გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, თბილისის #51–ე საჯარო სკოლაში ინტერნეტით აბიტურიენტთა რეგისტრაციის სისტემის პრეზენტაციას გამართავს.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, 2011 წელს აბიტურიენტებს შუძლიათ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ინტერნეტით გაიარონ. ონლაინ-რეგისტრაციისთვის აბიტურიენტი 14 თებერვლიდან უნდა ეწვიოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდს www.naec.ge ან online.naec.ge.
ინტერნეტით რეგისტრაციის უპირატესობებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ აბიტურიენტს შეუძლია არაერთხელ შეცვალოს საკუთარი არჩევანი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე. გარდა ამისა, ინტერნეტით რეგისტრაციისას აბიტურიენტი მაქსიმალურად დაცულია მექანიკური შეცდომებისგან. ასევე, აბიტურიენტებს შეუძლიათ საკუთარ სკოლებში (სკოლადამთავრებულებმა რესურსცენტრებში) შეავსონ სარეგისტრაციო ანკეტა.
გამოცდების ეროვნული ცენტრი რეგისტრაციის პროცესს 14 თებერვალს დაიწყებს. საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტების საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციაც 14 თებერვალს დაიწყება და 25 მარტს შეწყდება.