ქართული სამღვდელოების გადაწყვეტილებით, დღეს პირველად პაოლო იაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება, - ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
;დღესვე, წირვის დასრულების შემდეგ პაოლო იაშვილს წესს აუგებენ. „არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც ეკუთვნის მთელ ერს. ესენი არიან რჩეული ადამიანები. მივიღეთ მხედველობაში ის, რომ მაშინ იყო რეპრესიები. მან გაიარა ბევრი წამება და ეწამა ვაჟკაცურად. მან თავი მოიკლა იმისთვის, რომ არ გაეცა საკუთარი მეგობრები“, – განაცხადა პატრიარქმა.
;მისივე თქმით, პაოლო იაშვილმა ოჯახს დაუტოვა წერილი, სადაც წერდა, რომ თვითმკვლელობა კარგი გზა იქნებოდა. „პაოლო იაშვილი იყო ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი, ერთ-ერთი უერთგულესი შვილი საქართველოსი. დღეს, ღვთის მადლითა და ლოცვით შესრულდება პირველი პანაშვიდი მისი სულისთვის. მინდა გამოვხატო სიხარული ამ გადაწყვეტილების შესახებ. ეს მისი მეორე შობაა. ღმერთმა შეუნდოს და აცხონოს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უკვდავი სული“, – განაცხადა პატრიარქმა. ;სამების საკათედრო ტაძარში პაოლო იაშვილის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს მისი შვილიშვილები და ოჯახის ახლობლები, ასევე, სხვა საზოგადო მოღვაწეები ესწრებიან. პაოლო იაშვილის შვილიშვილი მერაბ ნიჟარაძე უწმინდესსა და ქართულ ეკლესიას მადლობას უხდის აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის.
;დღესვე უწმინდესმა ბერძენ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. სამების საკათედრო ტაძარში საბერძნეთის საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებიან. პატრიარქის განცხადებით, დიდი ხნის განმავლობაში ქართველ და ბერძენ ხალხს აკავშირებს მჭიდრო ურთიერთობები. “ეს კავშირები დღემდე არ შეწყვეტილა და მომავალშიც გაგრძელდება”, – ბრძანა უწმინდესმა.