ხვალ საქართველოს პირველ კონსტიტუციას 90 წელი უსრულდება. საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების ისტორიასა და მნიშვნელობაზე "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, პოლიტოლოგ მალხაზ მაცაბერიძეს ესაუბრა.
_ 21 თებერვალს 90 წელი სრულდება საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან, რა შეიძლება ითქვას ამ ფაქტის შესახებ?
_ 1921 წლის 21 თებერვალს, როდესაც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ თავის საგანგებო სხდომაზე ერთხმად მიიღო კონსტიტუცია, თბილისის მისადგომებთან ბრძოლები მიმდინარეობდა. იმდროინდელ გაზეთებში გამოქვეყნდა მოკლე ცნობები ამ დიდმნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ: "გუშინ დამფუძნებელმა კრებამ გამართა საგანგებო სხდომა კონსტიტუციის მისაღებად", _ იუწყებოდა გაზეთი "საქართველო". "თებერვლის 21-ს საღამოს სხდომაზე დამფუძნებელმა კრებამ ზარბაზნების გრიალში და ომის ალში გახვეულმა დაამთავრა კონსტიტუციის განხილვა და საბოლოოდ მიიღო ის", _ აღნიშნავდა "სახალხო საქმე". გაზეთი "ერთობა" წერდა: "ზარბაზნების დგანდგარში და ტყვიის ზუზუნში მოუხდა დამფუძნებელ კრებას დაწყებული საშვილიშვილო საქმის დამთავრება... დღეს საქართველოს აქვს თავის კონსტიტუცია, თავის პოლიტიკური სახე, რომლითაც იგი თამამად და ამაყად წარდგება მსოფლიოს წინაშე".
1921 წლის 21 თებერვალს, როდესაც კონსტიტუციას ღებულობდნენ, ქართული საზოგადოების განწყობა არ ყოფილა დამარცხების გარდუვალობით გამსჭვალული. პირიქით, ფიქრობდნენ, რომ მტრის შემოტევის მოგერიება ამჯერადაც მოხერხდებოდა და საქართველო შეძლებდა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზის გაგრძელებას.
კონსტიტუციის პროექტის განხილვა დამფუძნებელმა კრებამ 1920 წლის 24 ნოემბერს დაიწყო. იმდროინდელ მმართველ პარტიას, სოციალ-დემოკრატებს, რომელთაც დამფუძნებელ კრებაში საკონსტიტუციო უმრავლესობა ქონდათ, შეეძლოთ კონსტიტუციის მიღება მოკლე ვადაში, მაგრამ საჭიროდ ჩათვალეს კონსტიტუციურ საკითხებზე ფართო დისკუსიის გამართვა და ყველა ოპოზიციურ ძალას მიეცა საშუალება თავისი მოსაზრებები დაწვრილებით წარმოედგინათ. ამან ბუნებრივია, კონსტიტუციის მიღება გააჭიანურა
საბჭოთა რუსეთის თავდასხმა რომ არა, კონსტიტუციის მიღებას, სადღაც გაზაფხულზე დაამთავრებდნენ, შეიძლება 12 მარტისთვის _ დამფუძნებელი კრების გახსნის დღისათვისაც დაემთხვიათ. შემოდგომაზე კი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა. კონსტიტუციის 61-ე მუხლში ნათქვამი იყო: "პარლამენტი იკრიბება ყოველწლივ ნოემბრის პირველ კვირა დღეს. ახალი პარლამენტის არჩევნები ინიშნება შემოდგომაზე, ერთსა და იმავე დროს მთელს რესპუბლიკაში, იმ ვარაუდით, რომ ახლად არჩეული დეპუტატები დაესწრნენ პარლამენტის გახსნას". სამწუხაროდ,
მოვლენები, სხვანაირად წარიმართა..
_ ისე გამოვიდა, რომ ამ კონსტიტუციით საქართველომ ცხოვრება ვერ მოასწრო, 25 თებერვალს ხომ თბილისში რუსეთის წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ და ეს დღე საქართველოს გასაბჭოების თარიღად იყო მიჩნეული.
_ 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთ-საქართველოს ომი არ დამთავრებულა და ის კიდევ დაახლოებით სამი კვირა გაგრძელდა და ქართულ არმიას გარდა ბოლშევიკებისა, თურქების წინააღმდეგაც მოუხდათ ბრძოლა.
რაც შეეხება 1921 წლის კონსტიტუციის მიხედვით ცხოვრებას, ამ კონსტიტუციის უშუალო მოქმედების პერიოდად შეიძლება მივიჩნიოთ მოკლე დრო _ 21 თებერვლიდან 17 მარტამდე, როდესაც ბათუმში მყოფმა საქართველოს მთავრობამ დატოვა ქვეყნის ტერიტორია. აღსანიშნავია ისიც, რომ ომის პირობებში მიღებული კონსტიტუციის ტექსტი ცალკე ბროშურად ბათუმში გამოიცა.
რა თქმა უნდა, ომის პირობებში კონსტიტუციის სრულფასოვან მუშაობაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც რომ 1921 წლის კონსტიტუციის შემუშავების დროს მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდნენ იმდროინდელი საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების პრაქტიკას. ის ინსტიტუტები და პოლიტიკური ცხოვრების წესები, ადამიანის უფლებები, მოკლედ თითქმის ყველაფერი, რასაც ამკვიდრებდა 1921 წლის კონსტიტუცია ფაქტობრივად არსებობდა და მოქმედებდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. საქართველოს საბჭოურმა ოკუპაციამ და კომუნიზმის მშენებლობის ბოლშევიკურმა ექსპერიმენტმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველო და ის რეალობა, რასაც ემყარებოდა 1921 წლის კონსტიტუცია.
_ როგორი უნდა ყოფილიყო საქართველო 1921 წლის კონსტიტუციის თანახმად?
_ საქართველოს დამფუძნებელ კრებაში დომინირებდნენ სოციალისტური პარტიები, მარტო სოციალ-დემოკრატიულ პარტიას 130 წევრიან დამფუძნებელ კრებაში 103 ადგილი ქონდა მოპოვებული. შესაბამისად, კონსტიტუციის შემუშავების დროს მნიშვნელოვანწილად გათვალისწინებული იყო ამ პარტიის იდეოლოგიური და პოლიტიკური დოქტრინა. იმდროინდელ მმართველ პარტიას მიაჩნდა, რომ არსებულ პირობებში, საქართველოში შეუძლებელი იყო მათი პარტიული დოქტრინით გათვალისწინებული "სოციალიზმის მშენებლობაზე" გადასვლა. ხელისუფლებაში ყოფნა კი იმის შესაძლებლობას აძლევდათ, რომ შეექმნათ ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც მაქსიმალურად დაცული იქნებოდა მოქალაქეთა უფლებები. გარდა პოლიტიკური უფლებებისა, 1921 წლის კონსტიტუცია მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც სოციალურ-ეკონომიკური უფლებები დაფიქსირდა.
საქართველოს პოლიტიკური სისტემა კი შემდეგნაირად წარმოედგინათ: საყოველთაო საარჩევნო უფლების საფუძველზე პროპორციული საარჩევნო სისტემით პარლამენტი სამი წლით უნდა არჩეულიყო. პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც "დემოკრატიისთვის შეუფერებელი" უარყვეს, მაგრამ შესაძლო საპარლამენტო კრიზისების და პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში მმართველობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად პარლამენტი ერთი წლით ირჩევდა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელსაც პრეზიდენტის გარკვეული უფლებები ქონდა მინიჭებული. თავმჯდომარის არჩევა ზედიზედ ორი ვადით შეიძლებოდა, ესეც "მაქსიმალური დემოკრატიის" უზრუნველსაყოფად.
1921 წლის კონსტიტუცია ამკვიდრებდა ფართო ადგილობრივ თვითმმართველობას, უზრუნველყოფდა ეროვნული უმცირესობების ფართო უფლებებს, რომელთაც ყველაფერი შეეძლოთ თავიანთი ეროვნული ინტერესების დასაკმაყოფილებლად, გარდა "სახელმწიფოს მშენებლობისა სახელმწიფოში". 1921 წლის კონსტიტუციის ფუძემდებლებმა უარყვეს ფედერალიზმი, როგორც საქართველოსთვის მიუღებელი, "განაპირა მხარეების" შემოსამტკიცებლად და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მისაღწევად შემოიტანეს ავტონომიის პრინციპი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად ენიჭებოდა ბათუმის მხარეს, აფხაზეთს და საინგილოს.
გზა, რომელზედაც იდგა საქართველოს იმდროინდელი მმართველი პარტია, არსებითად მიემართებოდა იქითკენ, რაც შემდეგ გაიარეს რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა "სოციალური სახელმწიფოს" მშენებლობის მიმართულებით.
_ რა დამოკიდებულება იყო 1921 წლის კონსტიტუციის მიმართ საბჭოთა პერიოდში?
_ საბჭოთა რეჟიმისათვის, ბუნებრივია, მიუღებელი იყო კონსტიტუცია, რომელიც ამკვიდრებდა დემოკრატიას და საქართველოს სუვერენულ უფლებებს. 1921 წლის კონსტიტუცია არა მარტო "გაუქმებულად" გამოცხადდა, არამედ საგულდაგულოდ გადაიმალა. საბჭოთა პერიოდის სახელმძღვანელოებში მასზე მხოლოდ გაკვრით და ტენდენციურად იწერებოდა.
თუმცა, 1921 წლის კონსტიტუციისთვის გარკვეულწილად ანგარიშის გაწევა საბჭოთა რეჟიმსაც მოუხდა. მაგალითად, საქართველოს ყველა საბჭოთა კონსტიტუციაში შევიდა მუხლი, რომელიც ქართულ ენას სახელმწიფო ენად აცხადებდა.
ქართველი ხალხისთვის კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია იქცა სიმბოლოდ იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო, რომელსაც საბჭოთა რეჟიმმა არსებობა არ აცალა.
XX საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში, "პერესტროიკის" დროს, როდესაც საბჭოთა რეჟიმმა გარკვეული ლიბერალიზაცია განიცადა, საქართველოში ეროვნულმა მოძრაობამ აქტიურად დაიწყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის გახსენება. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა წარმოდგებოდა როგორც საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის და ფაქტობრივი ანექსიის შედეგების დაძლევა. ამ პერიოდში ბევრი რამ დაიწერა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაზეც.
_ როგორია 1921 წლის კონსტიტუციისადმი დამოკიდებულება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ?
_ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას საფუძვლად უდევს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომლის შემდეგაც 20 წელი გადის. რეფერენდუმზე გამოტანილი კითხვის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა განიხილებოდა როგორც აღდგენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა. აღდგენილი იქნა იმდროინდელი სიმბოლიკა (დროშა, გერბი, ჰიმნი), განსხვავებული იყო 1921 წლის კონსტიტუციისადმი დამოკიდებულება. ამ კონსტიტუციის მიღებიდან შვიდი ათეული წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა წარმოდგენები ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ, ისევე როგორც განვითარდა მსოფლიო კონსტიტუციონალიზმი. ამდენად ქვეყნის ახალი კონსტიტუცია უნდა შემუშავებულიყო 1921 წლის კონსტიტუციის საფუძველზე. მემკვიდრეობითობა ბევრ რამეში პირობით ხასიათს ატარებდა, მაგრამ რიგი მუხლები პირდაპირ იქნა გადმოტანილი საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაში.
1921 წლის კონსტიტუციაში აისახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი ცხოვრების პრაქტიკა, ეპოქის მისწრაფებები და შეხედულებები. მას შემდეგ განვლილმა ცხრა ათეულმა წელმა ბევრ იმდროინდელ კითხვას გასცა პასუხი, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქართული საზოგადოებაც, მაგრამ 1921 წლის კონსტიტუციის ფუძემდებელთა თვალსაზრისის გადმოცემისას ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია რაიმეს შელამაზება ან შესწორება, იმისდა მიხედვით, თუ, "რა მოგვეწონება" დღეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, მიუხედავად თავისი ხანმოკლე არსებობისა, დიდი ზეგავლენა მოახდინა ქართველი ხალხის ცნობიერებაზე. 1918-1921 წლებში საფუძველი ჩაეყარა იმ ტრადიციას, რასაც ემყარება თანამედროვე საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"