რაც შეეხება ოპოზიციას, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციურ ერთიან პლატფორმას და ყველა იმ ადამიანის [პლატფორმას], რომელსაც უნდა, რომ პოლიტიკაში ჩაერთოს, მათ შორის შეიძლება გახსნილი იყოს ახალი ადამიანებისთვის და დიახ, მე მხარს ვუჭერ ერთიან სიას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის ამ პროცესში, პრეზიდენტის როლს პოზიტიურად ხედავს.
„სალომე ზურაბიშვილის როლს ვხედავ პოზიტიურად და ორი კვირის წინ მეც მივმართე მას, რომ საკუთარ თავზე აეღო მაკოორდინირებლის ფუნქცია მაინც, თუ მეტი არა. მთავარი, რაც მინდა იცოდეთ, „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად კანონგარეშეა. დღეს, საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, არის არალეგიტიმური იმიტომ, რომ მან მიიღო კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონი და ის, ფაქტობრივად, ურთიერთობებს წყვეტს ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან და არ უსმენს ხალხს, რომელიც ქუჩაშია. შესაბამისად, ის არალეგიტიმურია,“ - განაცხადა ვაშაძემ.
გარდა ამისა, დეპუტატმა ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, ამერიკის პოზიციაა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონი უნდა იქნას გატანილი.
„მე შეხვედრა მქონდა ჯიმ ო’ბრაიენთან და ზუსტად შემიძლია გითხრათ, მათი პოზიცია არის ის, რომ ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული. ამერიკის პოზიციაა, რომ ეს კანონი უნდა იქნას გატანილი. მე მგონი, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება დღესაც გააკეთა და საერთოდ არ უნდა იქნას მიღებული. ამ კანონის გაკეთილშობილების მექანიზმი არანაირად არ არსებობს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული კანონის გაკეთილშობილება შეიძლება.