საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალიოშა ბაკურიძე თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოდან აცნობეს, მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი სამართლებრივი (შედარებითი) კვლევების წარმართვას, კონსტიტუციური უფლებების და საკონსტიტუციო სამართლის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო საქმიანობას, სტუდენტებისა და იურისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
მემორანდუმით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სტუდენტები სასწავლო და პროფესიულ პრაქტიკას საკონსტიტუციო სასამართლოში გაივლიან. ასევე, ერთობლივად დაიგეგმება და განხორციელდება სამეცნიერო სემინარები და კონფერენციები, მომზადდება სამეცნიერო გამოცემები.