ეკა სეფაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - გაბედონ და დადგნენ ხალხის წინაშე მიტინგებზე და მერე ნახონ როგორც გაჰყვება ხალხი იმ ტყუილი ღირებულებების დასაცავად, რასაც ქადაგებენ, ვითომდა ევროპელობის კუთხით

საუბრობენ იმაზე, რომ თურმე ევროპა სურთ, მაგრამ რა გააკეთეს ევროპისათვის და ევროპული ღირებულებების დასაცავად საქართველოში, რასაც ასე ქადაგებენ იმ მიტინგებზე, სადაც შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდობა გამოჰყავთ და ტყუილს ეუბნებიან, სიმართლეს უმალავენ,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სეფაშვილის თქმით, ოპოზიციამ რომ ხალხის წინაშე მიტინგებზე დადგომა გაბედოს და სიმართლე უთხრას, მათ უბრალოდ რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან დაეცლებათ.

„პირველ რიგში, თავდაცვის ძალებს ვულოცავ ამ დღეს და ვუსურვებ მშვიდობიანი საქართველოს სადარაჯოზე მდგარიყვნენ და პატრიოტული ღირებულებების დაცვა ევალებოდეთ. პოლიტიკური მესიჯები და პოლიტიზება დაუშვებელი ყოფილიყოს მათთვის და იცავდნენ ერთიან, ძლიერ დამოუკიდებელ საქართველოს.

მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ შეხვედრას, რომელიც გაიმართა საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული ხალხის მონაწილეობით და რომლებმაც ცხადად აჩვენეს, რომ საქართველოში მამული, ენა, სარწმუნოება არის უპირველესი ღირებულება და ამ ღირებულების დაცვისათვის ხალხი არ უშინდება არც შორი გზიდან ჩამოსვლას და არც თავიანთი პოზიციის ღიად და უშიშრად დაფიქსირებას. მე მესმის დღეს ვითომდა ოპოზიციის, სინამდვილეში კი ხალხის და ქვეყნის მოღალატე, რადიკალური ძალების წარმომადგენლების ეს სასოწარკვეთილი გოდება დღევანდელ პოლიტიკურ განცხადებებში, როგორ გულშეწუხებული და დამწუხრებულები არიან გუშინდელი ჩვენი ერთობით, იმ ხალხის ერთობით, რომლებმაც ნათლად დაგვანახა, რომ საქართველოში ერთობა, ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ხალხისათვის ძვირფასია.

საუბრობენ იმაზე, რომ თურმე ევროპა სურთ, მაგრამ რა გააკეთეს ევროპისათვის და ევროპული ღირებულებების დასაცავად საქართველოში, რასაც ასე ქადაგებენ იმ მიტინგებზე, სადაც შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდობა გამოჰყავთ და ტყუილს ეუბნებიან, სიმართლეს უმალავენ. გაბედონ და დადგნენ ამ ხალხის წინაშე მიტინგებზე და მერე ნახონ, როგორ დაიცლება რუსთაველი მათი შემხედვარე და როგორც გაჰყვება ხალხი იმ ტყუილი ღირებულებების დასაცავად, რასაც ისინი ქადაგებენ, ვითომდა ევროპელობის კუთხით.

რა გააკეთეთ ევროპელობისთვის? ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ჩვენი მმართველობის დროს მოხდა, ვიზალიბერალიზაციაც და კანდიდატის სტატუსიც მივიღეთ ჩვენი მმართველობის დროს. ეს არ ყოფილა ჰაერზე მიღებული. ეს არის დამსახურება იმ რეფორმების, იმ ინსტიტუციური სიახლის, რაც საქართველომ გააკეთა ევროინტეგრაციის მიმართულებით. საქმე, რაც თქვენ აკეთეთ დაწყებული იმით, რომ დარბოდით სტრასბურგის კაბინეტებში და ითხოვდით, რომ საქართველოსთვის არ მიენიჭებინათ თავის დროზე არც ვიზალიბერალიზაცია, შემდგომში კანდიდატის სტატუსი - აი, ეს არის თქვენი რეალური საქმე“, - აღნიშნა სეფაშვილმა.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წაგებული უამრავი პროცესი შეახსენა.

„გავიხსენოთ სტრასბურგის უამრავი წაგებული პროცესი, რითაც დამტკიცდა ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობა. გაიხსენეთ ასევე თქვენი ბელადის საქმიანობა. ტერიტორიების 20% დაკარგვას როგორ შეუწყო ხელი და შემდეგ რამდენიმე თვეში საზღვარზე ეხვეწებოდა რუსებს შემოდით და ჩვენს ქვეყანაში მოილხინეთო. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაზე საუბრობდა აქ ერთ-ერთი დეპუტატი და დაავიწყდათ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ როგორ უსამართლოდ დააპატიმრა მისი ერთ-ერთი შვილი, აწამა და სტრასბურგის სასამართლომ ეს დაადასტურა. იქნებ გაიხსენოთ თქვენი ერთ-ერთი წარმომადგენელი, როგორ ჩადიოდა რუსეთის დუმაში და კალაშნიკოვს და კოსაჩევს დსთ-ს სივრცეში, როგორ სთხოვდნენ ინტეგრაციასა, როგორ სთხოვდნენ ძმობისა და ერთობის აღდგენას იმ ოკუპანტ ქვეყანას, რომელმაც, სწორედ მათი ხელშეწყობით, საქართველოს ტერიტორიების 20% დაკარგა და ქართველ ხალხს ნამდვილი ტერორი მოუწყო.

რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციისთვის ძალიან თავზარდამცემი იყო გუშინ ხალხის ერთობის დანახვა იმ ფონზე, როდესაც ისინი მხოლოდ უმცირესობის გამოყვანას ახერხებენ აქციაზე და ის უმცირესობაც ისეთია, რომელთაც სიმართლეს უმალავენ, ან ისეთი, რომლებიც თავიანთი შავი ფულის დაცვას ცდილობენ და სხვას -არაფერს. რადიკალების მიერ ჩადენილი რუსული და ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეები არის ჩვენ მიერ ღირებულებების დაცვისა და ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების საპირწონე, რომლის შესახებაც რეალურ პასუხს მეცხრედ უკვე ამ წლის ოქტომბერში მიიღებენ. მეცხრედ დამარცხდებიან სასტიკად - ქართველი ხალხი არჩევნებზე გასცემს მათ ღირსეულ პასუხს და დააფიქსირებს იმ არჩევანს, რომელიც რეალურად სურს. საქართველოს არჩევანი არის დამოუკიდებლობა, ღირებულებები და დასავლურ ცივილიზაციასთან ერთობა და ინტეგრაცია“, - განაცხადა სეფაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება