რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ პოლონეთს კატინში პოლონელი ოფიცრების დახვრეტასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის კიდევ 20 ტომი გადასცა. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება.
ღონისძიებაში რუსული მხრიდან გენერალური პროკურატურის საერთაშორისო-სამართლებრივი განყოფილების ხელმძღვანელი სააკ კარაპეტიანი, პოლონური მხრიდან კი რუსეთში პოლონეთის საელჩოს მრჩეველ-რწმუნებული პეტრე მარჩინიაკი მონაწილეობდნენ.
"კატინის საქმე", რომელიც 1940 წელს დატყვევებული ათასობით პოლონელი სამხედრო მოსამსახურის დახვრეტას ეხება, წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ართულებდა.
აპრილის ბოლოს, პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განკარგულებით, პოლონელთა დახვრეტის შესახებ მასალების ელექტრონული ვერსია რუსეთის არქივმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
8 მაისს კი რუსეთმა პოლონეთს კატინთან დაკავშირებული #159 სისხლის სამართლის საქმის 67 ტომი გადასცა.