუფლებისთვის ერთგვარად დამამშვიდებლად მუშაობდეს, მაგრამ ეს არ ასახავს რეალობას. ჩვენ პოლიტიკური კლასის პრობლემა გვაქვს. ჩვენთან ხომ არ შეუძლიათ კონსენსუსზე, კომპრომისზე, სამოქალაქო თანხმობაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება. ეს ყველაფერი, რაც, წესით, უნდა იყოს პოლიტიკური სიძლიერის მაჩვენებელი, აღქმულია სისუსტედ, უკან დახევად. აქედან გამომდინარე, დღევანდელ ხელისუფლებას, ისევე, როგორც წინას, არა აქვს იმის შესაძლებლობა, უზრუნველყოს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილიზაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. შეიძლება ხელისუფლებამ ერთჯერადად შეძლოს კანონპროექტის გატანა, ძალის დემონსტრირებაც, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ქმნის იმგვარ რისკებს, რაც ყველა პოლიტიკური ძალისთვის, განსაკუთრებით ხელისუფლებისთვის შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდეს”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“მოდი, შევხედოთ ამ ე.წ. აგენტების კანონპროექტს და გამჭვირვალობის ყბადაღებულ თემას. უკვე ნათლად იკვეთება, რომ ხელისუფლებას რეალურად გამჭვირვალობა კი არ სურს, არამედ უნდა ძალაუფლების კონცენტრაცია საკუთარ ხელში და პოტენციური კრიტიკოსების გაჩუმება. მაგრამ უნდა გაითვალისწინონ ერთი რამ - საქართველოს არა აქვს იმის რესურსი, რომ დიდძალი პოლიტიკური თუ ეკონომიკური კაპიტალი დახარჯოს საზოგადოების ნების დათრგუნვაში. ამას გაჭირვებით ახერხებენ ისეთი ქვეყნები, როგორიც ირანი, რუსეთი და ჩინეთია... ვიმეორებ, საქართველოს ამის რესურსი არა აქვს, ამიტომაც არ არსებობს ჩვენთვის განვითარების სხვა ალტერნატივა, გარდა დემოკრატიული განვითარებისა, რომელიც ორიენტირებულია სამოქალაქო თანხმობასა და მშვიდობაზე. თუ ხელისუფლება უშვებს ამგვარ შეცდომას, ის ცეცხლს ეთამაშება. არ ვიცი, საქართველოს ხელისუფლებაში რამდენად გაცნობიერებული აქვთ თუ არა. სწორედ ხელისუფლების მოვალეობაა ქვეყანაში სუვერენიტეტის დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება და განვითარების ხელშეწყობა, თუნდაც ძალაუფლების დათმობის ფასად. სახელმწიფო არ არის ბავშვი, რომელიც ორმა ქალმა შუაზე უნდა გაგლიჯოს. სახელმწიფო არის ყველასი და ეს უნდა ესმოდეს უპირველესად იმას, ვინც გადაწყვეტილების მიმღებია”, - განმარტავს ექსპერტი.

“მართლაც გასაოცარია, მაშინ, როცა ხელისუფლების პოლიტიკურ პოზიციას არაფერი ემუქრებოდა, მეტიც, მას მომავალ არჩევნებზე, ფაქტობრივად, გარანტირებული ჰქონდა გამარჯვება, რატომ გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი მოწმენდილ ცაზე? იგივე ლგბტ თემასაც რომ შევეხოთ, ანუ მათ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც მკვდრადშობილია, რადგან მისი მიღებისთვის საჭირო ხმები არა აქვთ, შესაბამისად, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მემარჯვენე პოპულიზმი და არავითარი კავშირი არა აქვს არც ეკლესიის დაცვასთან, არც ოჯახის სიწმინდეზე ზრუნვასა და არც სხვა მაღალფარდოვან ტერმინებთან. თუ მართლაც ვინმეს აწუხებს ოჯახური ფასეულობების ბედი და მოზარდების დაცვა ამ ქვეყანაში, უპირველესად იმაზე იფიქროს, რომ ამ ქვეყანაში ათიათასობით გახლეჩილი ოჯახია, რომლის წევრი ქალები ემიგრაციაში არიან, ბავშვები კი უდედოდ იზრდებიან. იფიქრონ იმაზე, რომ ახალგაზრდები უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ დაოჯახებას ან ამის ნიადაგზე რომ ინგრევა ოჯახები. თუ ბავშვის დაცვა უნდათ მავნე იდეოლოგიისგან, რატომ ერთხელ არ უთქვამთ, რომ მათ დაიცავენ ქუჩის კრიმინალური იდეოლოგიისგან, რომელიც მოზარდებს სიძულვილისკენ, ძალადობისა და ნარკოტიკის მოხმარებისკენ უბიძგებს ანუ ყოველივე იმისგან, რაც ქრისტიანულ მოძღვრებას უპირისპირდება”, - ამბობს გიორგი გობრონიძე.

“თუ მაინც მიიღეს ეს კანონპროექტი და დასავლეთმა გადადგა ის ნაბიჯები, რაზეც უკვე დაიწყეს ლაპარაკი, მათ შორის თუ მართლაც გადახედეს ეკონომიკური დახმარების საკითხს, დაიწყება ისეთი ეკონომიკური რყევები, რაც აიძულებს ხელისუფლებას მოეგოს გონს. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ეს არ დასჭირდებათ, თუმცა თუ საქმე საქმეზე მიდგა და ამათ არ შეწყვიტეს ეს გაუგებარი პოლიტიკა, ისინი იძულებული იქნებიან გადადგან ეს ნაბიჯი. საქართველოს არა აქვს იმდენი რესურსი, რომ: პირველი - დათრგუნონ მოსახლეობის ნება, მეორე - ქვეყანამ გაუძლოს საგარეო ეკონომიკურ-პოლიტიკურ წნეხს და მესამე - შენარჩუნდეს ამ ყველაფრის გათვალისწინებით სტაბილურობა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ველზე. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რისი იმედით აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ”, - დასძენს გობრონიძე და შეკითხვაზე - “ერთი ვერსიით, როდესაც უკრაინაში აშშ-ის დახმარებამ დააგვიანა და თითქოს რუსეთს წარმატების შანსი გაუჩნდა, “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა თავი დაეზღვია და რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკიდან ერთგვარად მაამებელ პოზიციაზე გადასულიყო. თუმცა უკვე უკრაინის დახმარების პაკეტს ბაიდენმა ხელი მოაწერა...” - პასუხობს:

“უკრაინაში რუსეთის წარმატებას სად ხედავენ, არ ვიცი, სულელიც კი ხვდებოდა, ალბათ, რომ აშშ დახმარებას, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოყოფდა და ომის მიმდინარეობაც ვერაფრით შეიცვლებოდა რუსეთის სასარგებლოდ. თუნდაც ასე ყოფილიყო, რატომ ჯდება ჩვენი ხელისუფლება დენთის კასრზე და თვითონვე უკიდებს ცეცხლს?! არა აქვს მნიშვნელობა უკრაინის მოვლენებს, რუსეთი რომც იგებდეს და კიევი ალყაში იყოს, საქართველოს ხელისუფლება ასე მაინც არ უნდა იქცეოდეს. შესაბამისად, არანაირი რაციონალური ახსნა არა აქვს იმას, რაც დღეს ხდება. ფაქტია, ადეკვატურობის საზღვრებიდან არიან გასული”.

რას იტყვის ორშაბათს ივანიშვილი - რამდენიმე ვერსია და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები

“მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, 29 აპრილის შეკრებაზე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას სიტყვით მიმართავს, თუმცა, კონკრეტულად რა შინაარსის იქნება გამოსვლა, ჯერჯერობით უცნობია. მანამდე ანალიტიკურ წრეებსა და სოციალურ ქსელებში რამდენინმე შესაძლო ვერსიაზეა მსჯელობა. ანალიტიკოსები “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ ივანიშვილის გამოსვლაში მთავარი ხაზი მაინც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან იქნება დაკავშირებული. ამასთან, ისინი მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისაგან გარკვეულ სიურპრიზებსაც არ გამორიცხავენ. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ კანონპროექტს იურიდიული კომიტეტი ორშაბათს, 29 აპრილს დილის 9 საათზე, მეორე მოსმენით განიხილავს. “ქართული ოცნების” აქცია კი პარლამენტთან 20:00 საათზე დაიწყება. მანამდე, 4 საათისთვის, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით გადაინაცვლებენ პარლამენტთან. ორგანიზდება ხალხის რეგიონებიდან ჩამოყვანაც. შეკრებაზე წასვლას სხვადასხვა ცნობილი სახეებიც აანონსებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას იტყვის ორშაბათს ივანიშვილი - რამდენიმე ვერსია და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები.

“ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები - მამული, ენა და სარწმუნოება. ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!”, - აღნიშნულია “ოცნების” განცხადებაში. “ოცნების" წევრებმა აქციის დაანონსების დღითვე დაადასტურეს ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილი მიმართვა. 29 აპრილის აქციის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაც სწორედ იმას უკავშირდება, თუ რის თქმას აპირებს საზოგადოებისათვის “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე. ანალიტიკოსთა უმრავლესობა პრაქტიკულად გამორიცხავს შარშანდელ სცენარს, როდესაც საპროტესო აქციების ფონზე მმართველმა პარტიამ იგივე კანონპროექტი თავადვე ჩააგდო პარლამენტში. თუმცა, ანალიტიკურ წრეებში არის მსჯელობა იმაზე, რომ ივანიშვილმა, შესაძლოა, ამჯერად კანონის განხილვის შემოდგომამდე გადადების შესახებ გამოაცხადოს. ამ სცენარის თანახმად, პარლამენტი “უცხოური გავლენის შესახებ” კანონპროექტს ორშაბათს მეორე მოსმენით მიიღებს. ამის შემდეგ კი მისი განხილვა შეჩერდება და მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განახლდება. ანუ, მესამე და საბოლოო მოსმენით კანონპროექტს უკვე ახალი პარლამენტი განიხილავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანალიტიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გამოსვლის მთავარი მიზანი მმართველი პარტიის მხარდამჭერთა კონსოლიდაციაა. შესაბამისად, მისი სიტყვაც “ოცნების” საარჩევნო კამპანიის კონტექსტში უნდა განვიხილოთ და საუბარი რაიმე ახალ გადაწყვეტილებაზე არარეალურია. ამ სცენარის თანახმად, “ოცნება”, როგორც დაგეგმილია, მაისის შუა რიცხვებში ბოლომდე მიიყვანს კანონის მიღების პროცესს. როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” აცხადებს, 50/50-ზეა იმის შანსი, რომ ივანიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მესამე მოსმენა შემოდგომამდე გადადოს. თუმცა ანალიტიკოსის აზრით, მისი უკან გაწვევა არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი პარლამენტში სადავო კანონის განხილვის შემოდგომამდე გადადებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რადგან, მისი თქმით, ეს უკვე პრინციპის საკითხია”, - განაგრძობს გამოცემა.

“რთულია იმის გამოცნობა, რას აპირებს ივანიშვილი. მაგრამ ეს ვერსია - რომ მიიღონ მეორე მოსმენით და შემდგომამდე დაპაუზდეს, ალბათ გულისხმობს, განხილვა რომ დაპაუზდეს არჩევნებამდე და განახლდეს არჩევნების შემდეგ. შესაძლოა ვივარაუდო, რომ ამის შანსი 50/50-ზეა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ მართლა ასე მოხდება, თუმცაღა იქიდან გამომდინარე თუ რა რეაქციები წამოვიდა კოლექტიური დასავლეთიდან, ეს ვარიანტი გამორიცხული არაა. ვფიქრობ, რომ კანონის უკან გაწვევა არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება. ძალიან ბევრი კანონპროექტი დევს (პარლამენტში), რომელიც საბოლოო დამტკიცებას ელოდება და თუ ეს “უცხოური გავლენების შესახებ” კანონპროქეტი მათ რიცხვს შეემატება, ეს უბრალოდ დროის გაწელვის სტრატეგიაა და მეტი არაფერი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“მრავალი ვერსია და ინსინუაცია ვრცელდება, მაგრამ აქ პრინციპის საკითხია, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი და თვითმყოფადობაა დასაცავი, რასაც საპატრიარქომაც ხაზი გაუსვა ბოლო განცხადებაში. საზოგადოებისა და მისი უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების გაწყობიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დაპაუზდეს, ან გაიწვიონ. აი, ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის საკონსტიტუციო ცვლილება კი, რასაკვირველია, ამ პარლამენტში ვერ დამტკიცდება, რადგან საპარლემენტო უმრავლესობას - “ქართულ ოცნებასა” და “ხალხის ძალას” - ერთობლივად არ აქვთ ამისთვი საჭირო 113 ხმა. შესაბამისად, ახალი მოწვევის პარლამენტში მოხდება ეს საკონსტიტუციო ცვლილება, რასაც სჭირდება სამი მოსმენით 113 ხმა”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

"ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ “გავლენების კანონის” ბოლომდე მიყვანა და მისი ამოქმედება ბევრ შიდა და გარე ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. “ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ შიდა თუ გარე ფაქტორზე. საჯარო ინფორმაციით მსჯელობის საფუძველზე, მე უფრო ვიხრები იმისკენ, რომ შესაძლოა კანონპროექტი დაპაუზდეს, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით “ქართულ ოცნებასა” და დასავლეთს შორის დახურული კომუნიკაცია რა არის? ივანიშვილი პოლიტიკაში ჯერ კიდევ ოფიციალურად არ იყო შემოსული, რომ მას უკრაინის ომის ფონზე, ამერიკის ელჩი ესტუმრა და როგორც ვიცი, სამი საათი ამუშავებდა, რათა ზეგავლენა მოეხდინა მმართველ პარტიაზე, რომ აქტიურად ჩაბმულიყო ომში, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს. მართალია, ჩემი გადმოსახედიდან ნაკლებ სავარაუდოა შექმნილი სიტუაციის ფონზე, მაგრამ თუ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ მას საკმარისი სახალხო მხარდაჭერა აქვს და აქვს იმის გარანტია, რომ არჩევნებს მოიგებს, მას შეუძლია ბოლომდე წავიდეს”, - მიიჩნევს ანჯაფარიძე, რომლის აზრით, “დასავლეთი კი შესაძლოა არ წავიდეს “ოცნების” და დასჯაზე, იქიდან გამომდინარე, თუ რეგიონში რა გეოპოლიტიკური ვითარებაა და ეს დასავლეთის ინტერესებში რამდენად შედის, რომ საქართველო დასავლურ სივრცეს დააშოროს”, - დასძენს გამოცემა.

“რუსეთსაც აქვს საკუთარი ინტერესები რეგიონში და ისიც ელოდება და დარწმუნებული ვარ, ძალიან ყურადღებით აკვირდება როგორ მიდის საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა. როგორც კი ნახავს, რომ დასავლური პოზიციები შესუსტდა, მაშინვე დაიწყებს აქ საკუთარი პოზიციების გაძლიერებას”, - დაასკვნის ანჯაფარიძე. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ პროცესის ბოლომდე მიყვანა და “უცხოური გავლენების შესახებ” კანონის მესამე მოსმენით მაისში მიღება ყველაზე რეალისტური სცენარია და ივანიშვილიც, სავარაუდოდ, თავის გამოსვლაში იგივეს იტყვის. “აქ არის პრინციპის, სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და თვითმყოფადობის დაცვის საკითხი. დეზინფორმაციულ ცეცხლოვან თავდასხმებს ვხედავთ თითქმის ყველა ქვეყნიდან, რომლებშიც ამგვარი კანონია მიღებული, უფრო ხისტიც და რატომღაც საქართველოსთვის ეს დაუშვებელია... აქ მთავარი ისაა, როცა ერი და ბერი, საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ხელისუფლების გვერდით დგას და ორმაგ სტანდარტიანების ფარატინა რეზოლუციებსა და განცხადებებს არ ეგუება. საქართველოს არაერთი გამოწვევა ჰქონია უახლეს თუ წარსულ ისტორიაში, მაგრამ გამოწვევასაც გადავლახავთ, როცა ქვაყანაში ერთიანობაა, რაც 29 აპრილს საღამოს დაფიქსირდება”, - თვლის აბაშიძე, - წერს სტატიის ავტორი.

ლაშა ძებისაშვილი - “ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი”

“ხელისუფლება, რომელიც კონტრაქციას მიმართავს, უკვე წაგებულია, კრიზისშია, გრძნობს საკუთარი პოლიტიკური მდგომარეობის სისუსტეს, იცის, რომ მოსახლეობაში ლეგიტიმაციის დაბალი ხარისხი აქვს და ცდილობს გარეგნულად მაინც მოაჩვენოს თავის მომხრეებს, რომ თითქოს მის მხარეს ბევრი ხალხია. სხვათა შორის, ეს მოსახლეობის დაყოფის ძალიან ცუდი მეთოდია, რადგან ხელისუფლება, რაც არ უნდა სხვა პოლიტიკურ პროგრამას თუ იდეოლოგიას წარმოადგენდეს, ჯამში მთელი ქვეყნის მთავრობა და ხელისუფლებაა და მისი ამოცანაა გაერთიანება და დემოკრატიული მეთოდებით კონსენსუსის მიღწევა, განსაკუთრებით იმ პრინციპულ საკითხებში, რასაც ჰქვია ქვეყნის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის მომავლის განსაზღვრა. ეს ხელისუფლება ცდილობს დაგვანახოს, აი, ჩვენ უფრო მეტნი ვართ, ვიდრე თქვენო. ამასვე აკეთებდნენ წინა ხელისუფლებებიც. ეს ფენომენი მეტყველებს, რომ ხელისუფლება უკიდურეს დაპირისპირებასა და მოსახლეობის დაყოფაზე მიდის - როცა ხალხი ერთმანეთზეა­ გადაკიდებული, ხელისუფლებისთვის არავის სცალია და მას შეუძლია გააგრძელოს თავისი მავნე პოლიტიკა”, - აცხადებს ექსპერტი, პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ლაშა ძებისაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი”.

“ძალაუფლების შენარჩუნების და გამდიდრების ერთადერთი შანსი ის არის, რომ მოსახლეობა უკიდურესად დაყოს და საბოლოოდ ქვეყანა კრიზისში ჩააგდოს. ამისთვის ცდილობს გარე ფაქტორებიც მოიშველიოს და გააგრძელოს თავისი უზრუნველი ცხოვრება ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობის ხარჯზე. “ქართული ოცნება” ცდილობს აჩვენოს, თითქოს რეალურად მეტი მომხრე ჰყავს, რაც მტკნარი სიცრუეა და ეს თავადაც კარგად იციან. “ოცნებას” დაავიწყდა, რომ როცა მთავრობას წარმოადგენ, რაოდენობით მანიპულირება პოლიტიკური ჰარაკირია. შენ უმრავლესობას კი არ უნდა წარმოადგენდე, არამედ ერის გამაერთიანებელი პოლიტიკა უნდა გაატარო. “ოცნებას” ეს პოლიტიკური ანაბანა არ ესმის, რაც კიდევ უფრო დაეხმარება მისი დასასრულის დაჩქარებაში... ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი და ეტყობა, სხვადასხვა სცენარი აქვს მომზადებული ვითარების მაქსიმალურად ასარევად. როცა ხელისუფლებაში ყველა მეთოდით დარჩენა გსურს, პროვოკაციები და სამოქალაქო დაპირისპირება არ უნდა გამოვრიცხოთ. დააკვირდით ძალადობრივი ჯგუფებისა და წრეების განცხადებებს, “ოცნების” მომხრეთა სოციალურ ქსელებს, დაწყებული დიტო სამხარაძით და დამთავრებული “ალტინფოთი” და ვითომ კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებით, მათ მესიჯებში დიდი განსხვავება არ არის. ეს ჯგუფები ძალადობასა და რადიკალიზაციაზე არიან მომართული და, ბუნებრივია, მათი შენახვა-გამოზრდა-შენარჩუნება ტყუილუბრალოდ არ ხდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ძებისაშვილი.

“იმედია, ხელისუფლებას ეყოფა ჭკუა და გონიერება, ქვეყნის მომავალზე ზრუნვის რაღაც გრძნობა მაინც გაუჩნდება და ამ მომენტს სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მიიყვანს. ამ დღეს ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა მოერიდონ მათ. მათი მორალური მხარე ისედაც გამოჩნდება აქციაზე. როცა საპროტესტო აქციებზე ხედავ ახალგაზრდობას, რომელიც მონაწილეთა 90%-ია, წაგებული გაქვს. ეს ის თაობაა, ვისაც რუსულ მომავალს ვერ “შეტენიან”. რაც უნდა ვუმტკიცოთ, ევროპა არა, დასავლეთი არა, მაშინ ალტერნატივა რა გვაქვს - რუსეთი? თუ დავუბრუნდებით რუსეთის ორბიტას, ვინც დღეს რუსულ მომავალს გვიქადაგებს, მათაც ნაკლებად უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ ხელისუფლებაში ისევ დარჩებიან. ისინი ჩანაცვლდებიან უფრო პრორუსული, მოსკოვისთვის ლოიალური, უფრო დამჯერი, რადიკალური და უხეში ძალით”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ეს კანონი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იძლევა სამართლებრივ გზასა და მექანიზმებს, რათა ის უამრავი საზოგადოებრივი აქტივისტი, ორგანიზაცია და ინსტიტუცია გზიდან ჩამოიცილონ, ჩამოყალიბდეს აბსოლუტურად უკონტროლო ხელისუფლება, ყველაფერი მოისპოს, რაც კი ხელისუფლებას აკონტროლებს, მაქსიმალურად ხელ-ფეხი გაეხსნათ დიქტატორული ხელისუფლების შესაქმნელად და ყოველგვარი კონტროლის გარეშე მივიდნენ არჩევნებამდე, გააკეთონ ის, რაც სურთ, და გაინაღდონ შემდგომი პერიოდი, როგორც თვითონ ამბობენ, 2030 წლამდე. პრაქტიკულად, ჩამოყალიბდება რუსული ტიპის პოლიტიკური რეჟიმი, სადაც გვეყოლება ერთი მმართველი და მისი მომსახურე პოლიტიკური კასტა, დანარჩენი მოსახლეობა იქნება მომსახურე პერსონალისა და მონების როლში. ეს კანონი ხელისუფლებას სჭირდება იმისთვის, რომ სახელმწიფოსა და ხელისუფლების მოქმედების კონტროლი აღკვეთოს. წარმოიდგინეთ, ეს ორგანიზაციები თუ გაქრება, არავინ იქნება მაკონტროლებელი და ინფორმაციის მიმწოდებელი, ხელისუფლება ყველა აკრძალულ ხერხს გამოიყენებს, რათა მოიგოს არჩევნები”, - განმარტავს ექსპერტი.

“ჩვენი პრობლემა ამ ორგანიზაციების დაფინანსება კი არაა (მით უმეტეს, ისინი ფინანსდებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომელთაც მართლაც აინტერესებთ, რომ ამ ორგანიზაციების მეშვეობით დადგინდეს, სად იხარჯება საქართველოს მოქალაქეების ფული), არამედ ის, რომ ჩვენი ხელისუფლება მილიარდობით ფულს ხარჯავს არამიზნობრივად, კერძო მიზნებისთვის... ირონიაა, როცა, ერთი მხრივ, ამბობენ, გამჭვირვალობას ვითხოვთ და ამ ორგანიზაციების დაფინანსება გვაინტერესებსო, მეორე მხრივ, “ოფშორების” კანონს იღებენ, რითაც წარმოუდგენელი რაოდენობით ფულის შემოტანა უნდათ საქართველოში. ბრიყვი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, რასთან გვაქვს საქმე. ოფშორებიდან მატერიალური რესურსის მოზიდვის შესახებ კანონი არის პირდაპირი დარტყმა ჩვენი საფინანსო და საბანკო სექტორისთვის იმიტომ, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია გამორიცხავს ამ კუთხით ამ კანონის არსებობას და დაუდგენელი წარმოშობის ფინანსური სახსრების შემოსვლას საქართველოში - იგულისხმება არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი ოლიგარქების თუ უცხოური კრიმინალური წარმოშობის ორგანიზაციების აქტივები. ეს ყველაფერი პირდაპირ ურტყამს ევროკავშირის პოლიტიკას. პირიქით, ევროკავშირი გვეუბნება, რომ მაქსიმალურად დავალაგოთ, გავწმინდოთ ჩვენი ფინანსური, საბანკო სფერო, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს აკრძალული მსგავსი თანხების ბრუნვა. ჩვენ პირიქით ვაკეთებთ, ვეუბნებით, რომ მნიშვნელობა არა აქვს, რა წარმოშობის იქნება, მთავარია, ფული შემოვიდეს. პრაქტიკულად, ჩვენ გადავიქცევით ერთ დიდ ოფშორულ ზონად, სადაც გლობალური მასშტაბით ფული უნდა გათეთრდეს”, - დაასკვნის ლაშა ძებისაშვილი.

“თუ აქამდე რუსეთის მასშტაბით ეს იყო ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, სადაც რუსეთი ახერხებდა კრიმინალური ფულის გათეთრებას, ახლა ეს ზონა გავრცელდება მთელ საქართველოზე. ის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ფინანსური პროექტები, რასაც ევროკავშირი ხშირად ჩვენთან ერთად ახორციელებს, ბუნებრივია, ეჭვქვეშ დადგება. ეს დარტყმას მიაყენებს ჩვენს საფინანსო და საბანკო სექტორს, ჩვენს ვალუტას და ა.შ. ევროპული ინვესტიციების შემოსვლაზე საუბარი ზედმეტია. შეიძლება ეს ოფშორული კანონი იმიტომ შემოიღეს, რომ ევროკავშირთან დაპირისპირების შემთხვევაში სწორედ ევროპული ინვესტიციების შემცირება რაღაცით დაბალანსდეს და ამიტომ სჭირდებათ შავი ფულის შემოტანა, მაგრამ ამას ექნება მოკლევადიანი შედეგი: ის ფული შემოვა და შეიძლება დააბალანსოს ის, რომ ევროპული ფული აქ აღარ იქნება, სამაგიეროდ, ქვეყნის ფინანსური და საბანკო სისტემა დასანქცირდება. ორივე კანონის მიღება ძალზე სერიოზულ საფრთხეს გვიქმნის”, - ამტკიცებს საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი.

“თუ ამ კანონს მიიღებენ, ევროპარლამენტში ჩვენთან აღარ დაიწყებენ მოლაპარაკებას. მარტო ეს კანონი ხომ არაა, 9 პუნქტიც არ დაგვავიწყდეს, რაც შესასრულებელი გვაქვს. ამ გზით თვითონ “ოცნება” მიზანმიმართულად აგდებს მოლაპარაკების პროცესს, ანუ საბოტაჟს ეწევა. ცალსახაა, რომ ევროკავშირიც და დასავლეთიც საქართველოსა და მისი საზოგადოების მხარეს დგას და მაქსიმალურად ცდილობს ამ სანქციებმა და მისმა პოლიტიკამ არ დააზარალოს ქვეყანა, მოსახლეობა, რაც პირდაპირ იკითხება მათ განცხადებებში. მათი დახმარება კიდევ უფრო გაიზრდება, თუ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაში უფრო ნათლად გამოიკვეთება პოლიტიკური კონსოლიდაცია, რაც დასავლეთს გაუადვილებს მათთან თანამშრომლობას და ოლიგარქიული კლანისა და წრის წინააღმდეგ მოქმედებას. ევროპარლამენტის რეზოლუციას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, ევროპული საბჭო და ევროკომისია არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენს შიდა ფრონტზე უპირველესი ამოცანაა ოპოზიციის კონსოლიდაცია, ერთიან ცენტრად ჩამოყალიბება და ამ ცენტრისთვის კონსოლიდირებული საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა გაურთულდება როგორც `ოცნებას~, ასევე რუსეთისთვისაც გასაგები გახდება, რომ ასე მარტივი არ არის საქართველოში მოგება. თუ რუსეთმა გადაწყვიტა ძალოვანი მეთოდებით სიტუაციის მოგვარება, ეს სულ სხვა სცენარში გადაგვაგდებს. ეს ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო და საზოგადოება ერთ მხარეს იქნებიან, ხოლო “ოცნება” და რუსეთი - მეორე მხარეს”, - დასძენს ძებისაშვილი.

დასავლური იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა მოხსნილია? - რა შეუძლია უკრაინას 300 კმ-ზე მოქმედი რაკეტებით

“უკრაინის მიერ დასავლეთიდან მიღებული შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვა, შესაძლოა, მოხსნილი იყოს. ასეთი ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ აშშ-მა მარტში უკრაინას ფარულად მიაწოდა შორს მოქმედი ATACMS-ის ტიპის რაკეტები. როგორ შეცვლის ეს ომის ხასიათს და რა უპირატესობა შეიძლება მიიღოს ამით უკრაინამ? ATACMS-ის ტიპის რაკეტები 300 კმ-ზე მოქმედებს და მათი გაშვება საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “ჰაიმარსის” საშუალებით ხდება. მანამდე უკრაინის არმიის არსენალში მხოლოდ 165 კმ-ზე მოქმედი ამერიკული რაკეტები იყო. ახალი რაკეტებით კი მათ შეუძლიათ მიწვდნენ ყირიმის ხიდსაც და რუსეთის სიღრმეში მდებარე სამხედრო და სხვა ტიპის სტრატეგიულ ობიექტებს. დასავლური მედიის ცნობით, მათი გადაცემა მარტში, ჯერ კიდევ კონგრესის მიერ უკრაინისათვის 61 მილიარდ დოლარიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებამდე მოხდა. ისინი ოფიციალურმა კიევმა 300 მილიონი დოლარის მორიგი სამხედრო დახმარების ფარგლებში მიიღო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დასავლური იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა მოხსნილია? - რა შეუძლია უკრაინას 300 კმ-ზე მოქმედი რაკეტებით.

“უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე შეუწყვეტელი თავდასხმების და, ასევე, ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის მიწოდების შემდეგ მე გადავწყვიტე უკრაინისთვის გამეგზავნა 300 კმ-ზე მფრენი ამერიკული ბალისტიკური რაკეტები”, - ამბობს ბაიდენი. “შემიძლია დავადასტურო, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, პრეზიდენტის პირდაპირი მითითებით, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ი მიაწოდა”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა. სააგენტო “როიტერსი” ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები პირველად გასულ კვირას ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის აეროდრომზე დასარტყმელად გამოიყენეს. “ნიუ იორკ თაიმსის” ცნობით კი, ახალი რაკეტები ასევე გამოიყენეს სამშაბათს ღამით, ოკუპირებულ საპორტო ქალაქ ბერდიანსკში. აღსანიშნავია, რომ ომის ორი წლის განმავლობაში უკრაინის პარტნიორები ხაზგასმით მიუთითებდნენ, რომ დასავლეთიდან მიღებული იარაღი არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისათვის. შესაბამისად, უკრაინის არმიას მხოლოდ ის რაკეტები გადაეცემოდა, რომელთა მოქმედების არეალიც რუსების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიას არ სცილდებოდა. ის ფაქტი, რომ ამჯერად უკრაინამ არა იგივე, არამედ შორი მოქმედების რაკეტები მიიღო, აჩენს საფუძვლიან ვარაუდს, რომ ეს შეზღუდვა უკვე მოხსნილია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამაზე უკვე რუსეთშიც საუბრობენ. სამხედრო ექსპერტმა და ჟურნალ “ეროვნული თავდაცვის” მთავარმა რედაქტორმა იგორ კოროჩენკომ “არგუმენტი ი ფაკტის” განუცხადა, რომ უკრაინისათვის შორს მოქმედი რაკეტების გადაცემა რუსეთისათვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. “დარტყმები, შესაძლოა, მოულოდნელად განხირციელდეს. იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც საჯაროდ გავრცელდა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნატომ და აშშ-მა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლება მისცეს. დარტყმის ქვეშ ექცევა მნიშვნელოვანი აეროდრომები, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები”, - აღნიშნა კოროჩენკომ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პარასკევს ასევე განაცხადა, რომ უკრაინა დასავლურ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე და მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებისათვის იყენებს. თუმცა, არ დაუკონკრეტებია, საერთაშორისოდ აღიარებულ რუსეთის ტერიტორიას გულისხმობს, თუ უკრაინის იმ ოკუპირებულ რეგიონებსაც, რომელსაც მოსკოვი თავისად მიიჩნევს. სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაია მოსაზრებას უკრაინისათვის დასვლური იარაღის გამოყენებაზე არსებული შეზღუდვის მოხსნის შესახებ არადამაჯერებლად მიიჩნევს”, - დასძენს გამოცემა.

“ჩემი აზრით, აშშ უკრაინას აუცილებლად გააფრთხილებდნენ, რომ ეს იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენოს. უკრაინაში ახლა რთული სიტუაციაა. მასობრივი შეტევები მიმდინარეობს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სტრატეგიულ თავდაცვაში გადასვლა უწევთ. ბუნებრივია, მათ სჭირდებათ მეტი იარაღი, რომ რუსების შეტევები შეაჩერონ. აშშ ამ რაკეტებს მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოაყენებინებენ - ზაპოროჟიე, ყირიმი და ა.შ. და მე როგორც ვიცი, ის აკრძალვა, რაც იყო, ისევ ძალაში რჩება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ზვიად ძიძიგური - “რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ივანიშვილმა რაც გააკეთა იმას ჰგავს, საკუთარ ფეხში რომ ისროლო ტყვია”

“არ ვიცი, რა მიზანს ემსახურებოდა ამ კანონის უკან შემოტანა, რატომ გამოიწვია ხელოვნურად ხელისუფლებამ ასეთი დაძაბულობა, მაგრამ მოსალოდნელი იყო, რომ ევროკავშირის რეზოლუცია მკაცრი და კრიტიკული იქნებოდა. ფაქტობრივად, ეს ვითარება ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. რა მიზნით, მხოლოდ მან იცის და არც კობახიძეს, არც პაპუაშვილს არა აქვს წარმოდგენა, რა თამაშს თამაშობს. ფაქტია, რაღაც ტრიუკებს ატარებს. ყველა ვერსია გვაქვს მოსმენილი, რომ ეს რუსეთმა დაავალა, რომ ეს არის არასამთავრობოების გასაჩუმებლად ან რევანში შარშანდლისთვის, მაგრამ მხოლოდ თვითონ იცის, რატომ დასჭირდა ეს ქარტეხილი. არის ასეთი ვარიანტიც, ეშინია, რომ დასავლეთი დაასანქცირებს მის ქონებას, ანგარიშებს და სურს დაანახოს სხვებს, რა ძლიერია და როგორ შეუძლია ზეგავლენა ქვეყნის საგარეო კურსზე... რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რაც გააკეთა, იმას ჰგავს, საკუთარ ფეხში რომ ისროლო ტყვია”, - აცხადებს ოთხი მოწვევის დეპუტატი, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი ზვიად ძიძიგური გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ძალიან დაძაბული დღეები გველოდება - ხელისუფლება არ აპირებს უკან დახევას, არც ახალგაზრდები აპირებენ...”

“ქართული ოცნება” იმ მხარდამჭერების ხმებს დაკარგავს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია აუცილებელია, და ეს პატარა პროცენტი ნამდვილად არ იქნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გააქტიურდნენ ახალგაზრდები, ეს ის სეგმენტია, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს, არადა, 18-დან 25 წლამდე ასაკის 600-700 ათასი კაცია. ეს არ არის ცოტა ციფრი, ნახევარმაც რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ეს “ოცნების” სასარგებლოდ არ იქნება. თუ საარჩევნოდ გაიტანეს ეს კანონი, არჩევნებზე ჰიპერაქტიურობაში გადაიზრდება და სწორედ ეს ახალგაზრდები გადაწყვეტენ “ოცნების” ბედს, იმიტომ, რომ ევროპულ გზაზე გადაწყვეტილება მიღებულია. ამას ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან, 90-იანი წლების ბოლოს, ასიათასობით კაცი უჭერდა მხარს. ვფიქრობ, არჩევნებზე ქართველი ხალხი სამუდამოდ წერტილს დაუსვამს ამას. 80-იანი წლებიდან მოყოლებული, სადაც ახალგაზრდობა ჩაერთო, ხელისუფლებამ ყოველთვის უკან დაიხია. ხომ ხედავთ, ყოველგვარი ორგანიზების გარეშე როგორ მიმდინარეობს აქციები. თუ განსჯის უნარი შერჩენია ხელისუფლებას, უკან უნდა წაიღოს ეს კანონი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ძიძიგური.

“გამჭვირვალობა თუ გვინდა, ეს ღრიანცელის გარეშეც შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს კანონი გამჭვირვალობას არ ეხმაურება, ამით არასამთავრობო ორგანიზაციების ერთხელ და სამუდამოდ დადუმება სურთ, როგორც რუსეთში გააკეთეს, მაგრამ რუსეთში არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება გაცილებით სუსტია, ვიდრე საქართველოში. გაიზარდა თაობა, რომელსაც რუსეთისკენ გახედვა არ უნდა, რომელსაც ვერ წაიყვან შენს ჭკუაზე, ამიტომ შეუძლებელია ახალგაზრდებს გამოუცხადო ომი. აქციებზე შეკრებილია არა მარტო ლიბერალური ან კონსერვატიული ახალგაზრდობა, სრულიად ახალგაზრდობაა, რომელსაც ევროპის იქით საქართველოს მომავალი ვერ წარმოუდგენია. ახალგაზრდობა ყველაზე უხერხული მეტოქეა ხელისუფლებისთვის. რამდენადაც ადვილად გაუმკლავდა თავის ოპონენტებს, იმდენად ვერ მოახერხებს ამ გულწრფელ, ანთებულ ახალგაზრდებთან დაპირისპირებას, იმიტომ, რომ ისინი მართლები არიან”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“როცა ხელისუფლებას პირდაპირ აქვს დავალებული ხალხისგან ევროინტეგრაცია, ნატოში გაწევრება, ეს კონსტიტუციაშიც წერია და საწინააღმდეგოდ იქცევა, სავსებით გასაგებია ახალგაზრდობის საქციელი. სრულიად გაუგებარია ივანიშვილის ეს ნაბიჯი, მით უმეტეს, არ დარჩენილა არც ერთი თანამდებობის პირი, ევროკომისრები, ევროპარლამენტი, ის სტრუქტურა, რომელშიც გაწევრებისკენ ისწრაფვის საქართველო, არ დაეგმო ეს ნაბიჯი. როცა ყველა შენი მოწინააღმდეგეა ამ საქმეში, როგორ გინდა გაასაღო, რომ ეს არის ევროპული ღირებულებების თანხვედრი ნაბიჯი. ამიტომ ურჩევნია გაიტანოს ეს კანონი. ამით მისი რეიტინგი დაზარალდება, მაგრამ ორ უარესს შორის შეუძლია ნაკლებად უარესი აირჩიოს. ძალიან დაძაბული დღეები გველოდება. ხელისუფლება არ აპირებს უკან დახევას, არც ახალგაზრდები აპირებენ და ღმერთმა ქნას, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს”, - მიიჩნევს ოთხი მოწვევის დეპუტატი.

“2012 წელს რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც სიტყვასიტყვით ემთხვევა ქართულ კანონს. ამ კანონით პუტინმა მოახერხა შეეზღუდა ყველა, ვინც აქტიურობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მედია, არასამთავრობო სექტორი და ა.შ. ბოლოს მივიღეთ ის, რომ მან 21-ე საუკუნეში ომები დაიწყო - ჯერ საქართველოს დაესხა თავს, ახლა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი აქვს. პუტინს იმხელა ძალაუფლება აქვს, რომ თავს აძლევს უფლებას თავისუფალ სამყაროს ომი გამოუცხადოს ტერიტორიების წასართმევად. მოდი და მელაპარაკე ამის შემდეგ, რომ ეს ამერიკული და ევროპული კანონია, როცა მხოლოდ რუსებს მოსწონთ. რაც შეეხება გამჭვირვალობას, ბიძინა ივანიშვილს სურს თავისი კონტროლიდან გასული არასამთავრობოები და მედიასაშუალებები მივიდნენ და ნებით ჩაწერონ, რომ თითქოსდა უცხო ქვეყნის აქტორები არიან. ამას მოჰყვება სხვა შეზღუდვები, რეგულაციები და ამით ხელისუფლება შეეცდება გააკონტროლოს მთელი სეგმენტი. მთავრობა ახლა აკონტროლებს სასამართლოს, ბიზნესს, მედიის დიდ ნაწილს, მერე კი ყველაფერს გააკონტროლებს”, - განმარტავს ზვიად ძიძიგური.

“გაიხსენეთ, რა რეალობაში ვიყავით, რის გამო იყო სააკაშვილი მიუღებელი ქართველი საზოგადოებისთვის, რისთვისაც ვიბრძოდით, სწორედ იმის გამოა დღეს ივანიშვილი მიუღებელი. ერთადერთი, პატიმრების გაუპატიურებაზე სკანდალი არ გაგვიგონია, თორემ სხვა ყველაფერს ერთიერთში იმეორებს - არჩევნების გაყალბება გინდა, მოსმენები გინდა, ჯიბეში ჩადებული სასამართლო, პარლამენტი ჯიბეში. სახელისუფლებო პარტიას წლების განმავლობაში ისეთი ოპოზიცია ჰყავდა, რომლის უკან დაბრუნება ქვეყნის მოსახლეობის ძალიან სოლიდურ ნაწილს არ უნდოდა და ამიტომ იგებდა არჩევნებს დიდი უპირატესობით. როცა საკონსტიტუციო უმრავლესობით დაიწყო არჩევნების მოგება, ამის შემდეგ ივანიშვილს აბსოლუტური ძალაუფლება ჩაუვარდა ხელში, ეს კი რყვნის. არ შეიძლება სულ ერთი პარტია იყოს ხელისუფლებაში. ფრთიანი ანგელოზიც რომ იყო, როცა მუდმივად ხელისუფლებაში ხარ, აუცილებლად რქები, კუდი და ჩლიქები გამოგივა. არ არსებობს ისე მართო ქვეყანა, რომ ხალხის მაგივრად საკუთარი მუცლის გამოტენაზე არ იფიქრო. ამის ძალიან ცუდი მაგალითები, ძალიან ცუდი კორუფციული სქემები არსებობდა და ივანიშვილის მმართველობის მეთორმეტე წლისთავზე საქართველო ბრეჟნევისეული მმართველობის პერიოდს დაემსგავსა”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“ პოლიტიკურ სივრცეში არანაირი პერსპექტივა არ ჩანს და კორუფციამ წალეკა მთელი ქვეყანა. ჩვენ რატომ ვებრძოდით სააკაშვილის ხელისუფლებას? იმიტომ, რომ ბიზნესი და სასამართლო ჯიბეში ჰყავდათ, არჩევნებს უშიშროებისა და შს სამინისტროს ძალები ატარებდნენ, ტელევიზიები და მედია შეზღუდული იყვნენ. ადამიანის უფლებები საშინლად ირღვეოდა. ივანიშვილს ძალიან მოეწონა ისევ ჯიბეში ჩასმული სასამართლო, მედია, ბიზნესი და ყველა სტრუქტურა. სააკაშვილის მმართველობას დაემსგავსა, ბევრ რამეში გაასწრო კიდეც... პაპუაშვილის ნათქვამს კაპიკის ფასი აქვს, ისევე როგორც იმას, რას ამბობენ კობახიძე და “ოცნების” ყველა მოლაპარაკე თავი. ყველამ იცის, რომ იდიოტობას უჭერენ მხარს, მაგრამ რა გააკეთონ, პაპუაშვილი ცხოვრებაში ვერასდროს გახდებოდა პარლამენტის თავმჯდომარე, ვერც კობახიძე პრემიერი, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, და რასაც ივანიშვილი ავალებს, იმას აკეთებენ”, - ამბობს სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი და შეკითხვაზე - “იმასაც ამბობენ, რუსეთი აკეთებინებს მათ ამ ყველაფერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებაო” - პასუხობს:

“თუ რუსეთს სურს ივანიშვილი დიდხანს იყოს ხელისუფლებაში, ასეთი დარტყმის ქვეშ დაყენება იმ ხელისუფლების, რომელიც შენს მოკავშირედ მიგაჩნია, დიდი უტვინობაა, ამიტომ არა მგონია, ეს რუსეთის დავალება იყოს. ეს ივანიშვილის ტრიუკია, რატომ გააკეთა ეს, მხოლოდ მან იცის. სავარაუდოდ, მიიღებენ ამ კანონს და ამ არჩევნებზე მაქსიმალურად მივა ის ელექტორატი, ვინც აპროტესტებს ამ ყველაფერს... დიდი კითხვის ნიშანი დაესმება ხელისუფლებაში მათ დარჩენას. მთავარ დარტყმას ოქტომბრის არჩევნებზე მიიღებენ. ქართველი საზოგადოება იმდენად არის ჩახედული პოლიტიკაში და იმდენად აქტიურია, ძალიან ნათელ პასუხს იძლევა. ხმა უნდა მისცენ ისეთ პარტიას, რომელიც 5-პროცენტიან ბარიერს ყველა ვარიანტში გადალახავს. “ნაცმოძრაობის” გარდა, გამოკვეთილია რამდენიმე პარტია. თუ პროცესები ასე განვითარდა, შეიძლება მათი რიცხვი კიდევაც გაიზარდოს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ქართველი საზოგადოება აირჩევს ისეთი ტიპის ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს”.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024