განათლების სამინისტროში შიდა აუდიტის დეპარტამენტმა სერიოზული ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა. საუბარია 2008 წლის პერიოდში განხორციელებულ შესყიდვებზე .
როგორც შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ანდრიაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, შესყიდვების დროს გაფლანგულია ათი ათასობით ლარი.
მაგალითისთვის ანდრიაშვილმა წარმოადგინა ბურთები, რომლის შესყიდვის დროსაც განათლების სამინისტროდან უგვზო-უკვლოდ დაიკარგა 170 ათასი ლარი. ზოგადად კი, სპორტული ინვენტარის შეძენის დროს 600 ათასი ლარი გაიფლანგა.
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია. როგორც განათლების სამინისტროში განმარტეს, ეს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ხდება.
ამასთან, ანდრიაშვილმა აღნიშნა, რომ მინისტრ დიმიტრი შაშკინის დავალებით, ყველა მასალა მთავარ პროკურატურას გადაეცა, ფაქტთან დაკავშირებით კი, გამოძიება 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
განათლების სამინისტრო პირობას დებს, რომ ყველა დახარჯული თეთრის შესახებ ჩატარდება სპეციალური გამოძიება და დადგინდება, სად, როდის და რა მიზნით დაიხარჯა თანხები.
ჯერ საუბარია მხოლოდ 2008 წელზე, თუმცა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემოწმება სხვა სხვა პერიოდებსაც შეეხება.
2008 წლისთვის განათლების მინისტრად გია ნოდია მუშაობდა.