ფოთში, მე-11 საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩზე, რომლის დროსაც ერთმანეთს ადგილობრივი "კოლხეთი" და ბოლნისის "სიონი" ხვდებოდნენ, ინცინდენტი მოხდა .
88-ე წუთზე, მსაჯმა წითელი ბარათი "კოლხეთის" ფეხბურთელს ჯიქიას აჩვენა, რამაც ფოთელი გულშემატკივრის გაღიზიანება გამოიწვია. მათი ერთი ნაწილი ტრიბუნიდან სათამაშო მოედანზე გადავიდა, რათა მსაჯისთვის ფიზიკური შეურაცყოფა მიეყენებინა.
როგორც "კოლხეთის" მწვრთნელი ზაზა ინიაშვილი ამბობს, სპეციალური კორიდორის მეშვეობით, მსაჯთა შემადგენლობის მოედნიდან გაყვანა მოხერხდა. თუმცა, ამის შემდეგ, გულშემატკივრების შეკავება ვერ მოხერხდა და მათ ფიზიკური შეურაცყოფა ტელევიზიების გადამღებ ჯგუფებს მიაყენეს.
შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. ფოთის "კოლხეთის" ადმინისტრაციაში უჭირთ იმის თქმა, ამ ინცინდენტის გამო, დაისჯება თუ არა საფეხბურთო კლუბი.