ქართველები ინგლისურის სწავლას რუსულის ხარჯზე იწყებენ, - ასეთი სათაურით სტატიას საქართველოში ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოსვლაზე "ბი-ბი-სი"-ის კორესპონდეტი ტომ ესლემონტი აქვეყნებს .
ჟურნალისტი ვაშინგტონიდან ჩამოსული მასწავლებლის ლიზა მაიორელოს მაგალითზე ჰყვება, თუ რატომ ჩამოიყვანეს ასეულობით პედაგოგი, რა მდგომარეობა დახვდათ და რას ელოდება საქართველოს ხელისუფლება მასშტაბური პროგრამისგან.
"ნაცრისფერი, ნაცრისფერი სასკოლო კედლები _ საბჭოთა ეპოქის პროდუქტი, ეპოქისა, როდესაც ყველა ბავშვი სწავლობდა რუსულ და ქართულ ენებს და რომლის დავიწყებაც ახალგაზრდა ქართველებს და ხელისუფლებას ერთნაირად უნდა. ისინი ქვეყნის რუსეთის ორბიტიდან გამოყვანას რევოლუციის შემდეგ, უკვე მეშვიდე წელია, ცდილობენ", _ წერს ესლემონტი.
ჟურნალისტის ხაზს უსვამს, რომ 2011 წლიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, ინგლისური ენა ყველა კლასში სავალდებულო საგანი გახდება.
"არ გვაქვს ბუნებრივი გაზი და ნავთობი, ჩვენთვის მთავარია ადამიანური რესურსი", _ ამბობს დიმიტრი შაშკინი.
ჟურნალისტი წერს, რომ შაშკინის ხედვას არაერთი კრიტიკოსი ჰყავს.
"მანანა პატირიძე, რუსული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი წუხს, რომ ტოლსტოის, დოსტოევსკისა და პუშკინის ენას საქართველოში ასე ექცევიან. "ჩვენ რუსული ენა არ უნდა დავივიწყოთ, რუსეთთან მჭიდრო კულტურული კავშირი გვაქვს და რუსული მეზობლის ენაა", _ ამბობს პატარიძე".
მინისტრის კრიტიკოსთა შორის "ბი-ბი-სი"-ს ჟურნალისტი ილიას უნივერსიტეტის პედაგოგს, სიმონ ჯანაშიასაც ასახელებს, რომლის აზრით, განათლების მოქმედი სისტემა ბოლომდე სამართლიანი არ არის და გაჭირვებულ მოსწავლეებს უმაღლესი განათლების მიღების საშუალებას უზღუდავს.
"ერთიანი გამოცდები რომ ჩააბაროთ, აუცილებლად დაგჭირდებათ რეპეტიტორის აყვანა, რათა კონკურენცია გაუწიოთ სხვა აბიტურიენტებს. ამიტომაც სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს ნაკლები შანსი აქვთ მოხვდნენ პოპულარულ უნივერსიტეტებში", _ ამბობს ჯანაშია.
ესლემონტს სტატიაში ოფიციალური სტატისტიკაც მოჰყავს და წერს, რომ 2008 წელს საქართველო ყველაზე ცოტა ფულს ხარჯავდა განათლების სფეროზე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, წელს კი მხოლოდ 4.5 მილიონი დოლარი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების შვილებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების პროგრამაზე დაიხარჯა.