27.08.2010

"მოდელირებული გეი აღლუმის" ქრონიკა - ვის აძლევდა ხელს ამ თემის გარშემო აჟიოტაჟი?

გოგი თოფაძე - "მალე გადავცდებით იმ ზღვარს, რისი მოთმენაც აღარ შეიძლება"

სტუდენტების დეფიციტი - წლევანდელი გამოცდების შემდეგ პროფესორ-მასწავლებელთა დიდი ნაწილი, შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს

                                                           * * *

"მოდელირებული გეი აღლუმის" ქრონიკა - ვის აძლევდა ხელს ამ თემის გარშემო აჟიოტაჟი?

"ბათუმში გეი აღლუმი არ გამართულა, თუმცა მოეწყო ამ აღლუმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია ადგილობრივი სასულიერო პირებისა და მართლმადიდებელი მრევლის მონაწილეობით. მთავარი კი ისაა, რომ როგორც ჩანს, ამ აღლუმის ჩატარებას არც არავინ აპირებდა. ყოველ შემთხვევაში, ზუსტი ინფორმაცია ამაზე არავის აქვს - არც სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველბს, არც სახალხო დამცველსა და არც საპატრიარქოს. არატრადიციული ორიენტაციის ადამიანთა ფონდ "ინკლუზივის" ხელმძღვანელ პაატა საბელაშვილის განცხადებით, მათ მიერ "პარადი დაგეგმილი არ ყოფილა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მოდელირებული გეი აღლუმის ქრონიკა / ვის აძლევდა ხელს ამ თემის გარშემო აჟიოტაჟი?

"გეი აღლუმის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მერიაში ასეთი მოთხოვნა 5 დღით ადრე უნდა შესულიყო, თუმცა ასეთი განცხადება მათ არ მიუღიათ. მართლა იყო თუ არა დაგეგმილი გეი აღლუმის გამართვა? საიდან გავრცელდა ცნობა აღლუმის გამართვის შესახებ? მსგავსი შეკითხვები ისმის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ შეკითხვაზე პასუხი არავის აქვს - არც საპატრიარქოს, რომელმაც დაგმო ეს მცდელობა და ერს სოდომ-გომორის ცოდვისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდა, გუშინ კი აქციაც გაიმართა ბათუმში. თვით არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენელთა უფლებების დამცველებიც აცხადებენ, რომ ეს პრესაში შემოგდებული ჭორი იყო და სხვა არაფერი. ცნობისთვის, გეი აღლუმის თემა თავდაპირველად, დაახლოებით 10 დღის წინ, ინტერნეტფორუმებზე გაჩნდა, შემდეგ ბულვარული პრესის ფურცლებზე მოხვდა, ცოტა ხანში კი მას თითქმის ყველა სააგენტო შეუერთდა - ინფორმაცის თანახმად, გეი აღლუმი ბათუმში გუშინ უნდა გამართულიყო", - აღნიშნავს გამოცემა.

"საზოგადოებაში გავრცელდა ეს ინფორმაცია და საპატრიარქომაც პრევენციული მიზნით გააკეთა განცხადება. ეს არ არის პირველი შემთხვევა. წინა წლებშიც იყო მსგავსი ინფორმაცია. ჩვენ მაშინაც მკაცრი განცხადება გავაკეთეთ. რა, მოიხსნა ეს საფრთხე და აღარ გაიმართება? ჩვენ საპატრიარქოში კონსულტაციები გვქონდა და ვაცხადებდით, რომ თუ აღლუმის მოწყობის მცდელობა იქნებოდა, ჩვენ სასულიერო პირები მრევლთან ერთად მივიღებდით ამ აქციაში მონაწილეობას და შევეცდებოდით, ხელი შეგვეშალა ასეთი მცდელობისთვის. ჩვენ ისიც კი არ ვიცოდით, თბილისში უნდა გამართულიყო აქცია თუ ბათუმში. რადგან ბოლო დროს პრესის აქცენტი ბათუმზე კეთდებოდა, პრევენციის მიზნით იქ შეიკრიბა მრევლი, რათა მშვიდობიანი ფორმებით ხელი შეეშალათ ამ ავადმყოფი ადამიანებისთვის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი.

"ჩვენს ფონდს არასდროს არაფერი დაუგეგმავს როგორც სამი წლის წინ, ისე ახლა. პირველად ეს თემა სანდრო ბრეგაძემ გააჟღერა მაისში წინასაარჩევნოდ, "კავკასიის" ინციდენტის დროს და განაცხადა - აღლუმი აგვისტოში იქნებაო. ამით მასმედიის ყურადღების მიპყრობა უნდოდა. შემდეგ მიავიწყდათ. მერე ისევ გამოაცოცხლეს ეს ჭორი. აგვისტოში ეს თემა გოგა ხანდრავამ გააცოცხლა და როგორც ყოველთვის, ეს პოლიტიზების მიზნით გააკეთა. არის მცდელობა, რომ მოხდეს ხელისუფლების დემონიზაცია, რომ ვითომ ის არის პრო-გეი და გვართმევს ქვეყანას. თან დააკვირდით, ისე ხდება გაშუქება, რომ ეს მოხდება, მაგრამ არ სახელდება ინფორმაციის კონკრეტული წყარო, არც რამე ხელმოსაჭიდი, რომელიც დაადასტურებდა, რომ შეკრება მართლა იგეგმებოდა. ეკლესიის მხრიდან ეს არის სიმბოლური ძალაუფლების გამოყენება და ალბათ, ეკლესიის პოზიციაც გასაგებია, მაგრამ ეკლესიას არ უნდა ჰქონდეს იმის პრობლემა, დაადგინოს, ეს ინფორმაცია სინამდვილეა თუ ჭორი - ჭორზე გაკეთებული განცხადებები კი ცოტა უხერხულია", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა საბელაშვილი.

"რეზონანსი" შეეცადა გოგა ხაინდრავასთან გარკვევას, საიდან ჰქონდა მას ეს ინფორმაცია და იცოდა თუ არა, ვინ გეგმავდა აღლუმის გამართვას ბათუმში. ხაინდრავამ უარყო, რომ გეი აღლუმთან დაკავშირებით ცნობები პირველმა სწორედ მან გაავრცელა, თუმცა დეტალური კომენტარი არ გაუკეთებია. საბოლოოდ, ბოლო ათი დღის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და სკანდალური ცნობა გეი აღლუმზე არ გამართლდა. ვერც ის გაირკვა, რატომ აგორდა ამხელა ამბავი ჭორის დონეზე აგორებულ ფაქტზე. ვის შეეძლო აეგორებინა ეს ინფორმაცია ან ვის აძლევდა ხელს ეს აურზაური? - ექსპერტსა და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლებაზე განაწყენებულ ადამიანთა ნასროლი ვერსიაა - "სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ გულს ფხანს", - დასძენს გამოცემა.

"ეს არ არის ახალი თემა. პერიოდულად შემოდის ხოლმე და ასეთი ჭორებზე ყურადღების გამახვილება გასაკვირი არ არის. სავარაუდოა, რომ ჭორების ეს ტალღა გამოიწვია ხელისუფლების განსაზღვრულმა ქმედებებმა, რადგანაც ეს ჭორი დაემთხვა და მოჰყვა იმ ნაბიჯებს, რომლებიც დევნილებისა და გარემოვაჭრეების მიმართ გადაიდგა. არა, ოპოზიციის აგორებული არ არის. გაღიზიანება ცალკეულ მოქალაქეებში ჩნდება და ამ გაღიზიანების ფონზე გაჩნდა ჭორიც. არც ხელისუფლების შემოგდებული მგონია, იმიტომ რომ ეს ამ საპროტესტო აქციებს ვერ გადაფარავს. თანაც გეი აღლუმზე საუბარი უფრო ხელისუფლების საწინააღმდეგოდ არის მიმართული - "აი, ხომ ხედავთ, დევნილებს მერამდენედ ყრიან გარეთ, გარემოვაჭრეებს არსად აჩერებენ და აი, ნახეთ გეი პარადიც - ქართველებსა და ქართველობას ებრძვიან", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

გოგი თოფაძე - "მალე გადავცდებით იმ ზღვარს, რისი მოთმენაც აღარ შეიძლება"

"ეკონომიკას თავისი კანონები აქვს და აშკარაა, რომ ლარი ვერ აუძლებს ამ ყველაფერს. შენ არაფერს აწარმოებ, მთელი ფული გადის საქართველოდან და იქიდან შემოდის უხარისხო, ვადაგასული პროდუქტები, რაც განსაზღვრული ჯგუფების ინტერესს წარმოადგენს და არა საქართველოს მოსახლეობის. ეს ძალიან ძვირი დაუჯდება ჩვენს ქვეყანას, ძალიან ძვირი მომავალში. ნახავთ, რაც მოუვა ლარს ძალიან მალე. ხელისულება ძალიან გაუგებარ გადაწყვეტილებებს მიმართავს, მიდის ყველანაირი ბიზნესის დაყაჩაღება, მე ძალიან პესიმისტურად ვუყურებ ჩემი ქვეყნის მომავალს", - აცხადებს მრეწველთა პარტიის თავმჯდომარე გოგი თოფაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დღეს საქართველოში ყველანაირ ბიზნესს აყაჩაღებენ.

"ეს არის ინფლაცია, უბრალოდ ლარი გაუფასურდა და ფასებმა დაიწყო მატება. როდესაც ინფლაცია აღწევს 30-40%-ს, ამას ვერ გაექცევა ვერავინ.რამდენ ხანს გაძლებს ის პენსიონერი, რომელიც იღებს 100 ლარს და იყიდის მესამედს იმისას, რაც უნდა ეყიდა ნორმალური კურსის დროს. ეს ყველაფერი ხალხზე მტკივნეულად იჩენს თავს. ნახეთ, პურზე როგორ გაიზარდა ფასი, ეს გარდაუვალია. გვამზადებენ იმისთვის, რომ სხვა გამოსავალი არ არის. ეკონომიკური სტრატეგია ქვეყანას რომ არ აქვს და ქვეყანა, რომელიც არ ფიქრობს, ჰყავდეს საკუთარი ფერმერები, მეწარმეები და ამას ავსებს საკუთარი ინტერესებით გამოწვეული იმპორტით, ეს აუცილებლად მოიტანს უმძიმეს სიტუაციას ქვეყანაში. ძალიან საინტერესოა, რამდენს მოითმენს საქართველოს ხალხი. ხელისუფლება დაეჩვია, რომ ხალხის მოტყუება ადვილია. იმედი აქვს, რომ ჩაახშობს ყველაფერს, მაგრამ მალე გადავცდებით იმ ზღვარს, რისი მოთმენაც აღარ შეიძლება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგი თოფაძე.

"დღეს ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა გამოდის და აცხადებს, მაინდამაინც დემოკრატიული და ცივილიზებული გზით უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლებაო. მე ამაში ნამდვილად ვერ ვხედავ პერსპექტივას. ამათ იმდენად პრივატიზებული აქვთ ყველაფერი, ეს შეუძლებელია. დემოკრატიული გზა რა არის? ერთი არის იმპიჩმენტი, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს და ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, ერთპარტიული პარლამენტი რას მიიღებს და რას არა და მეორე გზაა არჩევნები, სადაც აბსოლუტურად არანაირი შანსი არ არსებობს. რა ვქნათ, რა გავაკეთოთ? ღმერთმა არ ქნას, რომ ისევ დაიწყოს საქართველოში სისხლის ღვრა, ეს იქნება ქვეყნის დაღუპვა. არის კიდევ სხვა მეთოდები, იგივე დაუმორჩილებლობა მთლიანად საზოგადოების. საზოგადოება და ოპოზიცია ერთიანიც რომ იყოს, მაინც დაამარცხებენ, დამერწმუნეთ - დღეს მთლიანად მაგათ ხელშია საარჩევნო ტექნოლოგიები, მთელი პიარი, ფინანსური საშუალებები. გაერთიანებულ ოპოზიციას რომ დაამარცხებენ, გაცილებით მეტი სალაპარაკო მიეცემა ამ ხელისუფლებას", - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

"ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ნორმაში საარჩევნო სისტემა, ვაიძულოთ ხელისუფლება, მიიღოს ის კანონები, რომელიც მოგვცემს გარანტიას, რომ ცოტა მაინც დაემსგავსება არჩევნები დემოკრატიულსა და სამართლიანს, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას აღარანაირი შანსი აღარ რჩება და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ვერ მივაღწიოთ დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებს - ამიტომ ვაცხადებ, რომ არჩევნების იმედი ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ გზით რამეს შევცვლით ქვეყანაში. ამ ხელისუფლების პირობებში არაფერი გამოვა. მერამდენედ და რა მარტივად ცვლიან კონსტიტუციას, ამ პირობებში არჩევნების გამართვა არ მიმაჩნია პერსპექტივად", - დასძენს გოგი თოფაძე.

"მაკვირვებს ამდენი ტრაბახი, ქება-დიდება, აბსტრაქტული პროექტები, არ ვიცი რას მოგვცემს მთელი თანხების აკუმულირება ერთ რეგიონში და დანარჩენის დავიწყება. ამ ჩვენს პრეზიდეტს თავისი ოფოფები აქვს - ხან ბათუმი უნდა, ხან სიღნაღი, ხან ქუთაისს აკეთებს ტურისტულ მექად - ინდუსტრიის ცენტრი ახლა ტურიზმის ცენტრი უნდა გახდეს და რა ვიცი... არ მგონია, თვითონ პრეზიდენტიც დაწყნარებული იყოს. გამოსვლებში აშკარად ეტყობა, გრძნობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დადგება, იცის, რომ მალე აღარ წამოვა ეს ტრანშები, სესხები და საჩუქრები, რომელსაც იღებდა და ასე არარაციონალურად იყენებდნენ. ვალი გვეზრდება, გადასახდელი გახდება ძალიან მალე და არაფერი საიმისო არ კეთდება, რას ვაპირებთ და ვტრაბახობთ", - დაასკვნის გოგი თოფაძე.

სტუდენტების დეფიციტი - წლევანდელი გამოცდების შემდეგ პროფესორ-მასწავლებელთა დიდი ნაწილი, შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს

"ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილთა კატასტროფულმა სიმრავლემ, შესაძლოა უმაღლეს სასწავლებლებში პროფესორ-ლექტორების უმუშევრობა, ქვეყნისთვის სასიცოცხლო დარგების დახურვა-კვდომა, თავად უმაღლესი სასწავლებლების არსებობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და გაისად უნივერსიტეტში სწავლის საფასურის შემცირება გამოიწვიოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სტუდენტების დეფიციტი / წლევანდელი გამოცდების შემდეგ პროფესორ-მასწავლებელთა დიდი ნაწილი, შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს.

"უმაღლესების უმრავლესობა წლის დაგეგმილთან შედარებით გაცილებით ნაკლებ სტუდენტს მიიღებს. მაგალითად, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 495 ვაკანტური ადგილი იყო და მათგან 357 შეუვსებელი დარჩა, ტექნიკურ უნივერსიტეტში კი წელს 5850 სტუდენტის მიღება იგეგმებოდა და მათგან ვაკანტური დარჩა 2690 ადგილი... როგორც ცნობილია, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 10 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ 36.421 დარეგისტრირებული აბიტურიენტიდან, დაახლოებით ყოველი მესამე ჩაჭრილია. წლეულს სტუდენტი 23 ათასამდე აბიტურიენტი გახდა, უმაღლეს სასწავლებლებში კი დარჩა 11 ათასზე მეტი ვაკანტური ადგილი, სადაც პირველადი განაცხადის შედეგად ვერც ერთი აბიტურიენტი ვერ მოხვდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"უნივერსიტეტებში ამდენი შეუვსებელი ადგილი აუცილებლად ამოიწვევს მათში პროფესორთა შემცირებას. თუ ამა თუ იმ სასწავლებელში საჭირო რაოდენობის სტუდენტები არ არიან, რად უნდათ ლექტორ-მასწავლებლები? ცხადია, გაუშვებენ კიდეც. ყველაზე მეტად სავალალო ის არის, რომ გაუქმდება მთელი რიგი სპეციალობები, როგორიცაა ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის დარგები - საერთოდ, საბუნებისმეტყველო მიმართულებები - თუკი ამა თუ იმ სპეციალობას არ ჰყავს კონტინგენტი, რასაკვირველია, დაიხურება. ეს ძალიან ცუდია. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ფიზიკაზე 150 აბიტურიენტს მაინც ვიღებდით. ახლა კი ერთიც არ მოდის. ახალგაზრდებს ამ მიმართულებით იმიტომ არ უნდათ სწავლა, რომ პერსპექტივას ვერ ხედავენ. შეუვსებელი დარჩა ტექნიკურ უნივერსიტეტში მთავარი სასიცოცხლო დარგები - მანქანათმშენებლობა, კავშირგაბმულობა, მეტალურგია, სამშენებლო დარგები. ტექნიკური უნივერსიტეტი კი ამ დარგების გარეშე რაღა ტექნიკური უნივერსიტეტია?" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ა/ო "სოლიდარობა განათლებული საქართველოსთვის" თავმჯდომარე, აკადემიკოსი თენიზ სანაძე.

"უმაღლეს სასწავლბლბში ამდენი ვაკანსია იმის შედეგია, რომ სკოლაში გამოტვინებული - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - მასწავლებლები ასწავლიან. ყველაფერი კი თავიდან იყო გავლილი: კარგი მასწავლებლები გაყარეს სკოლიდან, არაპროფესიონალები შემოყარეს და შედეგიც სახეზე გვაქვს. სანამ სკოლას არ მივხედავთ, უნივერსიტეტებზე და მეცნიერებაზე ლაპარაკი ზედმეტია. რასაკვირველია, ამდენი ვაკანსია აუცილებლად გამოიწვევს მასწავლებელ-პროფესორთა შემცირებას და შესაძლებელია სასწავლებლების დახურვაც კი. თუ სტუდენტები არ ჰყავს უნივერსიტეტს, რისთვის უნდა იარსებოს? სწორედ იმიტომ, რომ განათლება და მეცნიერება ჩვენთან არის სავალალო მდგომარეობაში, განვითარებული ქვეყნების საზოგადოება გვიყურებს, როგორც "დაჩმორებულ" ერს. შედეგად, მოდის აქ და მბრძანებლობს, რა უნდა გავაკეთოთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პროფესორი მერაბ ჯიბლაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ