საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ოპტიკურმა კომპანია "რონიკომ" სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ექსკლუზიური პროგრამა დაიწყო.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა მხედველობის უფასო დიაგნოსტიკას და ოპტიკურ სათვალეებსა და სასათვალე ლინზებზე 40%-იან ფასდაკლებას გულისხმობს.
პირველი აქცია განხორციელდა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
სერტიფიცირებულ მასწავლებლებს "რონიკოს" ოპტიკურ სალონში უახლესი სტანდარტების მაღალტექნოლოგიური აპარატურით მხედველობის დიაგნოსტიკა ჩაუტარდათ, კვალიფიციურმა ექიმ-ოფთალმოლოგებმა მათ შესაბამისი კონსულტაციები გაუწიეს. პედაგოგებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ შეღავათიან ფასებში შეეძინათ უმაღლესი ხარისხის ოპტიკური სათვალეები და სასათვალე ლინზები.
"რონიკო" ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებელს სთავაზობს მომსახურების განსაკუთრებულ პაკეტს. საშეღავათო პაკეტი მოიცავს: 100 ლარამდე ღირებულების ოპტიკურ ჩარჩოებს; 80 ლარამდე ღირებულების სასათვალე ლინზებს; მხედველობის უფასო დიაგნოსტიკას.
ფასდაკლებით სარგებლობა პედაგოგებს შეუძლიათ ერთჯერადად, 2010 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 თებერვლამდე (მიუხედავად სეზონური და სხვა ტიპის აქციებისა).