პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ქვეყნის მეთაურის პოსტზე ყოფნის განმავლობაში, საბაჟო უწყება დღეს პირველად შეაქო.
"ეს უწყება ჯერ არასდროს შემიქია, მაგრამ იმის ფონზე, რაც აქ გაკეთდა, არ შემიძლია არ შევაქო საგადასახადო სისტემა და მისი ნაწილი - საბაჟო სამსახური", - განაცხადა სააკაშვილმა ლილოში, გაფორმების ახალი ეკონომიკური ზონის გახსნისას.
მისი თქმით, ყოველთვის, რაც ხდებოდა საბაჟოებზე, მისი განსაკუთრებული გულისწყრომის საფუძველი იყო. "ეს იყო აუღებელი ციხესიმაგრე; არაერთხელ ვყოფილვარ საბაჟო ტერმინალის არასასურველი სტუმარი; ჩასაფრებით, შეჭრით მივსულვარ, რამდენიმე საბაჟოს უფროსი მოვხსენი კიდეც ამ მოულოდნელი შემოწმების შედეგად; ეს იყო გამოძახილი იმ ათასობით გადამზიდავის უკმაყოფილებისა, რომლებსაც გამწარებული ჰქონდათ ცხოვრება იმ უამრავი პრობლემის გამო, რასაც ტერმინალში ხელოვნურად უქმნიდნენ", - განაცხადა მან.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამიერიდან გადამზიდავები და საქმიანი ადამიანები აქ მიიღებენ სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას, განსხვავებით იმისგან, რასაც დღემდე იყვნენ შეჩვეულები. მისი განცხადებით, გაფორმების ეკონომიკური ზონა მკვეთრად ამცირებს ბიუროკრატიას და ნაცვალდ სამი-ოთხი ინსტაციისა, გადამზიდავს საშუალება ექნება მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღოს.
"მინიმუმ განახევრდება განბაჟების მომსახურების ტარიფი – 450 ლარიდან 200 ლარამდე, ასევე, მკვეთრად შემცირდება მომსახურების დრო გადამზიდავებისთვის, რომლებიც მიჩვეულები იყვნენ დღეებისა და კვირეების განმავლობაში ლოდინს. ეს შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ ვიმეორებ, ამიერიდან განბაჟების პროცედურა ერთსაათიანი იქნება", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ეკონომიკური ზონის ახალი კადრებით დაკომპლექტების მნიშვნელობაზე და სისტემაში ახალი სულისკვეთების შესვლას მიესალმა. "აქ მოიყვანეს ახალგაზრდა, სიმპათიური ხალხი, უნივერსიტეტების წარჩინებულები, რომელთა ხელფასებიც 600-დან 1200 ლარამდეა; კარგია, რომ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ებმები შრომით საქმიანობაში და ახალი სულისკვეთება შეგაქვს სისტემაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე ცნობით, მსგავსი ეკონომიკური ზონები იანვარში ფოთსა და ბათუმშიც გაიხსნება.