სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა ქართველი კოლეგის, ქეთი დოლიძის წერილსა და მოწვევას არ გამოხმაურებია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქეთი დოლიძემ განუცხადა.
„ჯერ კიდევ შემოდგომაზე წერილით მივმართე და ვურჩიე, რომ ჩამოსულიყო და ჩვენი პრობლემების შესახებაც მოესმინა. მიმაჩნია, რომ როცა ასეთი ნიჭიერი რეჟისორი კონფლიქტზე ფილმს იღებს, ყველა მხარის ისტორიას უნდა გაეცნოს, რადგან მას კონფლიქტზე მხოლოდ რუსული მხარის ინფორმაცია აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირადად მე ჩავთვლი, რომ ის არასერიოზული რეჟისორია. დღემდე მისგან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა“, - განაცხადა ქეთი დოლიძემ
ამასთან, როგორც ქეთი დოლიძემ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაციით, კუსტურიცა საქართველოში აპირებს ჩამოსვლას, თუმცა, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას, ქართველი რეჟისორისთვის უცნობია.
„კუსტურიცა ძალიან მისტირის საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის დაშლას, ძალიან უყვარს რუსეთი, ნიკიტა მიხალკოვის აგარაკზე ხშირად ცხოვრობს და მოსკოვის კინოფესტივალის მუდმივი სტუმარია. ნუთუ, ის ქართულ კულტურას არ იცნობს და არ აინტერესებს, აქ რა მოხდა“, - კითხულობს ქართველი რეჟისორი.
მისივე შეფასებით, ქართული მხარე საინფორმაციო ომში გასამარჯვებლად არაფერს აკეთებს და მხოლოდ საგაზეთო სტატიებით და ნაკლებად მნიშვნელოვანი პიარკამპანიით შემოიფარგლება.
„ბოლო 30 წლის განმავლობაში; საინფორმაციო ომის მოსაგებად არაფერი გაგვიკეთებია. ჩვენ ფილმის გადასაღებად ოთარ იოსელიანსაც კი არ ვიწვევთ და პოზიციის გამოხატვა გაზეთების ფურცლებიდან, ღია წერილებით გვიხდება. არავინ დაიჯეროს, რომ ასეთ დიდ საინფორმაიო ომში სიმღერა „ფუთ ინ“-ით მოვიგებთ“, - განაცხადა ქეთი დოლიძემ.
რუსულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ემირ კუსტურიცა ცხინვალის კონფლიქტის შესახებ ფილმის გადაღებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. ფილმს ჟურნალისტ ფატიმა სალკაზანოვას მიერ მომზადებულ მასალებზე დაყრდნობით გადაიღებენ. მოქმედება უმთავრესად ცხინვალში განვითარდება.
;
;