თბილისში სამარშრუტო ტაქსებისთვის გამოცხადებულ ტენდერში ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა

თბილისში სამარშრუტო ტაქსებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული 4 კომპანია გამოვლინდა. გადამყვანი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი მერიაში ამ წუთებში დასრულდა . ტენდერში გამარჯვებულად დასახელდა: შპს "თბილ ლაინი", შპს "კაპიტალ გრუპი", შპს "თბილ ქარი" და შპს "ფაბლიქ ქარი".

თბილისის მერიის ინფორმაციით, მათ საკონკურსო განაცხადში თანამედროვე სტანდარტების, 2011 წელს წარმოებული მანქანები წარმოადგინეს. ტენდერის მიხედვით, მიკროავტობუსში ელექტრონული გადახდის აპარატი დამონტაჟდება, რადგან დაგეგმილია სამარშრუტო ტაქსების გადახდის ერთიან საბარათე სისტემაში გაერთიანება. ახალი მიკროავტობუსით მგზავრობისას თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირები ყველა იმ შეღავათით ისარგებლებენ, რომლითაც ისინი დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას სარგებლობენ.

დედაქალაქის მერიის განცხადებით, გამარჯვებული კომპანიები ვალდებულებას იღებენ, პირველ ეტაპზე ყველა ის მძღოლი დაასაქმონ, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ. აღნიშნული პირობა კონკურსანტებს თბილისის მერიამ საკონკურსო განაცხადით დაუწესა.

სხდომას სატენდერო კომისიის წევრების გარდა მასში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტრანსპორტის საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში ტრანსპორტის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ქალაქის თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციური პარტიების დეპუტატები შედიოდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მერიაში შექმნილი სპეციალური სატენდერო კომისიის წევრმა, ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელმა ლავრენტი ალანიამ განუცხადა, სულ გამოცხადებულ 5 ლოტზე 8 განაცხადი 7 კომპანიას ქონდა შეტანილი. შედეგების მიხედვით ორ ლოტზე: ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის ლოტებზე "თბილ ლაინმა" გაიმარჯვა, ძველი თბილისი-დიდგორის რაიონში გადაზიდვებს "კაპიტალ გრუპი" განახორციელებს, ისან-სამგორში _ "ფაბლიკ ქარი", დიდუბე ჩუღურეთში კი _ "თბილქარი".

ალანიას განცხადებით, გამარჯვებული კომპანიები სპეციალურად შედგენილი ფორმულის შედეგად გამოვლინდნენ. კერძოდ, კომპანიებს გადასაყვანი საშუალებების ხარისხის და სხვა პირობების მიხედვით ქულები ენიჭებოდათ.

ტრანსპორტის პროფავშირის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ხვალ გაერთიანებული პროფესიული კავშირების ოფისში იწვევენ გამარჯვებული კომპანიებისა და მერიის წარმომადგენლბს, რათა მათთან ერთად მემორანდუმის გაფორმებაზე იმსჯელონ. ალანიას თქმით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს ამჟამად ქსელში არსებული დახლოებით 3500-მდე სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. დღეისათვის თბილისში სულ 260 სამარშრუტო ხაზია.

თბილისის მერიამ გადამყვანი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი 6 დეკემბერს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის საბუთების წარსადგენად 40 დღიანი ვადა 14 იანვარს ამოიწურა.