სამარშრუტო ტაქსების გადამზიდავი კომპანიის გამოსავლენად თბილისის მერიაში 5 ლოტზე 8 განაცხადი შევიდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის საბუთების წარსადგენად 40-დღიანი ვადა ამოიწურა.
საკონკურსო კომისიის წარმომადგენლებმა, ნებართვის მაძიებლებთან ერთად, საჯაროდ გახსნეს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. საკონკურსო კომისია განიხილავს დოკუმენტაციას და გამარჯვებულს 2011 წლის პირველი თებერვლამდე დაასახელებს.
ტრანსპორტის საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან ტრანსპორტის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ქალაქის თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
თბილისის მერიამ კონკურსი 6 დეკემბერს გამოაცხადა.