ქსენია სობჩაკი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს ინტერვიუ ჩამოართვა, - ამის შესახებ რუსმა წამყვანმა ”ინტერფაქსს” განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იგი თბილისში შეხვდა და ერთ-ერთი ჟურნალისთვის ინტერვიუ ჩამოართვა.
”საქართველოში ორი დღე გავატარე. ნამდვილად შევხვდი მიხეილ სააკაშვილს და მისგან ინტერვიუ ავიღე, რომელიც აბსოლუტური ექსკლუზივი იქნება. მასთან ვისაუბრე როგორც პირად თემებზე, ასევე პოლიტიკაზე. ვფიქრობ, დაგეგმილი სამი გვერდის ნაცვლად ჟურნალში ამ ინტერვიუს 8 გვერდი დასჭირდება”, - განაცხადა სობჩაკმა.
მან ასევე დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი მაისურით მივიდა. ”საქართველოს პრეზიდენტი უცნაური, უჩვეულო ადამიანია, თავისი უცნაური პოზიციით”, - განაცხადა სობჩაკმა.
ქსენია სობჩაკი ცნობილი რუსი პოლიტიკოსის ანატოლი სობჩაკის შვილია.